ვიდრე მოთამაშეებზე გეტყოდეთ, მოგახსენებთ, რომ არმიელებმა სლოვენიაში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. პირველი შეხვედრა "როგაშკასთან" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 76:70. მეორე შეხვედრა "შენტურთან" ფრედ დამთავრდა, თუმცა რადგან კალათბურთში ერთმატჩიანი ბრძოლების საყაიმო ანგარიშით დასრულება არ შეიძლება, დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმში კი "შენტურმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 100:99. მესამე შეხვედრა "არმიამ" მოიგო - ძალოვნებმა ხორვატიის "კრიჟევცი" 75:69 დაამარცხეს.
კოტე ტუღუშის შეგირდებს
მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ ჩვენი ჩემპიონი წლეულს ევროჩელენჯის გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მას ჯგუფში ჰოლანდიურ "ლეიდენთან", გერმანულ "გოტინგენთან" და თურქულ "ბეშიქთაშთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველი მატჩი თბილისშია - 8 ნოემბერს "არმია" "გოტინგენს" უმასპინძლებს.
ევროტურნირზე ქართული გუნდი ხუთი უცხოელით წარსდგება. უკანა ხაზის ლიდერი სანდიეტა გეინსი იქნება, რომელიც "ნიუ ჯერსის" წევრია და საქართველოში ლოკაუტის დასრულებამდე ითამაშებს.
ამავე ამპლუის მოთამაშეა 26 წლის პუერტორიკოელი გილერმო დიასი. იგი 2008 წელს "კლიპერსის" წევრი იყო.
ჯერემი რიჩარდსონიც არაერთ ამერიკულ კლუბში გამოდიოდა, თუმცა "ატლანტასა" და "ორლანდოში" ფეხი ვერ მოიკიდა და ევროპაში გადმოვიდა. გასულ სეზონში იგი ესპანური "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.
ბელგიური "ოოსტენდედან" ჩამოვიდა უილიამ ტომასი, რომელიც 201 სმ. სიმაღლის ფორვარდია.
ყველაზე ადრე "არმიას" ცენტრი შვედი იოაკიმ კიელბომი შეუერთდა, რომელმაც ევრობასკეტზე ქართველ თანაგუნდლებთან ერთად ჩვენი ნაკრების თამაში იხილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"