მიხეილ ბერიშვილი: "თსუ"-დან ევროპისკენ, სოხუმში

AutoSharing Option
გუშინ საღამოს "სოხუმის" პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ საინტერესო სიახლე გვაცნობა - გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მიაწერა ხელი მიხეილ ბერიშვილმა. გუშინვე გუნდთან ხელახალი ხელშეკრულება გააფორმა ახალგაზრდა უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ.

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ლაშა ფარღალავას, ლევან ფაცაციას და ვახტანგ ქადარიას გუნდში ჩარიცხვაც. მათ გარდა "სოხუმის" ხელმძღვანელობა კიდევ სხვა ქართველ და უცხოელ კალათბურთელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გუნდში სავარაუდოდ ხუთი ლეგიონერი ითამაშებს. მათ შორის არ იქნებიან გასულ სეზონში "სოხუმში" მოასპარეზეები ძმები დამუსები და იუჯინ ჰარისი.

სატრანსფერო სიახლის შესახებ რომ შევიტყვეთ, მიხეილ ბერიშვილს დავუკავშირდით. თუმცა ვიდრე მის
ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მიშას რეგულარულად იძახებს. 2008 წელს სლოვაკეთთან 103:78 გამარჯვებაში ბერიშვილმა სამქულიანი წვლილი შეიტანა - საფინალო ანგარიში შორეული ტყორცნით დააფიქსირა.

მას მერე ახალგაზრდა ფორვარდი ესპანეთშიც იყო და "არმიაშიც", თუმცა საუკეთესო კუთხით მაინც თსუ-ში გამოჩნდა. სტუდენტებთან თამაშის შემდეგ თქვა "სოხუმის" მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა: ბერიშვილის მსგავს კალათბურთელს ლატვიის ნაკრებში სიამოვნებით ავიყვანდიო.

- აინარს ბაგაცკისთან არ მილაპარაკია. სოხუმელთა ხელმძღვანელობასთან კი ყველაფერი კარგად შევათანხმე და გადაწყვეტილია, გუნდში ორი სეზონის განმავლობაში ვითამაშებ, - გვითხრა მიხეილ ბერიშვილმა.

- ყოფილი გუნდის, თსუ-ს მწვრთნელებს თუ ელაპარაკე?
- რა თქმა უნდა. ნუგზარ ჭეიშვილი და ნუგზარ მარკოიშვილი ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ. მათაც კარგად ესმით არსებული სიტუაცია. თსუ-ს დატოვების გამო გული მწყდება, რადგან ძალიან მეგობრული, შეკრული გუნდი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის ასე სჯობდა - "სოხუმი" ევროჩელენჯზე ითამაშებს.

- ძლიერ ლეგიონერებსაც დაიმატებს...
- ცხადია, კარგი კალათბურთელების გვერდით თამაშით გამოცდილებასაც მივიღებ და საკუთარი შესაძლებლობების შეფასების საშუალებაც მომეცემა. ამასთან, მწვრთნელიც ძლიერია - აირანს ბაგაცკისი ახალგაზრდა, მაგრამ მეტად გამოცდილი სპეციალისტია.

- საქართველოს ნაკრებისთვის მზადებას ხომ არ შედგომიხარ?
- ამჟამად ვისვენებ. ვარჯიშს დაახლოებით ათ დღეში დავიწყებ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული