გიორგი გაფრინდაშვილი "სოხუმში" შეფრინდა

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის საუკეთესო მეპასე გიორგი გაფრინდაშვილმა, რომელიც გასულ სეზონში თსუ-ს ღირსებას იცავდა, 24 ივნისს საკალათბურთო კლუბ "სოხუმთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ "ლელოს" "სოხუმის" პრესსამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ აცნობა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ "სოხუმის" ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ჩილაჩავამ აღნიშნა:

- მწვრთნელები, აინარს ბაგაცკისი და ვაჟა კვარაცხელია ბოლო თვეებში ყურადღებით აკვირდებოდნენ გაფრინდაშვილის თამაშს. ისინი თვლიან, რომ მომავალ სეზონში კალათბურთელი გუნდს სათანადოდ გამოადგება და ამიტომ, გიორგის ჩვენს გუნდში გადმოსვლა შევთავაზეთ. მოხარულები ვართ, რომ იგი ამიერიდან "სოხუმის" რიგებში ითამაშებს."

თავად გიორგიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ჩემს სათქმელს მოედანზე ვიტყვი და ვეცდები "სოხუმის" ქომაგები გავახარო.

გაფრინდაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 მარტს, თბილისში. 1996-2004 წლებში თამაშობდა თსუ-ს ბავშვთა და ახალგაზრდულ გუნდებში ნუგზარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით. 2002-2005 წლებში გიორგი თსუ-სთან ერთად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და ამ გუნდთან ერთად საქართველოს უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. 2004 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, იასპარეზა ტრევიზოს კემპზე და ტურნირის MVP-ს ჯილდო მიიღო.

გაფრინდაშვილი 2005-2006 წლებში თამაშობდა სლოვენიის "ოლიმპიას" ახალგაზრდულ გუნდში. 2006-2007 წლებში თამაშობდა ლატვიაში, ასკ-ს ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონი კი ამერიკაში გაატარა - მიდლენდის კოლეჯში სწავლობდა (ტექსისის შტატი).

გაფრინდაშვილი 2009 წლიდან თსუ-შია, რომელთან ერთადაც საქართველოს სუპერლიგის ვერცხლის მედალი მოიგო. 2011 წლის იანვარში თსუ-თან ერთად გახდა ქორქია-საკანდელიძის თასის მფლობელი და ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი.

ჩვენ მკითხველს მოეხსენება, რომ ივნისში "სოხუმთან" ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს: მიხეილ ბერიშვილმა, ირაკლი ჩლაიძემ, ლაშა ფარღალავამ, ლევან ფაცაციამ და ვახტანგ ქადარიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული