29 ნოემბერს კოლუმბიაში, მედელინის სიახლოვეს ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 72 მგზავრი იყო. მგზავრთა შორის იყვნენ ბრაზილიური სერია A-ს კლუბ "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები. გუნდი კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა კოლუმბიაში "ატლეტიკო ნასიონალის" წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ კატასტროფას 75 ადამიანი შეეწირა. თავიდანვე ცნობილი იყო მგზავრების სია (გარდა ფეხბურთელებისა, ეკიპაჟის 9 წევრისა). თვითმფრინავში იყვნენ კლუბის ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის
"შაპეკოენსე" შედარებით ახალი კლუბია, რომელიც 2009 წლამდე სერია D-ში თამაშობდა. კლუბის 7-წლიან აღმასვლას კი მოჰყვა ეს ფინალი, რომლამდეც გუნდმა ვერ მიაღწია. კოლუმბიური მატჩი ამ პატარა კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.
რა მოხდა?
კოლუმბიური წყაროების მიხედვით, ბრაზილიურმა "გლობომ" დაწერა, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟთან კონტაქტი აეროპორტამდე 30 კილომეტრის მანძილზე შეწყდა. თვითმფრინავი ჯერ სან პაულუდან ბოლივიაში ჩაფრინდა და იქიდან აიღო კურსი კოლუმბიისკენ. ბოლოს პილოტები თვითმფრინავის ელექტროხელსაწყოების გაუმართავ მუშაობას იტყობინებოდნენ. ზოგიერთი ვერსიით, კატასტროფა ბენზინის სიმცირემ გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავე ნისლია.თვითმფრინავი ქალაქ ლა იუნიონის სიახლოვეს ჩამოვარდა. პილოტების ძალისხმევით, თვითმფრინავი ისე დაეცა, რომ არ აფეთქებულა, რამაც სავარაუდოდ, 5 ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
სხვათა შორის, თვის დასაწყისში სწორედ ამ თვითმფრინავით იფრინა არგენტინის ნაკრებმა. ძირს დანარცხებული ორ ნაწილად გაიხლიჩა. ისე, ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის ეს რიგით მე-10 კატასტროფაა.
სამაშველო სამუშაოებში ასამდე ადამიანია ჩართული. ქალაქ ლა იუნიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადარჩენილებს, ტყიანი მასივის გამო, ვერტმფრენებით ეძებდნენ.
გადარჩენილები
მედიაში ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგი ვერსიით, 6 ადამიანი გადარჩა, ზოგი ვერსია 10 ადამიანს ასახელებს (5 გადარჩენილია ჯერჯერობით დადასტურებული). ფაქტია, რომ ლა სეხას საავადმყოფოში მიიყვანეს "შაპეკოენსეს" მცველი ალან რუშელი. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ამბობდნენ, რომ გადარჩა მეკარე დანილო პადილიაც, მაგრამ ის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გადარჩა მეორე მეკარე ჯექსონ ფოლმანი, რომელსაც ექიმებმა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. თავის უმძიმესი ტრავმით ჰოსპიტალშია მცველი ნეტუ.
გადარჩენილია გამცილებელი ქალი ხიმენა სუარესი, ჟურნალისტი რაფაელ ჰენცელი და ავიატექნიკოსი ერვინ ტუმერი.
სხვათა შორის, "შაპეკოენსეს" 9 ფეხბურთელი ფინალზე არ წაიყვანეს და ბრაზილიაში დატოვეს.
ბრაზილიური ლესტერი
"ჩვენი გუნდი მართლაც წააგავს "ლესტერს". ჩვენც პატარა ქალაქიდან ვართ. ჩვენც ძალიან გვინდა მოვიგოთ მნიშვნელოვანი ტიტული. მე ძალიან მინდა მივაღწიო რამეს ამ ფეხბურთელებთან ერთად", - ამბობდა ფინალის წინ მწვრთნელი კაიო ჟუნიორი, რომელიც, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი, დაიღუპა...* * *
მაშველებმა თვითმფრინავის ორივე "შავი ყუთი" უკვე იპოვეს, ისინი დაუზიანებელია.* * *
"უემბლის" სტადიონი ბრაზილიური კლუბის ფერებში გაანათეს წარწერით: "ფორცა შაპე". * * *
ბრაზილიური "გრემიო" გამოვიდა წინადადებით, რომ ჩემპიონატის ყოველმა გუნდმა "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები დაუთმოს, რომ გუნდმა ჩემპიონატში ასპარეზობა შეძლოს.* * *
პელე: "ბრაზილიური ფეხბურთი გლოვაშია, ეს უდიდესი ტრაგედიაა". * * *
ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტური 11 დეკემბრისთვის გადაიდო.* * *
ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.* * *
ფინალის მეორე მონაწილემ, კოლუმბიურმა "ატლეტიკო ნასიონალმა" გამოთქვა ინიციატივა, რომ თასის გამარჯვებულად "შაპეკოენსე" გამოცხადდეს.* * *
"ელ ტიემპოს" ინფორმაციით, "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები კომერციული რეისით არ უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ კლუბს კოლუმბიაში ჩარტერული რეისით გაფრენა აუკრძალა. * * *
დაღუპულთა შორის არის "შაპეკოენსეს" კაპიტანი კლებერ სანტანა, რომელიც ადრე მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"