საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე: მისია შესრულებადია?

AutoSharing Option
"თუ თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებში "იუტას" მეფარე ენეს კანტერმა ითამაშა, ეს გუნდი არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ფავორიტი იყნება", - გვითხრა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა.

"ლატვიელებმა შარშან მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს და კარგადაც გამოჩნდნენ. როგორც ამბობენ, ბალტიისპირელებს წლეულს დაეხმარებათ შარშანდელ NBA-ს დრაფტზე არჩეული ბერტანსი. ლატვიასც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს"
, - ეს ფორვარდის დუდა სანაძის სიტყვებია.

"ჩვენს ჯგუფში ასევე ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ყოველთვის ყველა შეჯიბრების ფავორიტია", - 20-წლამდელთა გუნდის თავკაცმა დავით უსტიაშვილმა ესპანელებზე მხოლოდ ერთი წინადადება გვითხრა.

მეტი არცაა საჭირო, მეტოქეთა
ჩამოთვლის შემდეგაც იოლი მისახვედრია, რაოდენ რთული მისია აკისრია ჩვენს 20-წლამდელთა ნაკრებს.

საკითხავია, კონკრეტულად რა იგულისხმება სიტყვა მისიაში? დავიწყოთ შეჯიბრების სისტემით. ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოდან სამი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა და ექვსგუნდიან ორ ჯგუფში განაწილდება. შემდეგ გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი.

პირველ ეტაპზე ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული კვარტეტი ერთმანეთში გაარკვევს მეცამეტე-მეთექვსმეტეადგილოსნების ვინაობას.

საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფის საუკეთესო ტრიოში მოხვედრაა.

* * *
ისევე როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, იმედიანადაა გამთამაშებელი გიორგი ტეტელაშვილი:

"ჩემპიონატის მოგების ამბიცია არა გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ თუნდაც მესამე ადგილის დასაკავებლად. ამისთვის კი აუცილებელია პირველივე მატჩს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

საწყის თამაშს ლატვიასთან ჩავატარებთ. ჩვენი გუნდის წევრთა უმეტესობა სხვადასხვა ასაკის ნაკრებში 16 წლიდან ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს კარგადაც ვუგებთ.

ვიმედოვნებ, ოთხი ამხანაგური მატჩი შეთამაშებაში კიდევ დაგვეხმარება და სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშებთ". 

ორი ლეგიონერით
ახლა, მზადების შესახებ. გაფართოებული შემადგენლობით 20-წლამდელთა ნაკრები "აკადემიას" დარბაზში 11 ივნისიდან ვარჯიშობს, 26 და 27 ივნისს თბილისში ისრაელის ახალგაზრდულ გუნდთან ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, ხოლო 5 და 6 ივლისს ესტონეთში ამავე ქვეყნის 20-წლამდელებს დაუპირისპირდება.

ერთი კარგი საერთაშორისო ტურნირი ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი მოსამზადებელი ციკლის დაგეგმარებით უკმაყოფილო არ არის და იმედოვნებს, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შეხვდება.

"ჯერ ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ. ისრაელთან მატჩებისას ცხადია, სათანადო კონდიციებში ვერ ვიქნებით, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში მოგება ჩვენი თვითმიზანი არ არის. იგი გუნდის მოსამზადებლად და შეცდომების დასანახავად უნდა გამოვიყენოთ".

მწვრთნელმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა. არის მხოლოდ ორი დანაკლისი:

"გამოძახებული გვყავდა კოღუაშვილი და რევაზაშვილი, მაგრამ პირველს წელის ტრავმა აქვს და ვერ დაგვეხმარება, ხოლო რევაზაშვილი ვარჯიშზე არ გამოცხადდა და შესაბამისად გუნდიდან გათავისუფლებულია".

დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით 20-წლამდელთა ნაკრები გასულ სეზონში ყოველ კვირას იკრიბებოდა. მწვრთნელები მხოლოდ ორ კალათბურთელთან ვერ ახერხებდნენ შეხვედრას - ოთარ ფხაკაძესთან და ბექა ბურჯანაძესთან. ოთარი ამერიკაში, "ლიბერთი ქრისტიანის" "ჰაი სქულში" თამაშობდა. ბურჯანაძე კი ესპანური "კახასილოს" წევრია. მან 20-წლამდელებთან პირველი ვარჯიში 15 ივნისს საღამოს ჩაატარა.

დავინტერესდით, კალათბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის წინ ახალგაზრდულ ნაკრებს მიზნად რას უსახავს...

"ჩვენი უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კალათბურთელების მომზადებაა, რადგან 20-წლამდელებიდან რამდენიმე მალე მთავარი ნაკრების ფორმას მოირგებს.

ახალგაზრდა კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ჩვენთან ხომ ერთი წლით უმცროსებიც თამაშობენ, გვყავს 18 წლის კალათბურთელიც - ბექა ბურჯანაძე"
.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე დაბ. თარ. გუნდი
ირაკლი ალხანაიძე ცენტრი 201 23.01.1992 დინამო
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 198 27.02.1992 შსს აკადემია
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 201 03.01.1994 კახასოლი (ესპანეთი)
ლევან ელიაძე ფორვარდი 196 13.12.1992 ბათუმი
გოგა ჯავახიშვილი ცენტრი 200 08.06.1992 სტუ
კახა ჯინჭარაძე ფორვარდი 192 16.07.1993 სამედიცინო
საბა ლობჟანიძე უკანახაზელი 192 17.08.1993 სტუ
ავთანდილ ლომინაშვილი ცენტრი 204 26.10.1992 ქუთაისი
ზურაბ მაჩალაძე ფორვარდი 198 15.08.1992 სტუ
ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი 183 28.02.1993 ლიბერთი (აშშ)
რევაზ როგავა უკანახაზელი 185 01.02.1993 სოხუმი
დუდა სანაძე ფორვარდი 196 25.07.1992 დინამო
ნოდარ თენიეშვილი ფორვარდი 198 06.07.1992 შსს აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი უკანახაზელი 192 17.06.1992 სტუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ქართველი 20-წლამდელები 2013 წელსაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული