ლეჟავამ ჩაამჟავა - თვალჩალურჯებული მსაჯი, თანაც ქალი [+VIDEO]

AutoSharing Option
შსს-"სოხუმის" მატჩის დასრულებამდე 13.3 წამით ადრე, როცა ტაბლოზე სოხუმელთა სასარგებლოდ 79:75 ეწერა, ლაშა ფარღალავა შსს-ს კალათში საჯარიმოების სატყორცნად მოემზადა. მის ზურგსუკნიდან შსს-ელმა ბესიკ ლეჟავამ მსაჯ მაკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არბიტრმა დაუყოვნებლივ ორივე ხელი აღმართა, რაც კალათბურთელის გაძევების მომასწავებელი იყო. ამან გაცხარებულ ლეჟავას წონასწორობა დააკარგვინა, მსაჯს მიეჭრა, თავი ჩაარტყა და ფეხი მოუქნია...

ამის წერა მეორე დღესაც ძალიან რთულია, მაგრამ იმ მომენტში ყველფერი ერთი-ორად მძაფრად აღიქმებოდა, სპორტის სასახლეში კაცი არ იყო, უარყოფითი ემოცია არ დაუფლებოდა. მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი საქართველოში
ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა, თუმცა 90-იანი წლებში არაერთი მსაჯი გვინახავს ნაცემი... შაბათის ინციდენტი ორმაგად გაამძაფრა ერთმა გარემოებამ - არბიტრი ქალი იყო. როგორ შეიძლება შეფასდეს ბესიკ ლეჟავას მოქმედება? ალბათ, ასე: "ეს იყო საშინელი საქციელი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს!" არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ბრჭყალებში განთავსებული სიტყვები თავად ლეჟავას ეკუთვნის.
0
აქედან გამომდინარე, იგი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ გაუკვირვებია - დამნაშავეს 2013 წლის 1 იანვრამდე აეკრძალა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში თამაში. აქ იმის თქმა, რომ ბესიკ ლეჟავა სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და ნაკრების კანდიდატი იყო, უადგილოა, რადგან მსგავსი ქმედება არავის ეპატიება. სწორედ ასეთი კალათბურთელი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვებისთვის.

ეს ცივ გონებაზე ლეჟავამაც თქვა და მოიბოდიშა კიდეც:

- მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო. საშინლად მოვიქეცი. ისეთი მოქმედება, რაც შაბათს ჩავიდინე, ყოველმხრივ გაუმართლებელია. ისიც მესმის, რომ გადამწყვეტი მეოთხედფინალური თამაშის საყურებლად დარბაზში ბავშვებიც იქნებოდნენ, რომლებიც ჩხუბის კი არა, ლამაზი თამაშის სანახავად იყვნენ მოსულნი. მინდა მათაც მოვუბოდიშო... სხვათა შორის, მსაჯის ცემის ფაქტები ჩემს პატარაობაშიც მინახავს, მაგრამ ყოველთვის ვგმობდი. სამწუხაროდ, ამჯერად მე მოვხვდი მსგავს სიტუაციაში.

- დისკვალიფიკაცია 2013 წლის 1 იანვრამდე მოგცეს.
- სადისციპლინო კომიტეტმა წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯა. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მსგავსი ფაქტი ასე მკაცრად რომ არ შეფასდეს, შეიძლება ვინმემ კიდევ გაბედოს გამეორება, რაც დაუშვებელია.

- თავადაც ამბობ, გაუმართლებლად მოვიქეციო, თუმცა მაინც გკითხავ იმ გარემოებებზე, რამაც წონასწორობიდან გამოგიყვანა...
- მატჩი ჩვეულებრივად რომ ჩამემთავრებინა, შემეძლო მსაჯობაზე მელაპარაკა, მაგრამ დღეს, ჩემს მიერ ჩადენილი საქციელის შემდეგ საკუთარ თავს არბიტრებზე ლაპარაკის უფლებას არ მივცემ.

- სეზონის განმავლობაში შსს-ს გუნდს არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია მსაჯობით...
- შეიძლება ასეც იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ კალათბურთელები მკაცრად გაგვაფრთხილა, სანქციებიც დააწესა მათ მიმართ, ვინც პლეი ოფში ტექნიკურ შენიშვნას მიიღებდა. ასეთ ნაბიჯს ლოგიკური ახსნა ჰქონდა: ნებისმიერი ტექნიკური ჯარიმა კალათბურთელის გარდა გუნდს აზიანებს...

გუშინ საღამოს შსს-ს კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით ბესიკ ლეჟავა 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალზე ხელის წარტყმისათვის ადრე ერთ ჩემს ნაცნობს რამოდენიმე წელი ციხე მიუსაჯეს. არც მაგას აწყენდა, ახლა რომ ნიანგის ცრემლებს ღვრის.
zuxusha
17:11 09-05-2011
0

სიახლეები პოპულარული