28 წლის კოტემ პლეი ოფებიც სტაბილურად ჩაატარა და რეგულარული ეტაპიც, ორჯერ შეასრულა სამმაგი დუბლი.
- ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად მეოთხედ დამასახელეს. დღევანდელი აღიარება გაცილებით ღირებულია, ვიდრე წინა სამი.
- რატომ?
- ამას ობიექტური მიზეზი აქვს: წინა წლებთან შედარებით 2010-11 წლების სეზონში სუპერლიგაში ლეგიონერებმაც იმატა,
- წლეულს საუკეთესოთა შორის ვის დაასახელებდი?
- ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება, რადგან 4-5 სერიოზული გუნდი იყო. თითოეულში 3-4 წამყვანი კალათბურთელი გახლდათ, რომლებიც MVP-ად აღიარების ღირსეული კანდიდატები გახლდნენ.
- "არმიამ" ჩემპიონის ტიტული სადებიუტო სეზონში მოიპოვა.
- ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გულშემატკივარს დიდი სიამოვნება მივანიჭეთ. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში სულ სხვა გრძნობაა, კონცენტრაციაც მატულობს და ხარისხიც... ამიტომაც მიმაჩნია წლევანდელი გამარჯვება ყველაზე გემრიელად. ასეთ ჩემპიონატში მხოლოდ 4 მატჩი წავაგეთ და ღირსეულად გავხდით ჩემპიონები.
- მაინც რის ხარჯზე მიაღწია "არმიამ მწვერვალს?
- კონცენტრაციისა და გუნდურობის ხარჯზე. არ ვიცი, სხვა გუნდებში რა სიტუაცია იყო, მაგრამ ჩვენთან ერთსულოვნება სუფევდა, ყველა ერთი მიზნისთვის ვიყავით გაერთიანებულები. რეგულარული ეტაპის შემდეგ წვერის მოშვება ერთი აზრის გამოხატულება იყო...
- 2011-12 წლების სეზონში "არმია" ევროჩელენჯზე იასპარეზებს.
- გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადი უკვე შეიტანა. ჩემი აზრით, ეს ქართული კალათბურთის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ევროჩელენჯზე ერთხელ ვითამაშე. ამ შეჯიბრებისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ აქამდე დაშვებული შეცდომები - ზოგჯერ ლეგიონერები ევროტურნირების დაწყებამდე 3-4 დღით ადრე ჩამოჰყავდათ. ამ მოკლე დროში წარმოუდგენელია უცხოელი გუნდს მოერგოს და სარგებელი მოუტანოს. "არმიაში" სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, ევროჩელენჯის მოგების პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოაჩინოს.
- ყოველი სეზონის წინ ერთი და იგივე კითხვა ისმოდა: სად გააგრძელებ კარიერას? აქამდე ხომ სუპერლიგის მოთამაშეთა უმეტესობას ერთწლიანი ხელშეკრულებები ჰქონდა.
- "არმიადან" წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. გუნდთან ერთად ბევრი ვიშრომე და ძალიან მინდა გაისადაც დავეხმარო. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, როცა 4-5 ათასი ქომაგი ჩემს გვარს ერთხმად სკანდირებდა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ირანში თამაშისას მქონდა...