რომან ჭანტურიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა რომან ჭანტურიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჭანტურიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის მაისურს უსახსოვრებს.

ჭანტურიამ ლაშა ჯარიაშვილის კითხვა მოიწონა: "შენი ახლობლებიდან ვინ მოახდინა გავლენა იმაზე, რომ შენ გადადგი ეს მეტად თამამი ნაბიჯი და პატარა ასაკშივე წახვედი უცხო ქვეყანაში, რადგან ბევრი მაგალითია, როცა ასე იქცევიან და საბოლოოდ არაფერი გამოსდით, ბევრიც ამტკიცებს, რომ ჯერ საქართველოში უნდა მიაღწიო წარმატებას და მხოლოდ შემდეგ იფიქრო წასვლაზე. შენ რას ფიქრობ?"

კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით
რედაქცია თავად დაუკავშირდება.

მკითხველი:
- საქართველოს ძალიან ძლიერი 21-წლამდელთა ნაკრები ჰყავს, რომლებიც, რაც მთავარია, გუნდურად და შედეგზე ორიენტირებულად თამაშობენ. შენი აზრით, რა განსხვავებაა "ემპოლის" 21-წლამდელთა გუნდსა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შორის ფიზიკურ მომზადებასა და სწრაფ თამაშში? მგონი, ნელ-ნელა ქართველები ვეწევით ამ კუთხით ევროპელებს...
- მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრები სწრაფ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. იმასაც კი ვერ ვიტყვი, რომ "ემპოლის" 21-წლამდელთა გუნდი საქართველოს 21-წლამდელებზე უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს...

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან! სასიხარულოა შენი "ემპოლის" ძირითად გუნდში მოხვედრა და იმედია, სეზონის ბოლოს გიხილავთ მოედანზეც. შეკითხვა: საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არცთუ ისე ურიგოდ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შემდგომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რატომღაც იკარგება. შენი აზრით,  რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო ახალგაზრდა ტალანტების შემდგომი განვითარებისთვის გარდამავალ პერიოდში იუნიორებიდან დიდ ფეხბურთში გადასასვლელად? მადლობა, წარმატებებს გისურვებ!
- თავდაპირველად, მსურს აღვნიშვნო, რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამორჩეული და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. იუნიორებიდან დიდ ფეხბურთამდე სათამაშოდ მართლაც დიდი გზაა გასასვლელი, ოფლით სავსე შრომაა გასაწევი, ამისთვის კი ბევრი რამის დავიწყება და მთელი არსებით იმაზე ფიქრია საჭირო, რასაც დიდი ფეხბურთი ჰქვია!

მკითხველი:

- თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ! ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, დავიხარჯო იმ მაისურით, რომლითაც ვთამაშობ. არა მგონია, როცა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვიქნები, არ გამომიძახონ. ველოდები შანსს, შემდგომ კი მის გამოყენებას ვეცდები.

მკითხველი:
- როგორ წარმოგიდგენია შენი და შენი ნიჭიერი თაობის მომავალი ეროვნული ნაკრები 2020-22 წლებისთვის? გამოვა ქართული ფეხბურთი ამ დაუსრულებელი კრიზისიდან?
- მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად! ჩვენს სამშობლოს არცერთ ქვეყანაზე ნაკლები თაობა არ ჰყავს. ერთსულოვნებითა და გვერდში დგომით, ვფიქრობ, ყველაფერს მივაღწევთ.

მკითხველი:
- როდის შეძლებ, კონკურენცია გაუწიო საქართველოს ნაკრების თავდასხმის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელებს?
- როგორც კი ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მზად ვიქნები, ღირსეული კონკურენცია გავუწიო ნაკრებში არსებულ თავდასხმის ხაზს.

მკითხველი:
- ისურვებდი თუ არა, რომ დაბადებულიყავი სხვა ქვეყანაში, რომელშიც შედარებით მეტადაა განვითარებული ფეხბურთი და რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრების მაისური (თუნდაც ახალგაზრდულის)?
- ბედნიერი ვარ საქართველოში დაბადებით! მადლიერი ვარ ჩემი ქვეყნის, რადგან მაქვს უფლება და შესაძლებლობა, გულთან მისი გერბი მეხატოს. ზოგადად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობა დიდი პასუხისმგებლობაა.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ მთავარ გუნდში დამსახურებულად მოხვედრას. შენი აზრით, შეძლებ მჭედლიძესთან ერთად "ემპოლის" ძირითადში დამკვიდრებას და ვის მიიჩნევ კლუბში მთავარ კონკურენტად?
- მოლოცვისთვის მადლობას გიხდით. ჩემი დიდი სურვილია, რომ "ემპოლის" ძირითადში ლევანთან ერთად ვითამაშო და, ვიმედოვნებ კიდეც, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება.

მკითხველი:
- გაუმარჯოს, რომან! ვფიქრობ, უკვე კარგა ხანია, იმსახურებდი მთავარ გუნდში მოხვედრას და იმედი მაქვს, მალე დებიუტიც გექნება. როგორ ფიქრობ, "ემპოლს" შესწევს იმის ძალა, რომ იბრძოლოს ევროტურნირებისთვის და შენს თავს სად ხედავ მომავალში, რომელ ჩემპიონატში გსურს თამაში? მადლობა. უფალი გფარავდეს!
- "ემპოლი" ახალგაზრდებით დაკომპლქტებული გუნდია, რომელიც ყველა გუნდთან სწორ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. გამომდინარე აქედან, მგონია, რომ შესწევს ამ გუნდს ევროტურნირებზე თამაშის ძალა. სწორედ ამ გუნდის მაისურით მსურს სერია "ა"-ში ადგილის დამკვიდრება. ზოგადად, სურვილი კი პრემიერლიგაში თამაშის მაქვს.

მკითხველი:
- რომან, როგორ ფიქრობ, გექნება თუ არა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა "ემპოლიში" და თუ არა, ხომ არ გირჩევნია, ერთი სეზონით იჯარით მიაშურო სხვა კლუბს?
- სათამაშო პრაქტიკა ფეხბურთელისთვის უდიდეს როლს თამაშობს. თუ დროდადრო შევატყე, რომ სათამაშო პრაქტიკა, რომელსაც ჩემი განვითარება საჭიროებს, არ მყოფნის, აუცილებლად წავალ იჯარით.

მკითხველი:
- პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ და მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად სერია "ა"-ში სათამაშოდ?
დიდი ხანია უკვე, იმ ფეხბურთელებთან მაქვს კავშირი, რომლებიც სერია "ა"-ში მაღალ დონეზე თამაშობენ. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კი, მზად ვარ ამ ჩემპიონატში სათამაშოდ!

მკითხველი:
- არის თუ არა რომან ჭანტურია "ემპოლის" ახალი მასიმო მაკარონე?
- არ არის აუცილებელი, მომავალი მასიმო მაკარონე ვიყო - ვარ რომან ჭანტურია და ამით ვამაყობ!

მკითხველი:
- სალამი, რომან. წარმატებები "ემპოლიში"! რომელ კლუბთან დაპირისპირებაში ისურვებდი სერია A-ში გოლის გატანას?
- ჩემთვის ნებისმიერი გატანილი გოლი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ალბათ... "იუვენტუსთან".

მკითხველი:
- რომან, გამარჯობა. როგორ ფიქრობ, მომავალ სეზონში რამდენად შესაძლებელია,  შენი და ლევანის ტანდემი ვიხილოთ "ემპოლის" თავდასხმის ხაზში? ხართ თუ არა შეთამაშებული სათანადოდ და მზად ამგვარი რეალობისთვის? წარმატებები კარიერაში!
- სერია "ა"-ში ორი ქართველის თამაში ძალიან კარგი იქნება. შეთამაშებულები, რა თქმა უნდა, ვართ და იმედი მაქვს, მოგვიწევს ერთად თამაში.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლევან. გეხმარება თუ არა ქართული მენტალიტეტი უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად თუ პირიქით, სადაც ხარ, იქაური ქუდის მორგება გმართებს? დამდეგ ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ, უფალი გფარავდეს. ქრისტე აღდგა!
- ჭეშმარიტად აღდგა! ძალიან მეხმარება ქართული მენტალიტეტი აქ ადგილის დამკვიდრებაში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია.

მკითხველი:
- რომან, იცი, რომ "ემპოლიმ" უკვე გაინაღდა სერია "ა"-ში დარჩენა... როგორ ფიქრობ, მომავალ სეზონში იბრძოლებს "ემპოლი" ევროთასებისთვის? შენს დებიუტს ველით...
- "ემპოლიმ" სერია "ა"-ში დარჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. ამ გუნდს ნამდვილად დიდი ძალა და უნარი შესწევს მომავალ სეზონში ევროტურნირებისთვის საბრძოლველად.

მკითხველი:
- ბუფონს რომ გაუტანო გოლი, ეგ იქნება შენს კარიერაში ამ ეტაპზე გამორჩეული მომენტი თუ გაქვს უფრო გამორჩეული გოლი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ?
- დიდი სიხარული იქნება ისეთი ლეგენდისთვის გოლის გატანა, როგორიც ჯანლუიჯი ბუფონია.

მკითხველი:
- მოგესალმები. სერია "ა" ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა  შენთვის, სერია "ბ"-ში რომ გესინჯა ძალები ერთი სეზონით ისეთ გუნდში, სადაც ძირითადში რეგულარულად ითამაშებდი? არის თუ არა მჭედლიძე შენი კონკურენტი?
- ჯერჯერობით აქ ვარ, იტალიაში, სერია "ა"-ში. აუცილებლად მექნება სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ თუ ისეთი დროც დადგა, როცა მიხვდები, რომ არ ვარ ჯერ ამ დონეზე, წავალ იჯარით სერია "ბ"-ში, კი.

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან! 90-იანი წლების შუა პერიოდში "დინამო თბილისს" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. "ლინფილდთან" შეხვედრის შემდეგ "დინამო" მოკვეთეს ევრო თასებს, მაგრამ ფეხბურთელებმა ფიცი დადეს, რომ შენარჩუნდებოდა ეს გუნდი და დისკვალიფიკაციის ვადის გასვლასთან ერთად მეორე ცდით შეეცდებოდნენ ევროტურნირზე წარმატებით გამოსვლას. თუმცა ეს გუნდი მაინც დაიშალა, მთხოვნელები ბევრი ჰყავდათ ევროპიდან. მაინტერესებს შენი აზრი, "დინამომ" რომ დაიწყოს საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების ჩამოყვანა გუნდში და შენც დაგიძახონ, როგორი იქნება შენი გადაწყვეტილება? ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ავანტიურაა, მით უმეტეს, ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელისათვის, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან დიდი მოტივაცია და პატრიოტული სულისკვეთება...
- ისეთი ტიტულოვანი და ისტორიის მქონე გუნდისგან შემოთავაზების მიღება, როგორიც თბილისის "დინამოა", ძალიან გასახარი იქნებოდა, მაგრამ არა მგონია, დავთანხმებულიყავი - დღეს ისეთ ჩემპიონატში ვარ, სადაც თამაშზე მსოფლიოში ფეხბურთელთა 70% მაინც ოცნებობს. ჩემს მომავალს აქაურობა სჭირდება, აქ დამკვიდრება მჭირდება.

მკითხველი:
- ბედნიერი ხართ? რამდენად მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ?
- რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ! მყავს მეუღლე, შვილს ველოდები... ძალიან ლამაზი და დიდი ოჯახი მყავს - ეს არის ის ბედნიერება, რაც ადამიანმა შეიძლება ინატროს. გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, შენი მომავლისთვის გადამწყვეტია.

მკითხველი:
- მაინტერესებს, ვინ მიგაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდად? მადლობა წინასწარ.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მკითხველი:
- გამარჯობა! მაინტერესებს, საქართველოს ისტორიაში ვინ არის შენთვის საუკეთესო ფეხბურთელი?
- დავით ყიფიანი.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი ფეხბურთელის კარიერაში - შრომა, იღბალი თუ რაც შეიძლება ცოტა ტრავმა?
- უმთავრესი მაინც შრომაა. სპორტსმენმა შეიძლება რაღაც ეტაპამდე მიაღწიო, მაგრამ შემდეგ თუ გაჩერდი და არ იშრომე, აღარაფერი გამოვა, ესეც გაქრება. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი შრომაა.

მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- ყველა ფეხბურთის მოყვარულ ქართველ გულშემატკივარს გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ თავს არ დავზოგავ და ბოლომდე ვიბრძოლებ!

მკითხველი:
- მაინტერესებს, რას აკეთებ თავისუფალ დროს და რა არის შენი ჰობი?
- თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს. როცა მაქვს, ოჯახთან ერთად ვატარებ მას.

მკითხველი:
- ჩამოთვალე 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც გინდა, რომ ითამაშო...
- ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეა პირლო, სერხიო რამოსი და ანდრეს ინიესტა.

მკითხველი:
- დაგვისახელე, შენი აზრით, 3 საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი...
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუის სუარესი, გონსალო იგუაინი.

მკითხველი:
- რომ არა ფეხბურთი, სპორტის რომელ სახეობაში წარმოგიდგენია შენი თავი?
- ფეხბურთი ერთადერთია, სადაც თავი წარმომიდგენია, სხვაგან - არსად!

მკითხველი:
- ოდესმე ყოფილა ისეთი მომენტი, რომ გიფიქრია, ფეხბურთისთვის თავი დაგენებებინა?
- საბედნიეროდ, მსგავსი მომენტი ცხოვრებაში არ მქონია.

მკითხველი:
- მაინტერესებს, რამდენია შენი პირადი რეკორდი ბურთის კენწვლაში?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, არ დამითვლია.

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან! გილოცავ განაცხადში მოხვედრას და გისურვებ წარმატებებს! "ოქროს ბურთი" თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნობა? მადლობა.
- საქართველოს ნაკრების კაპიტნობა აუცილებელი რამ არაა - მთავარია, თამაშით დაიხარჯო შენი ქვეყნისთვის! ამიტომაც, "ოქროს ბურთი".

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან! ქართველებს ნიჭი გვაქვს, მაგრამ სიზარმაცე ხელს გვიშლის. შენს შემთხვევაში მონდომების და ნიჭის თანხვედრასთან გვაქვს საქმე. რას ურჩევდი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბაურთელებს,  ნიჭი რომ არ გაფლანგონ და მწვრთნელს თავი მოაწონონ?
- უდიდეს სიყვარულს და დახარჯვას იმ საქმისთვის, რისთვისაც იბრძვიან. ნიჭი შრომის გარეშე მალე იკარგება.

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან. მჯერა, რომ შენ იტყვი შენს სათქმელს "ემპოლიში" და გახდები ძირითადის ფეხბურთელი. ერთ უბრალო კითხვას დაგისვამ: სეზონის ბოლოს "ლესტერმა" რომ შემოგთავაზოს წინადადება, წახვალ თუ დარჩები "ემპოლიში"?
- "ლესტერმა" მიმდინარე სეზონში შეძლო, დაემტკივებინა, რომ უდიდესი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კარგი შემოთავაზება მქონია სხვა გუნდისგან, წასვლაზე ჯერჯერობით არ დავფიქრებულვარ. მოდით, ასე გიპასუხებთ - დავფიქრდებოდი...

მკითხველი:
- შენი აზრით, რა განსხვავებაა ქართველ და იტალიელ გულშემატკივარს შორის?
- განსხვავება რაოდენობაშია. აქ, იტალიაში, არამნიშვნელოვან მატჩებზეც კი სავსეა სტადიონი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მხრივ, ქართველ გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ, რათა იარონ თამაშებზე.

მკითხველი:
- გამარჯობა, რომან. ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკის გარდა, ლაღად და თამამად ერთვები შეტევებში. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს ფუფუნება ცენტრფორვარდების არჩევანში, რაც ხშირად ბევრ გამოუყენებელ მომენტს ჰქმნის. რაზე უნდა გაამახვილოს ფეხბურთელმა ყურადღება შენს პოზიციაზე და როგორ უნდა "გაიზარდოს"? აკეთებს თუ არა მწვრთნელი პერიოდულად პირადი მონაცემების კლასიფიკაციას და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას?
- დიახ, რა თქმა უნდა, არსებობენ თავდამსხმელებისთვის სპეციალურად განკუთვნილი მწვრთნელები, რომლებიც სწორ მოქმედებას და მოძრაობებს გვასწავლიან.

მკითხველი:
- ძალიან მიხარია შენი წარმატებები, ისევე, როგორც თითოეული ქართველი ფეხბურთელის. დარწმუნებული ვარ, შენთვის სერია "ა"-ს გუნდის განაცხადში მოხვედრა დიდი სტიმულია. მანამდე თუ გქონია ასეთი განცდა და რასთან დაკავშირებით?
- სერია "ა"-ს გუნდის განაცხადში მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელთა დიდი ნაწილისთვის ოცნებაა და ძალიან სასიხარულოც. ამ სიხარულის მსგავსი მომენტი ჯერ არ მქონია.

მკითხველი:
- შენი ახლობლებიდან ვინ მოახდინა გავლენა იმაზე, რომ შენ გადადგი ეს მეტად თამამი ნაბიჯი და პატარა ასაკშივე წახვედი უცხო ქვეყანაში? ბევრი მაგალითია, როცა ასე იქცევიან და საბოლოოდ არაფერი გამოსდით; ბევრიც ამტკიცებს, რომ ჯერ საქართველოში უნდა მიაღწიო წარმატებას და მხოლოდ შემდეგ იფიქრო წასვლაზე. შენ რას ფიქრობ?
- ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში, ფეხბურთელად გახდომაში და კარიერულ წინსვლაზე უდიდესი როლი ითამაშა ბაბუაჩემმა რომან ჭანტურიამ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ სტიმულს და გვერდში დგომას მისგან, რის გამოც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

ადრეულ ასაკში იმ ქვეყნიდან და გარემოდან წასვლა, სადაც იზრდები, დიდი სტრესია, მაგრამ აუცილებლად გასაძლები იმ საქმისთვის, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება კარგად და ლამაზად გაცხოვრებს.

მკითხველი:
- ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა, ვინც ახალგაზრდულ ასაკში საკმაო ნიჭი გამოავლინა, მიდრეკილია ტრავმებისკენ, მათ შორის, ლევან მჭედლიძეც. შენ როგორ ხარ ამ საკითხში? გისურვებ, ტრავმის გამო არასდროს გაგეცდინოს თამაში...
- მადლობა ღმერთს, რომ დღემდე სერიოზული ტრავმა არ მიმიღია. ვფიქრობ, ამ კუთხით თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ.

მკითხველი:
- გამარჯობა, ჭანტურ! შეგიძლია გაგვიზიარო შენი ემოციები, როცა პირველ გუნდში გამოგიძახეს?
- უდიდესი სიხარულია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ ამას ადამიანი.

მკითხველი:
- ვის მიუძღვნი სერია "ა"-ში გატანილ პირველ გოლს?
- მეუღლეს და მომავალ შვილს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული