45 წლის სპეციალისტმა მდგომარეობა უეკთესობისკენ ვერ შეცვალა და კლუბმა ლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა "ჰალმშტადტის" წინააღმდეგ.
ორმატჩიან დაპირისპირებაში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, "ჰელსინგბორგი" პირველ შეხვედრას გასვლაზე იგებდა და ბოლოსკენ 10-კაციანი მეტოქისგან მაინც გაუშვა - 1:1. საპასუხო მატჩში კი 82-ე წუთზე დაწინაურდა, თანაც ჰენრიკ ლარსონის ვაჟის, ჯორდანის გოლით, მაგრამ…
"ჰალმშტადტის" რიგებში 20 წლის მცველმა მარკუს მატიისენმა გაიბრწყინა - 87-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა,
საფინალო სასტვენის მერე დავიდარაბა, ჩხუბი, გარჩევა და აყალმაყალი იყო. მთავარი კი ის გახლდათ, რომ რამდენიმე ნიღბიანი ხულიგანი მინდორზე შეიჭრა და ისინი 19 წლის ჯორდანს მაისურის გახდას უპირებდნენ და ეჩხუბებოდნენ, იქამდე მას ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მათთან მივიდა თავად ჰენრიკი და კინკლაობა უფროს ლარსონთან გაგრძელდა.
სიტუაცია დაძაბული იყო სტადიონის სიახლოვესაც, მოხდა შეტაკებები ფანებსა და სამართალდამცველებს შორის და ასევე, "ჰელსინგბორგისა" და "ჰალმშტადტის" გულშემატკივრებს შორის.
ლარსონი კი გულგატეხილი დარჩა და უკვე იმასაც ამბობენ, მარტო კლუბი კი არა, შეიძლება მთლიანად ქალაქი დატოვოსო. თუმცა მატჩის მერე ლარსონმა სხვა სახის განცხადება გააკეთა:
"მესმის მათი გრძნობები და ეს წარუმატებლობა მართლაც ძნელად გადასატანია. ამიტომაც მივედი იმ ფანებთან. თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი არ გახლდათ და ჯობდა, თავი შემეკავებინა. მეორე მხრივ, მე არ დამინახავს, რომ ისინი ჯორდანს ესხმოდნენ თავს.
ამ ქალქში დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება მინდა და იმედია, ეს გამოხტომა და მუქარები, ცხელ გულზე ჩადენილი მცდარი საქციელი იყო და ისინი ამას გაიაზრებენ. ხოლო თუ ხულიგნები სახლში მოვლენ, მოვიდნენ… - ჩვენ ბევრი ძაღლი გვყავს" - განაცხადა ჰენრიკმა.
უმცროსი ლარსონი საბოლოოდ, დაცვის ესკორტით გაიყვანეს მინდვრიდან, უფროსი კი მუშტმოღერებული ელოდა რამდენიმე მოჩხუბარს, რომლებიც მისკენ იქაჩებოდნენ, მაგრამ მათი შეკავება მოახერხეს.
"ჰელსინგბორგის" სპორტულმა დირექტორმა მატს-ოლა შულცემ კი აღნიშნა, რომ კლუბი ყველანაირად გმობს და ემიჯნება ხულიგნების საქციელს და ასეთ ვაიფანებს "ჰელსინგბორგთან" არანაირი კავშირი არ აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"