სუპერლიგა 2016/17. XV ტური: დაბრუნდა

AutoSharing Option
ერთთვიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა დაგვიბრუნდა. დაგვიბრუნდა განახლებული შემადგენლობითა და ძველებური დაძაბულობით. ცენტრალურ მატჩში სანახაობაც იყო და მატჩისშემდგომი უკმაყოფილებაც, რასაც დღეს კალათბურთის ფედერაციაში განიხილავენ...

4 თებერვალი, თბილისი
მგზავრები-ბათუმი 99:60
24:21, 25:16, 23:7, 27:16
მგზავრები: ფხაკაძე (10ქ, 7მ, 7პ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (8ქ), ტურძელაძე (12ქ), ტეილორი (12ქ, 6მ, 4პ), მერფი (15ქ, 9მ, 5ჩ), ალენი (13ქ, 8პ), რენსომი (27ქ, 4პ),
დინამო: ჯინჭარაძე (19ქ, 6მ), ლეჟავა (6ქ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (6ქ), კრივცოვი (9ქ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე, შემოსიუკი (3ქ), ფელჩერი (11ქ, 9მ), მ. რევაზაშვილი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომელშიც გუნდები ფეხდაფეხ მისდევდნენ ერთმანეთს. "მგზავრებმა" პერიოდის მიწურულს მოახერხეს მცირედით დაწინაურება - 24:21. მეორე მეოთხედში, კარგი დაცვისა და სწრაფი შეტევის ხარჯზე, თბილისელებმა თამაშის სადავეები ხელთ იპყრეს და დიდ შესვენებამდე ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს - 49:37.

სტატისტიკა არ ტყუის. სამწამიანი ზონიდან "ბათუმმა" 32 ქულა ჩააგდო. ეს არც ბევრია და არც ცოტა, "მგზავრებმა" კი ფარქვეშიდან, არც მეტი, არც ნაკლები - 72 ქულა მოაგროვეს. მახსოვს, იგორ კოკოშკოვმა 2013 წელს ევრობასკეტზე ჩეხეთთან წაგების შემდეგ რომ თქვა - მეტოქეს ვერ ვეწეოდით, დაღლილები ვიყავით, ამიტომ ფარქვეშიდან 60 ქულა მივიღეთ. ასეთ რამეს რომ დაუშვებ, გამარჯვებაზე ვერც იფიქრებო.

გამორჩეული. "მგზავრმა" კაჰიმ რენსომმა 10-10 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და 8-8 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 სამიანი მიამატა და 27 ქულამდე ავიდა.

ნამატჩევს
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- გუნდმა, ასე ვთქვათ, იდეალურად ითამაშა შეტევაშიც და დაცვაშიც. მესამე წრე დავიწყეთ და სუპერლიგაში ბოლო ადგილზე ვართ. გუნდში პრობლემები გვქონდა და მაქსიმალურად მოვემზადეთ.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- აშკარად დაეტყო ჩვენს გუნდს უთამაშებლობა. ფაქტობრივად, თვეზე მეტია, თამაში არ ჩაგვიტარებია. ეს ჩვენთვის პირველი მატჩი იყო წინა წრის დასრულების შემდეგ. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და უფრო მოვუმატებთ.

4 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-რუსთავი 80:76
26:13, 14:29, 23:14, 17:20
სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), კოკა ტომარაძე, ბოქოლიშვილი, დ. ბარბაქაძე (14ქ, 3ჩ), ლათანი (21ქ, 7მ), ბულიავა (16ქ), ტიშენკო (17ქ, 4პ), ზაბირჩენკო (5პ), ვუდსონი (9ქ, 3პ).
რუსთავი: ხმელიძე (5ქ, 6მ, 3პ), ქიტოშვილი, ლი (14ქ, 6პ, 5მ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (2ქ), ათუაშვილი (18ქ, 13მ), კასპერბაუერი (13ქ, 4პ), სპანოლო (8ქ, 5მ), ბრიგსი (16ქ, 8მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. ბოლო დღეებში ორივე გუნდმა შევსება მიიღო. რუსთაველებმა ამერიკელი ლეგიონერი - მორის ბრიგსი დაიმატეს, ხოლო "სოხუმმა" - უკრაინელი მთავარი მწვრთნელი, ვიტალი ჩერნი და ამერიკელი უკანახაზელი რობერტ ვუდსონი.

პირველი წრის შემდეგ "სოხუმი" მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმაც კარგად ამოქოქა და ესტაფეტა მშვენივრად გადაიბარა უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელიც უკრაინელთა ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა. მისმა ყველა შეგირდმა კარგად ითამაშა, თუმცა გადამწყვეტი, ალბათ, მეფარე ალექსანდრ ტიშენკოს სამქულიანი იყო - საფინალო სირენამდე 1:43 წუთით ადრე მან ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა (77:73).

დარჩენილ დროში რუსთაველმა კასპერბაუერმა სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე კი შეამცირა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სირენამდე 13 წამით ადრე ჩარლი ლიმ სოხუმელთა კალათისკენ არაზუსტად სტყორცნა, რის შემდეგ ჩერნის შეგირდებმა ბურთი ბოლო წამებამდე გაათამაშეს და დავით ბარბაქაძის სამქულიანით საფინალო ანგარიში დააფიქსირეს. ამ ეპიზოდს რუსთაველთა მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა - ჯერ ჩარლი ლიზე იყო ჯარიმა, შემდეგ განზრახ ფოლს ვიღებდით, მაგრამ მსაჯებმა არ დასტვინესო...

რეაქციას რუსთაველთა სწორი მოქმედებაც დაერთო - დაწერეს ოფიციალური საჩივარი, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში დღეს განიხილავენ.

სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმმა" 25-დან 17 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო "რუსთავმა" მხოლოდ 7 საჯარიმო სტყორცნა და 5 გამოიყენა. მასპინძლები 17-ჯერ დაჯარიმდნენ, ქვემოქართლელები - 25-ჯერ. სოხუმელებმა 12 შეცდომა დაუშვეს - მეტოქემ ათით მეტი.

გამორჩეული. ბარბაქაძე, ბულიავა, ტიშენკო, ლათანი - 14, 16, 17, 21 ქულა.

ნამატჩევს
ვიტალი ჩერნი ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- მატჩის წინ ვამბობდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს იყო ჩემი პირველი მატჩი გუნდში. მთავარია, რომ იმ მოთხოვნებს, რომელსაც მე კალათბურთელებს ვუყენებ, ისინი ასრულებენ და მე მათი მადლობელი ვარ. მჯერა, რომ კიდევ მოვუმატებთ. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ქომაგებს, რომლებიც აქტიურად გვქომაგობდნენ. ბიჭები თამაშობდნენ როგორც თავისთვის და გუნდისთვის, ისე ქომაგებისთვის და გიორგი ჯგერენაიასთვის, რომელმაც თამაშამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარა.

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- დღეს მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თამაში წაგვეგო. შეხედეთ სტატისტიკას, თვალი გადაავლეთ ჯარიმების რაოდენობას.

4 თებერვალი, თბილისი
კაკტუსი-ქუთაისი 66:81
19:20, 21:17, 12:23, 14:21
კაკტუსი: უაითი (9ქ, 5მ), ჩიკვილაძე (11ქ, 7პ, 6მ, 3ჩ), ჩლაიძე (7ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (7ქ, 9მ), ბააკაშვილი (5ქ), ლომიძე (9ქ), ფლოვიესი (18ქ, 18მ, 3დ).
ქუთაისი: ბოისა (2ქ, 6მ), ცეკვავა (9ქ, 6მ, 5პ, 3ჩ), ფაშაევი (12ქ, 7მ), ბაბუნაშვილი (3ქ, 3პ), ქადარია (6ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (12ქ, 7მ), ლომოური (11ქ), ტუბაკი (19ქ, 9მ), ბექაური (7ქ, 9მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი

გადამწყვეტი. იმერული კლუბი სერიოზული დანაკლისით თამაშობდა. "ქუთაისს" ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე აკლდა, რომელმაც ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა და უცნობია, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. დიდ შესვენებას დაემთხვა კაკტუსელების აღმავლობა და მეოთხედი 3-ქულიანი ლიდერობით დაასრულეს - 40:37. მესამე პერიოდში ვითარება შეიცვალა. "ქუთაისმა" მოახერხა თამაშის დალაგება და პერიოდიც 23:12 მოიგო. ბოლო მეოთხედში იმერულმა კლუბმა ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა და გამარჯვებამდეც მივიდა.

სტატისტიკა არ ტყუის. ყველა კომპონენტში თითქმის ერთნაირი სტატისტიკა დაფიქსირდა, გარდა ორისა: მოხსნებში "ქუთაისმა" 63:49 იმარჯვა. იმერლებს დიდად დაეხმარნენ სათადარიგოები, რომლებმაც 45 ქულა ჩააგდეს. "კაკტუსის" სათადარიგოების ანგარიშზე კი 14 ქულაა.

გამორჩეული. წინახაზელებმა ბომბარდირობა არავის დაუთმეს: ქუთაისელმა ტუბაკმა 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კაკტუსელმა ფლოვიესმა - 18 ქულა და 18 მოხსნა.

ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
- კაკტუსი ძლიერი, სახიფათო გუნდია. თბილისში წინა შეხვედრაში დაგვამარცხა და დღეს ყველამ მოინდომა, რათა ეს არ განმეორებულიყო. დღევანდელ მატჩში დიდი დანაკლისი გვქონდა გიორგი ცინცაძის სახით, რომლის ტრავმაც სერიოზულია და ალბათ, უნდა შევეგუოთ მის გარეშე თამაშს, რადგან არ ვიცით, როდის დაუბრუნდება მოედანს.

არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- საკმაოდ დიდი ჩავარდნა მოგვივიდა როგორც მეორე მეოთხედის დასაწყისში, ასევე მესამე მეოთხედში და ვფიქრობ, ამან განაპირობა ჩვენი მარცხი.

4 თებერვალი, თბილისი
დინამო-ოლიმპი 82:64
22:8, 29:16, 18:20, 13:20
დინამო: ვონი (7ქ, 3პ), გრძელიძე (6ქ), ღურწკაია (5ქ), ლონდარიძე (15ქ, 6მ), მაჩალაძე, ფაცაცია (8ქ, 3პ), ჭოჭუა (2ქ), მარავიჩი (5ქ, 6მ), გ. რევაზაშვილი (4ქ), ბერიშვილი (13ქ, 6მ, 4პ), გოგოძე (17ქ, 6მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ), ღუდუშაური, ბარნეთი (11ქ, 10მ), როგავა (9ქ, 4პ), გეგი ბაქრაძე (2ქ), მასხულია (7ქ), ვუდსი (2ქ), შლიცერი (12ქ), პიჩფორდი (14ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. "ოლიმპი" მეტად სახიფათო გუნდია, რაც აქამდე არაერთხელ დაამტკიცა. თუმცა სადღეისოდ ორი წამყვანი კალაბურთელი აკლიათ: კახა ტომარაძე (ტვინის შერყევა) და ირაკლი მიქელაძე (ყურის ანთება). თუმცა ამ ჩემპიონატში უძლეველ "დინამოსთან" გამარჯვება მაინც რთული იქნებოდა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა თავიდანვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და მშვიდად გაიმარჯვეს.

სტატისტიკა არ ტყუის. ერთი უცნაური შეფარდება: "დინამომ" უფრო მეტი შეცდომა დაუშვა - 25. "ოლიმპმა" - 16. დინამოელებმა 42 მოხსნა მოაგროვეს, მეტოქემ - 28.

გამორჩეული. მატჩის სნაიპერი ნოდარ გოგოძე გახდა (17), თუმცა გამარჯვებას "დინამომ" უმთავრესად გუნდურობით მიაღწია.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- თითქმის ერთი თვე უთამაშებლები ვიყავით და ამის გამო "ოლიმპთან" მატჩს ფრთხილად ვუდგებოდით. საბედნიეროდ, გუნდი აღმოჩნდა ისეთ ფორმაში, როგორც მეორე წრის ბოლოს ვიყავით.

ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
- ბევრი მოთამაშე ავადმყოფობდა. ვარჯიშებსაც მხოლოდ 3X3 ფორმატში ვატარებდით. გვაკლდა რამდენიმე საყრდენი კალათბურთელი და ამ დანაკლისის გამო ვერ განვახორციელეთ ის, რაც გვქონდა მიზნად დასახული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაფხულამდე დიდი დროა. აწი აღარ მიიღონ ტრავმები და ამის მოსაშუშებლად საკმარისი დროა,. ერთი ეგაა მანუჩარს დიდი ხანია აღარ უთამაშია
Irakli apkhaidze
10:36 07-02-2017
0
მარკოიშვილი,სანიკიძე,შენგელია,ცინცაძე,ფაჩულია.მთელი ხუთეული ტრავმირებულია.ზაფხულისათვის უკვე მეშინია.
სოსო
01:28 07-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული