ბაგაცკისი: ირაკლი ჩლაიძემ სიცოცხლე დაგვიბრუნა

AutoSharing Option
სუპერლიგა. მეოთხედფინალი. 7 მაისი
თბილისი, სპორტის სასახლე
შსს-სოხუმი 75:79
20:21, 14:15, 17:14, 24:29
შსს: ლაფანაშვილი (3ქ), ბ. ლეჟავა (18ქ, 3პ), ნიკოლაძე (10ქ, 5მ, 3პ), ი. ბერიშვილი (9ქ, 5პ), კოტონი (6ქ, 3ჩ), მარკოიშვილი (6ქ), ტუჯანი (11ქ), დ. ბარბაქაძე (5ქ), იმნაძე (6ქ, 11მ, 5ფ), ს. შერმადინი (1ქ)
სოხუმი: ფარღალავა (18ქ, 5მ, 4პ), ჰარისი (14ქ, 4პ, 4ჩ), ჩლაიძე (8ქ, 5მ), შანიძე (3ქ), სორდია (2ქ), კ. დამუსი (9ქ, 9მ, 2დ), რ. დამუსი (5ქ, 4მ), ფაცაცია (20ქ, 8მ, 3პ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
სერია მოუგო
"სოხუმმა" - 2:1

ამ მატჩში მოხდა სეზონის ყველაზე შავი ფაქტი - ბესიკ ლეჟავამ მსაჯს თავი ჩაარტყა, რასაც ცალკე სტატიები მივუძღვენით, აქ კი მეოთხედფინალის სპორტულ მხარეზე შევჩერდებით.

კარგად მახსოვს, დუდუ დადიანის მემორიალზე "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიასა და ახალგაზრდა ირაკლი ჩლაიძის მოკლე დიალოგი:
- ვაჟა მას, ხვალ არ მათამაშებ?
- გათამაშებ.
- ცოტას?
- გათამაშებ...

მეორე დღეს განგებ დავაკვირდი, ჩლაიძემ ითამაშა, მაგრამ ცოტა... მაშინ, ირაკლი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მეოთხედფინალის გმირი გახდებოდა და მასზე ლატვიის ნაკრების მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ასე ილაპარაკებდა:

- გამოცდილმა შსს-ელებმა მეოთხე პერიოდი კარგად დაიწყეს და ჩვენივე შეცდომების შედეგად კინაღამ "ბავშვური შამათი" ჩაგვისვეს. თამაში თითქმის წაგებული გვქონდა, როცა ირაკლი ჩლაიძემ სიცოცხლე დაგვიბრუნა - სამქულიანთან ერთად ჯარიმა ჩააგდო და 8-ქულიანი ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. სწორედ ამის შემდეგ ბავშვებიდან კაცებად გარდავიქმენით და დამსახურებულად მოვიგეთ.

მართლაც, სირენამდე 3:56 წუთით ადრე ბესიკ ლეჟავას სამქულიანის შემდეგ ტაბლოზე 70:62 დაფიქსირდა, თუმცა საპასუხო შეტევა ჩლაიძემ ოთხი ქულით დააგვირგვინა... მასზე ვაჟა კვარაცხელიაც დადებითად ლაპარაკობდა, მაგრამ ქართველ მწვრთნელს შედეგს რომ სთხოვდნენ, გადამწყვეტ მომენტში ახალგაზრდებს ვერ ენდობოდა. აინარს ბაგაცკისმა კი "სოხუმში" გამოჩენისთანავე ჩლაიძე ხუთეულში დააყენა.

რის ხარჯზე დაამარცხა "სოხუმმა" შსს? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი აქვს ლატვიელ სპეციალისტს:
- შსს-ს მხარეს გამოცდილება და კლასი იყო, ჩვენს მხარეს - ახალგაზრდული ჟინი, ველურობა და არაპროგნოზირებადობა. საოცარია, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც არაპროგნოზირებადები ვართ. ჩვენი ამოცანა იყო, მეტოქისთვის პერიმეტრი გადაგვეკეტა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი არ დაგვენებებინა. პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით, თუმცა ჩვენს შანსს დაველოდეთ და ბოლოს დადგა მომენტი, როცა ყველაფერი კარგად გამოგვივიდა.

ცხადია, გაწბილებული იყო შსს-ს თავკაცი დავით უსტიაშვილი:
- რთულ სიტუაციაში ვიყავით, ნახევარი გუნდი ტრავმირებული იყო. უშუალოდ მატჩის მსვლელობისას კოჭი დაიზიანა ლიდერმა ბესიკ ლეჟავამ, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე მაინც დაბრუნდა. ბიჭების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მათ ბოლომდე იბრძოლეს. რაც შეეხება, მსაჯთან დაკავშირებულ ინციდენტს, ლეჟავას მოქმედებას გამართლება არ აქვს.

დავით უსტიაშვილი მართლაც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა: პირველ მეოთხედფინალში ტრავმა მიიღო ტროი კოტონმა და შაბათს გამაყუჩებლით ითამაშა; ბესიკ ლეჟავას ტრავმაზე მწვრთნელმა მოგვახსენა; ჟულივეტ ტუჯანს ერთი თვე გაუცდა, ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ფორმაში არ იყო; ტრავმირებული იყო გიორგი მარკოიშვილიც; ბექა წივწივაძეს მტევნის ძვალი გაუტყდა და სათადარიგოთა სკამზე ხელშეხვეული იჯდა...

ვფიქრობ, განახევრებული გუნდით შსს-მ მაქსიმუმი რომ უჩვენა, უპირველესად მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის დამსახურებაა.

ბოლოს გთავაზობთ მეოთხე პერიოდის ქრონოლოგიას.
შსს-სოხუმი
9:36 ნიკოლაძე 2ქ (53:50)
9:20 ფარღალავა 3ქ (53:53)
8:50 ნიკოლაძე 3ქ (56:53)
8:29 ფარღალავა 3ქ (56:56)
8:06 ი. ბერიშვილი 2ქ (58:56)
7:09 ტუჯანი 1+1ქ (60:56)
6:58 კ. დამუსი 1+1ქ (60:58)
6:43 ტუჯანი 2+1ქ (63:58)
6:04 ტუჯანი 2ქ (65:58)
4:48 ფარღალავა 1+1ქ (65:60)
4:36 ლეჟავა 2ქ (67:60)
4:17 ფაცაცია 1+1ქ (67:62)
3:56 ლეჟავა 3ქ (70:62)
3:46 ჩლაიძე 3+1ქ (70:66)
3:23 ჰარისი 3ქ (70:69)
3:00 იმნაძე (V ფოლი)
3:00 ფაცაცია 1+1ქ (70:71)
2:24 ჩლაიძე 2ქ (70:73)
1:45 ჰარისი 2ქ (70:75)
1:38 ტუჯანი 2ქ (72:75)
1:12 ფაცაცია 3ქ (72:78)
0:53 კოტონი 3ქ (75:78)
0:22 ფარღალავა 1ქ (75:78)
0:13 ფარღალავა 1+1 (ორივე ააცილა)
საოცარი სანახაობის მომსწრენი აღმოვჩნდით ჩხუბის შემდეგ: მაშინ, როცა მთელი შსს გასახდელში იყო, ლაშა ფარღალავამ ორი საჯარიმო ისროლა, თუმცა მანამდე მწვრთნელისგან მითითება მიიღო, ააცილეო. ლაშა მწვრთნელის რჩევას მიჰყვა, ბურთი თავადვე დაიჭირა და 13 წამის და "სოხუმის" მეოთხედფინალში გასვლას დაელოდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული