N1 ილია ლონდარიძე

AutoSharing Option
შაბათს სპორტის სასახლეში დიდი ამბები იყო - სტუ-ს წევრმა ბექა ჩიკლვილაძემ 42 ქულა ჩააგდო და თსუ-ელი ილია ლონდარიძის რეკორდი ორით გააუმჯობესა. ახალგაზრდულმა სტუ-მ კი შსს-ს თანაბარი ბრძოლა გაუმართა.

რეკორდსმენი ჩიკვილაძე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტურის ვიცე-საუკეთესო იყო. N1 კი ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელმაც თსუ-ს "არმია" დაამარცხებინა. დიახ, თსუ-მ "არმიას" მოუგო, თანაც 18 ქულის სხვაობით. ეს გახლდათ არმიელთა მეორე წაგება არსებობის ისტორიაში (2010 წლის სექტემბრის შემდეგ). ამ მატჩმა ბევრი რამ თსუ-ელებსაც დაანახვა, სამხედროებსაც, ჟურნალისტებსაც და ქომაგებსაც. კონკრეტულად რა დავინახეთ, ქვემოთ "თავკომბალა"
სტატიაში წაიკითხავთ. "თავკომბალა" იმიტომ რომ ერთი თამაშის მიმოხილვა ერთი-ორად აღემატება დანარჩენი სამისას...

12 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე
შსს-სტუ 90:83
12:18, 27:20, 30:25, 21:20
შსს: წივწივაძე (18ქ, 7პ, 5მ, 4პ), ბ. ლეჟავა (15ქ), კოტონი (16ქ), ტუჯანი (10ქ, 12მ), დ. ბარბაქაძე (8ქ), ლაფანაშვილი (4პ), მარკოიშვილი (6ქ), შერმადინი (13ქ), ტომარაძე (4ქ)
სტუ: ჩიკვილაძე (42ქ, 5პ), ვასილ ბერუაშვილი (23ქ, 10მ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (2ქ), კობიძე (4ქ), ჭოხონელიძე (2ქ), ლომოური (6ქ), თევზაძე, ჯანგველაძე (2ქ), ძიძიგური (2ქ), ახალკაცი
მსაჯები: ხ. გაბედავა, მ. ანდღულაძე
კომისარი: რ. გელოვანი

სტუ შსს-ს პირველად დუდუ დადიანის მემორიალზე ეთამაშა. ახალგაზრდებმა სწრაფი თამაშით ბოლომდე მისდიეს ძალოვნებს. იგივე განმეორდა შაბათს: ბექა ჩიკვილაძის სნაიპერობის წყალობით ტექნიკოსები კარგად ებრძოდნენ შედარებით გამოცდილ შსს-ს კალათბურთელებს. ბოლო წუთებზე სხვაობა 3 ქულასაც შეადგენდა, როცა სტუ-ს მორიგი იერიშის შემდეგ სატყორცნ პოზიციაზე ბექა უნდა გასულიყო, მაგრამ შსს-ელებმა ბურთი ჩაჭრეს და საბოლოოდ დაგეგმილი გამარჯვება მიითვალეს.

ამ მატჩის ემოციურ ხასიათზე ერთი გულშემატკივრის ნათქვამიც მეტყველებს - "ვაჰ, რა ებრძოლა "გეპეი" (სტუ) "პოლიციას"!


12 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე
თსუ-არმია 92:74
19:17, 18:21, 27:19, 28:17
თსუ: ჩიტაშვილი (15ქ), ფანჩულიძე (10ქ, 6მ), კოხრეიძე (6ქ), მიხეილ ბერიშვილი (16ქ, 5მ, 6პ), ლონდარიძე (23ქ, 19მ, 4პ), ხიზანიშვილი (2ქ), გაფრინდაშვილი (17ქ, 4პ, 4ჩ), კორკოტაძე (3ქ), ზ. მაისურაძე
არმია: ტუღუში (14ქ, 9მ, 4პ), ბოისა (9ქ, 8მ), პირველაშვილი (15ქ), ბაბიაშვილი (14ქ), ათუაშვილი (9ქ, 9მ), ბაქრაძე (8ქ), ლევან მოსეშვილი, შარაბიძე (2ქ), ბ. ბერიშვილი (3ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი

მოდით, ჯერ თსუ-"არმიის" მატჩის ზოგად სურათს გავეცნოთ და დასკვნები თანდათან გამოვიტანოთ.

არმიელები თავიდან 5:0 დაწინაურდნენ, თსუ-ს მექულეები, ბერიშვილი, ფანჩულიძე და ლონდარიძე ვერ აგდებდნენ. სწორედ ამ დროს ორი სამქულიანი და ერთი ორიანი გამთამაშებელმა მიხეილ ჩიტაშვილმა გამოიყენა (თსუ-ს საწყისი რვავე ქულა მის ანგარიშზე იყო). ჩიტაშვილი პერიმეტრიდან ტყორცნის სიზუსტით არ გამოირჩევა... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: აქამდე ბევრს არ ისროდა, ძირითადად გათამაშებით და ფარქვეშ სწრაფი შესვლებით იყო გამორჩეული. მაგრამ, თსუ-ში ხომ ყველა კალათბურთელისადმი ნდობა მაღალ დონეზეა, რაც შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას განაპირობებს. ჰოდა, ჩიტაშვილმა დაამტკიცა რომ მისი პლუსი მხოლოდ სისწრაფე არ არის.

ჩიტაშვილის მაგალითიდანაც ჩანდა, რომ თსუ მატჩისთვის შესანიშნავად იყო მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ტანმაღალი რიჩარდ მათიაშვილი აკლდა (ვირუსი აქვს), ხოლო "არმიის" ფარქვეშ 222 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი იყო, ილია ლონდარიძემ მეტოქეს ფარქვეშ არაფერი დაუთმო, 10 წუთში 8-ჯერ მოხსნა, თსუ კი ამ კომპონენტში 16:10 დაწინაურდა.

მეორე პერიოდში "არმიამ" ფარქვეშ თამაში გამოასწორა, თუმცა საწყის ხუთ წუთში სამქულიენებით თსუ-მ 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 33:26. ეს თსუ-ს გამთამაშებლის, გიორგი გაფრინდაშვილის დამსახურება იყო. ძალოვნებს მორიგი აფეთქება სჭირდებოდათ. ეს მწვრთნელ ლევან მოსეშვილსაც მოეხსენებოდა და მოედანზე გივი ბაქრაძე შეუშვა. ეს ახალგაზრდა კალათბურთელი სუპერლიგის დონისა რომ არის შაბათსაც დაამტკიცა - გამთამაშებლობა კოტე ტუღუშისგან გადაიბარა, შესაბამისად კოტე ცოტა გაათავისუფლა (სროლისთვის მეტად რომ მოეცალა) და თამაშიც აასწრაფა. და რაც მთავარია - ბაქრაძის 7 ქულას გიორგი შარაბიძემ ორი მიამატა და დიდ შესვენებაზე "არმია" მინიმალური უპირატესობით გავიდა (38:37).

ჩიტაშვილი როგორ გაიხსნა თსუ-ში, პირველი პერიოდის მიმოხილვისას ვთქვით. გახსნის შესანიშნავი მაგალითი ლონდარიძე გახლდათ. მან გამოცდილ არმიელებთან ფარქვეშ ლომივით იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალგაზრდა ილიას გოლიათი ათუაშვილის წინააღმდეგ უწევდა თამაში და ფარქვეშიდან იშვიათად ისროდა. შეიძლება ვერ ბედავდა კიდეც, რაც არაა გასაკვირი, რადგან ასეთ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. მესამე პერიოდში კი სამწამიან ზონას მოშორდა და საშუალო დისტანციიდან ჯერ ერთი ორქულიანი ჩააგდო. შემდეგ სხვა კუთხიდან მოსინჯა ძალა, გათამამდა და მესამე პერიოდში არც მეტი, არც ნაკლები, 14 ქულა ჩააგდო, თსუ კი 64:57 დააწინაურა. სწორედ მესამე პერიოდის ბოლოს, ლონდარიძის თამაშით მოხიბლულმა ჟურნალისტებმა ვთქვით - მატჩი რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ტურის საუკეთესოდ ლონდარიძე დავასახელოთო.

მეოთხე ათწუთეული მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანით გახსნა და 67:57. სტუდენტებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათო, თამაშის ტემპს უფრო უმატეს, რის პროპორციულადაც იზრდებოდა სროლის სიზუსტე. ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებს დაღლა კი არ ეტყობოდათ, პირიქით, თითქოს ენერგია ემატებოდათ, რასაც ორი მიზეზი უნდა ჰქონოდა: პირველი - სტუდენტები საფინალო სირენასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ ჩემპიონატის ლიდერის ძლევასთან ახლოს იყვნენ, რაც ბრძოლისუნარიანობას კიდევ მატებდათ და მეორე - ნუგზარ ჭეიშვილმა გიორგი მარხვაშვილისა და რიჩარდ მათიაშვილის არყოფნის მიუხედავად კალათბურთელებზე დრო ისე გადაანაწილა, რომ ბოლო წუთებისთვის ძალა ყველას შერჩენოდა. მეტსაც გეტყვით: ილია ლონდარიძემ (რომელიც თსუ-ს ერთადერთი მეფარე იყო და მის გარეშე ფარქვეშ სტუდენტები ვერაფერს ახერხებდნენ) 5 წუთი მაინც დაისვენა.

მეოთხე პერიოდში არმიელთა მწვრთნელებმა თამაშის შემობრუნება გამოცდილი უკანახაზელებით სცადეს: კოტე ტუღუში, ბუბა ბერიშვილი და ანატოლი ბოისა ჩასაგდებს აგდებდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოტემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბოისამ მხოლოდ 7 წამი დაისვენა. ლოგიკურია, რომ მათ ისეთივე ენერგია არ შერჩებოდათ, როგორიც პირველ ტაიმში. აქედან გამომდინარე "არმიასთვის" ჰაერივით საჭირო აფეთქება ვეღარ ვიხილეთ. თსუ კი არ ჩერდებოდა. როცა სტუდენტთა უპირატესობამ 14 ქულას მიაღწია (სირენამდე 4 წუთით ადრე) ახლოს მჯდომმა გულშემატკივარმა იკითხა: თსუ-ს მწვრთნელი თამაშის ტემპს რატომ არ აგდებს, რომ დააწყნაროს, მშვიდად მიიყვანს მატჩს გამარჯვებამდეო...

მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის ნაცვლად პასუხის გაცემა იოლი იყო: მაშინ, როცა თსუ-ს ყველაფერი გამოსდიოდა, ხოლო "არმიას" არაფერი, რა საჭირო იყო თამაშის სტილის შეცვლა? დაწყნარება პირველ რიგში ძალოვნებს აძლევდათ ხელს.

ნამატჩევს თსუ-ს მწვრთნელმა სწორედ ეს აღნიშნა:
- დღეს შეხვედრაში ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდა, მეორეს - არაფერი. გადახედეთ მოხსნების რაოდენობას: "არმიას" ამ კომპონენტში 48:38 ვაჯობეთ. როცა სწრაფი გუნდი მოხსნებში იგებს, თამაშიც მისია.

დაბოლოს, "არმიასთან" დამაჯერებელმა გამარჯვებამ თსუ-ს დაანახვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურია. "არმია" კი დაარწმუნა, რომ პირველობისთვის ბრძოლაში მეტად სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ჟურნალისტებს კი ერთი საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა: ჩემპიონის ვინაობის გამოცნობა არც ისე იოლი იქნება, როგორც აქამდე ჩანდა.


12 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე
აგრარული-ქუთაისი 67:73
(12:21, 14:20, 22:16, 19:16)
აგრარული: არწივიძე (8ქ), ჩაჩანიძე (19ქ, 7მ, 3ჩ), ხანიაშვილი (12ქ), გემაზაშვილი (8ქ), ჯავახიშვილი (1ქ), ტეტელაშვილი, ბააკაშვილი (5ქ), ნანიტაშვილი (3ქ), სიგუა (4ქ, 5პ), მუმლაძე (7ქ, 9მ)
ქუთაისი: კვიმსაძე (8ქ, 6მ, 3პ), ცეკვავა (20ქ, 4ჩ), დიდია (9ქ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ, 5პ, 5ჩ), ბოლქვაძე (7ქ), ტუკვაძე (9ქ), ლომინაშვილი (6მ), კოღუაშვილი, ქორიძე (4ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

"ქუთაისმა" წინა ტურში შსს დაამარცხა და თბილისში ახალგაზრდულ "აგრარულთან" მოსაგებად ჩამოვიდა. გამორჩეული იყო იმერელთა ახალწვეული გიგი ბარბაქაძე, რომელიც გასულ სეზონში სწორედ "აგრარულის" ღირსებას იცავდა.


12 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-სამედიცინო 45:72
10:23, 8:22, 16:15, 11:12
დინამო: ეძგვერაძე (4ქ), ივანეიშვილი (6ქ), გლუნჩაძე (2ქ), თავამაიშვილი (2ქ), ალხანაიძე (9ქ, 13მ), პატარაია (12ქ), თვაური (6ქ, 8მ, 3პ), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, გულდედავა, ჩაველაშვილი (4ქ)
სამედიცინო: როჯერსი (5ქ, 7მ, 8პ), ჭოჭუა (12ქ), ჩაჩიბაია (2ქ), ბექაური (9ქ), დვალიშვილი (22ქ, 12მ), გულისაბედაშვილი (14ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე, გაბისონია, ნინიაშვილი (8ქ, 7მ), კეიდია, ფაიქრიძე
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. არეშიძე
კომისარი: თ. ქიქოძე

ასევე დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა "სამედიცინომ". "დინამოსთან" მატჩში აღსანიშნავი ამერიკელი ჯეფ როჯერსის მოედანზე დაბრუნება იყო, რომელმაც მეორე წრის პირველ მატჩში საზარდული გაიჭიმა და მას მერე არ უთამაშია.


გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 16 13 3 1478/1282 29
2. არმია 15 13 2 1300/1049 28
3. შსს 15 11 4 1320/1136 26
4. ქუთაისი 15 11 4 1222/1069 26
5. სოხუმი 16 10 6 1295/1207 26
6. ენერჯი 15 7 8 1060/1128 22
7. სტუ 16 5 11 1286/1371 21
8. სამედიცინო 15 5 10 1104/1104 20
9. ბათუმი 15 5 10 1161/1235 20
10. აგრარული 16 4 12 1130/1307 20
11. დინამო 16 1 15 1099/1567 17.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული