"სამედიცინოს" ვარჯიშზე ვეწვიეთ და გუნდში არსებულ სიახლეებს გავეცანით. პირველ რიგში, უნდა ჩამოგითვალოთ მათი ვინაობა, ვინც შეკრების პირველ დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
გიორგი პირველაშვილი, ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე, ქაქუცა აბაიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, გიგა კვეტენაძე, კოკა ტომარაძე, ბექა ბექაური, ლერი კვანტალიანი, კახა ჯინჭარაძე, ირაკლი გაბისონია და ვაჟა ჯანაშია.
ბაქრაძე გასულ სეზონში "არმიის" ღირსებას იცავდა, ივლისში კი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად (სასტარტო გამთამაშებელი იყო)
ბაქრაძის ამპლუისაა ქაქუცა აბაიშვილი, რომელიც "სამედიცინოში" რუსთავის "ენერჯიდან" გადავიდა.
მსროლელის პოზიციაზეც ახალგაზრდული ნაკრების წევრია - ბექა ჩიკვილაძე. იგი სტუ-ს მაისურით გასული ჩამპიონატის ბომბარდირი გახდა. ამავე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში მიხეილ ჭოჭუასა და კოკა ტომარაძეს, თუმცა ხშირად მსუბუქი ფორვარდის ფუნქციების შესრულებაც უწევთ. მიშა 2010-11 წლების სეზონშიც "მედიკოსთა" ღირსებას იცავდა, ტომარაძე კი შსს-დან გადავიდა.
ბაქრაძის მსგავსად "ექს-არმიელია" გიორგი პირველაშვილი, რომელიც ახალგაზრდაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი.
პირველაშვილის დარად როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორვარდის ფუნქციების შესრულება შეუძლია გიგა კვეტენაძეს. იგი "სამედიცინოში" "სოხუმიდან" გადავიდა.
ასევე ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა ბექა ბექაური. სადღეისოდ სასტარტო ცენტრის პოზიციაზე სწორედ ის უნდა მოიაზრებოდეს. დიდი დანაკლისია აკაკი დვალიშვილის შსს-ში გადასვლა. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ "მედიკოსები" წინა ხაზის გაძლიერებაზე იზრუნებენ.
დანარჩენი კალათბურთელები ახალგაზრდები არიან და მათ სწორედ ახალ სეზონში უნდა სცადონ შესაძლებლობების გამოვლენა.
- გვაქვს განსაზღვრული ბიუჯეტი. კალათბურთელებიც მის მიხედვით შევარჩიეთ. თავი ახალგაზრდულ შემადგენლობას მოვუყარეთ და როგორც შარშან, ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვეყოლება - ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ, არავის არაფერს დავუთმობთ, - აღნიშნა "სამედიცინოს" თავკაცმა ნუგზარ კანდელაკმა.
გუნდის პრეზიდენტმა, გია აბესაძემ დასძინა:
- აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ. გასულ სეზონში ჩვენს გუნდში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ხუთი კალათბურთელი გამოდიოდა - ბექა ბექაური, ნოდარ თენიეშვილი, ტატო თავართქილაძე, სოსო ლეჟავა, აკაკი დვალიშვილი, რომელიც თორნიკე შენგელიას შემდეგ ნაკრების ვიცე-ბომბარდირი იყო. ჩვენი მთავარი მიზანია "სამედიცინოს" კალათბურთელები სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, ჯერ სრულად არ დავკომპლექტებულვართ. გუნდი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც შეკრებიდან დაბრუნდება.
გაჩნდა კითხვა - სად გაივლის შეკრებას "სამედიცინო"? ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს, თუმცა გარკვეულია, რომ გუნდი "დინამოს" ბაზაზე ათდღიანი ვარჯის შემდეგ მაღალმთიან კურორტზე შეიკრიბება.
ისევე როგორც სხვა კლუბების დღეს "სამედიცინოს" სამომავლო მიზნებზეც ძნელია ლაპარაკი, რადგან ჯერ არ ვიცით სხვა გუნდები რა ძალისანი იქნებიან. თუმცა ზოგადი დასკვნების გაკეთება მაინც შესაძლებელია.
- 2011-12 წლების სუპერლიგა ყველა წინამორბედზე უკეთესი იქნება. "არმია" და "სოხუმი" ევროპული დონის შემადგენლობებს კრებენ, ასევე გაძლიერდა "ქუთაისი", შსს-ც საინტერესო გუნდს გამოიყვანს. ასე რომ, იოლი თამაშები არ გველის. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლა იქნება, - ამბობს ნუგზარ კანდელაკი.
სუპერლიგის მატჩებს "სამედიცინოც" სპორტის სასახლეში ჩაატარებს.
- რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, გუნდი ივარჯიშებს სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში, რომლის რემონტი ახლახან დასრულდა და კალათბურთელებს ყველა პირობა ექნებათ სრულყოფილად მოსამზადებლად, - გვითხრა "მედიკოსთა" პრეზიდენტმა. დავინტერესდით, აქვს თუ არა დარბაზს ტრიბუნები, რათა საქართველოს ჩემპიონატის მატჩები უნივერსიტეტში ჩატარდეს.
- ტრიბუნები არ აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული სამომავლოდ მივაშენოთ კიდეც. კარგად გვესმის, რომ კალათბურთისა და გუნდის პოპულარიზაციისთვის საშინაო არენაზე მატჩების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, - დასძენს ბატონი გია აბესაძე.
როგორც ხედავთ, სამედიცინო უნივერსიტეტში კალათბურთზე სერიოზულად ზრუნავენ...
- ეს პირველ რიგში სასწავლებლის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასა და ადმინისტრაციის ხელმძღნვანელის ზურაბ ორჯონიკიძის დამსახურებაა. სწორედ მათ სურთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონატში უბრალოდ კი არ თამაშობდეს, არამედ წარმატებული იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"