გია კაზანჯიანი: ბელორუსში თითოეული კალათბურთელის პერსპექტივა კარგად გამოჩნდება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება, სადაც 7-9 დეკემბერს საერთაშორისო ოთხთა ტურნირი გაიმართება.

საქართველოსა და მასპინძელ ბელორუსთან ერთად ტურნირში მონაწილეობას A დივიზიონის გუნდები - ლიტვა და უკრაინა მიიღებენ.

16-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 5 დეკემბერს ღია ვარჯიში გამართა, სადაც მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს გავესაუბრეთ.

- ბელორუსიდან მოწვევა 2 კვირის წინ მოვიდა და გადავწყვიტეთ, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიგვეღო.

საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. ლიტვა და უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე A დივიზიონში გამოდიან, ხოლო ბელორუსს გასულ წელსაც ვეთამაშეთ და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა
ჰყავს.

- გუნდი რამდენად კარგად არის მომზადებული?
- ახლა მზადების პირველ ეტაპს გავდივართ. ბელორუსული ტურნირი პირველი სერიოზული გამოცდა იქნება ამ შემადგენლობისთვის. ვარჯიშს თვეზე მეტია, შევუდექით.

კვირაში ერთხელ ვვარჯიშობთ. პარალელურად, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატშიც ვმონაწილეობთ, ოღონდ უკონკურსოდ. ნაკრების კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, მუდმივად ერთად იყვნენ, შეთამაშდნენ, ერთმანეთს დაუახლოვდნენ და ერთ მუჭად შეიკრან.

საქართველოს ჩემპიონატში მათ 2 წლით უფროსებთან უწევთ თამაში და ეს ერთგვარი ჰანდიკაპია, როცა საერთაშორისო ასპარეზზე გავალთ.

თუკი წინა წლებში ჩვენს 16-წლამდელთა ნაკრებს უჭირდა, ახლა 2 წლით უფროსებში საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებენ. 18-წლამდელთა ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება გვაქვს და ლიდერთა შორის ვართ.

- ბელორუსში ოპტიმალური შემადგენლობით მიდიხართ?
- სამწუხაროდ, მე და ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი, დიმიტრი ჟაკობოვი მინსკში ნაკრებს ვერ მივყვებით.

მოგეხსენებათ, ჩვენ კლუბ "ოლიმპს" ვწვრთნით და სუპერლიგის მომდევნო ტურში პრინციპულ მეტოქეს ვხვდებით.

16-წლამდელებს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრი ირაკლი ტომარაძე და გუნდის უფროსი გელა წულაძე გაჰყვებიან.

რაც შეეხებათ მოთამაშეებს, მინსკში 12 კალათბურთელი მიდის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ესაა მზადების მხოლოდ პირველი ეტაპი და ნაკრების ძირითადი შემადგენლობა მომავალ ივლისამდე ცნობილი არ იქნება.

ჩვენ ძიების პროცესში ვართ და არც ერთ პერსპექტიულ და საინტერესო მოთამაშეს არ ვტოვებთ, რომ არ გამოვცადოთ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. თუკი საკუთარ უპირატესობას ვარჯიშითა და თამაშით დაამტკიცებს, გუნდში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

- ასაკობრივი ნაკრებების სპეციფიკის შესაბამისად, მისი შემადგენლობა გამუდმებით იცვლება. გასულ წელთან შედარებით ბევრი ცვლილებაა და როგორი თაობა მოდის?
- გასული წლის შემადგენლობიდან მხოლოდ 4 კალათბურთელს აძლევდა ასაკი ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას და ისინი კვლავ ჩვენთან არიან.

ახალი თაობა ურიგო არ არის. გვყავს როგორც ტანმაღალი, ასევე სწრაფი და მოაზროვნე კალათბურთელები.

ყველაფერი სამწვრთნელო პროცესზე, გამოცდილების მიღება-დაგროვებასა და რა თქმა უნდა, კალათბურთელთა მონდომებაზეა დამოკიდებული. მინსკის ტურნირი ბევრი მათგანისთვის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება.

ასეთი დონის მეტოქეებთან დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდება თითოეული კალათბურთელის პერსპექტივა.

ბელორუსული ტურნირი მოთამაშეებთან ერთად მწვრთნელებსაც წაადგება, რომლებიც კარგად დაინახავენ გუნდის ხარვეზებს და მომავალში მათ გამოსწორებაზე იმუშავებენ.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბელორუსში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული