ბაგაცკისი დარჩა და არჩევს

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი "სოხუმის" მთავარ მწვრთნელად კიდევ ერთი წლით დარჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო "სოხუმის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მინდია გულუამ ბაგაცკისთან შეთანხმებით. ამის შესახებ გვაცნობა "სოხუმის" პრეს-სამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ. მან იქვე დაამატა, რომ ამჟამად ლატვიაში მყოფი აინარს ბაგაცკისს და უცხოეთში მოღვაწე მინდია გულუას რეგულარული კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ისინი მუშაობენ გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებაზე, რათა "სოხუმი" სათანადოდ მოემზადოს ევროჩელენჯზე გამოსასვლელად.

სხვათა შორის, სწორედ გუშინ დასრულდა ევროჩელენჯზე გუნდების განცხადების შეტანის ვადა, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, "არმიისა" და "სოხუმის"
გარდა რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში. როგორც თენგიზ პაჭკორიამ შეგვატყობინა, სოხუმელთა რიგებს უახლოეს თვეებში შეემატება 5 ძლიერი ლეგიონერი, მათ შორის იქნებიან ამერიკელები. მანამდე კი გუნდში მიიწვევენ რამდენიმე გამოცდილ ქართველ კალათბურთელს.

- ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს, ჯერ გვარებს ვერ გეტყვით, თუმცა გარკვეული მონახაზები უკვე არის. "სოხუმში" დარჩება რამდენიმე კალათბურთელი, რომლებიც წარმატებით იცავდნენ გუნდის ღირსებას გასულ სეზონში. დეტალებს უახლოეს მომავალში კლუბის მთავარი მწვრთნელი მოგახსენებთ, - თქვა პრესსამსახურის უფროსმა.

ამასობაში გაირკვა ერთი ახალწვეულის ვინაობა: მომავალ სეზონში "სოხუმს" დაეხმარება 22 წლის ვახტანგ ქადარია, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა. ქადარია დაიბადა და გაიზარდა სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში, 2004 წელს ვარჯიში დაიწყო სენაკში, 2005 წლიდან თამაშობდა "სოხუმის" ბავშვთა გუნდში ვაჟა კვარაცხელიას ხელძღვანელობით. შემდეგ გამოდიოდა თბილისის "იმედში", საიდანაც სუპერლიგის "დინამოში" მოხვდა.

2009-11 წლებში 206 სმ სიმაღლის ქადარიამ გამოცდილება ამერიკის კოლეჯების ლიგაში მიიღო. პირველი სეზონი კლუბ "სანტა ფეში" ჩაატარა და საუკეთესო დებიუტანტადაც აღიარეს. 2010-11 წლებში კი იგი "მინერალ არეას" კოლეჯში გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული