საქართველოს XXI ჩემპიონატი. II ტური

AutoSharing Option
ალბათ, არაერთი მშობლისთვის უკითხავს პატარას - რა არის სამოთხე? პასუხიც სხვადასხვაგვარი იქნებოდა. საკალათბურთო ენაზე კი მშობელს მარტივად შეუძლია ახსნა - სამოთხე არის NBA, სადაც ვარსკვლავები დაფრინავენ, გასამრჯელოსაც საკმარისად იღებენ და ცხოვრობენ უზრუნველად...

ჩნდება საპასუხო შეკითხვა: რა ჰქვია ადგილს, სადაც მხოლოდ ვარჯიშობენ, ოფლს ღვრიან, სამგზავრო ფული არ აქვთ და მშივრები სხედან? სამოთხის ანტონიმი ნამდვილად იყო საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე წლის წინათ, როცა კლუბების ნახევარში კალათბურთელები უხელფასოდ თამაშობდნენ, მაგრამ დღეს ჩვენი პირველობა სოკოსავით სწრაფად იზრდება. წვიმის როლს კი ფული თამაშობს - კლუბებში გაჩნდა
დაფინანსება და გუნდებიც გაძლიერდნენ.

საკალათბურთო სამოთხემდე საქართველოს ჩემპიონატი ვერასოდეს მივა, სამაგიეროდ NBA მოვიდა ჩვენთან: ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად ითამაშა ამერიკული ლიგის მოქმედმა კალათბურთელმა სანდიატა გეინსმა. აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ იგი "ნიუ ჯერსის" ეკუთვნის და "არმიაში" ლოკაუტის დამთავრებამდე დარჩება.

რამდენი წუთი ითამაშა გეინსმა და რა სარგებლობა მოუტანა გუნდს, ეს ცალკე საუბრის თემაა, მთავარია, რომ შაბათს, 22 ოქტომბერს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით.

22 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სოხუმი-სამედიცინო 88:70
23:16, 14:23, 25:20, 26:11
სოხუმი: ფარღალავა (31ქ, 4პ), ჩლაიძე (9ქ), ფაცაცია (26ქ, 11მ, 6პ), გაი (6ქ, 11მ, 3პ), ათუაშვილი (9ქ, 5მ); კანკია (5ქ), გაფრინდაშვილი (5პ), ქადარია (5ქ).
სამედიცინო: აბაიშვილი (4ქ, 7პ), ტომარაძე (4ქ, 4პ), ჩიკვილაძე (16ქ, 5პ), ბექაური (21ქ, 8მ), ილიჩი (14ქ, 8მ, 2დ); კვეტენაძე, ყველაშვილი, პირველაშვილი (6ქ), შვანგირაძე, ჭოჭუა (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

როცა 30 მეტია 31-ზე
ვიდრე ევროჩელენჯის მონაწილე "არმიას" თამაშს შევეხებოდეთ, ამ ტურნირიდან გამოთიშულ "სოხუმზე" უნდა ვთქვათ, რადგან შაბათს პირველი მატჩი სწორედ "სოხუმი"-"სამედიცინო" იყო. საბოლოოდ, ყველაზე დაძაბული სწორედ ეს შეხვედრა გამოდგა.

მატჩის მსვლელობისას დაფიქსირდა ორი გაქცევა, ერთმა თამაშის შედეგზე ვერ იმოქმედა, მეორემ - გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. "მედიკოსებმა" მესამე პერიოდში 11:0 სპურტი მოაწყვეს და ხუთქულიანი ფორა მოიპოვეს (52:47), რომლის შემდეგაც დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში კი სოხუმელთა ჯერი დადგა: ფარღალავა-ფაცაციას დუეტის სიზუსტის წყალობით აინარს ბაგაცკისის გუნდი 9:0 გაიქცა (73:61) და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია.

"სამედიცინოს" რიგებში დებიუტანტის რანგში ითამაშა ნემანია ილიჩმა, რომელმაც 33 წუთში 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ნუგზარ კანდელაკის შეგირდთაგან კი ყველაზე კეთ ბექა ბექაური გაისარჯა - 21 ქულა (13-დან 10 ორქულიანი), 8 მოხსნა.

ქულების დაგროვებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი სოხუმელი - ლაშა ფარღალავა და ლევან ფაცაცია. საბოლოოდ ლაშამ წინა ტურში თანაგუნდელი ბრენდონ გაის რეკორდი გაიმეორა - 31 ქულა ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი, მატჩშიცა და საერთოდ ტურშიც საუკეთესო ფაცაცია იყო. მისმა მქკ-მ 30-ს უწია: 38 წუთი, 26 ქულა (10/4 ორქულიანი, 11/5 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 11 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 0 შეცდომა.

სტატისტიკამა და მატჩის დაძაბულობის ხარისხმა საშუალება მოგვცა ტურის საუკეთესო კალათბურთელად ლევან ფაცაცია დაგვესახელებინა.

22 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
არმია-დინამო 90:53
24:14, 19:10, 29:12, 18:17
არმია: გეინსი (6ქ, 4პ, 5მ), ბოისა (3ქ), რიჩარდსონი (7ქ, 3პ), ბაბიაშვილი (8ქ), შელბომი (16ქ, 8მ); მინაშვილი (5ქ), კვიმსაძე (6ქ, 3პ), ტომასი (14ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (4ქ), დიასი (14ქ, 9მ), საყვარელიძე (7)
დინამო: ბაქრაძე (5ქ), მარხვაშვილი (1ქ), სანაძე (19ქ), კეიდია (5ქ, 7მ), სუხიშვილი (4ქ); ს. ლეჟავა (12ქ), ლომიძე, ალხანაიძე, მეხრიშვილი (3ქ), ჯანგველაძე (4ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ს. სინერსი, ი. ბერიშვილი

დეივისა და ჯორჯის არყოფნაში
"არმია" ევროჩელენჯზე 8 ნოემბერს ითამაშებს, მანამდე, საქართველოს პირველობაზე სამი მატჩი აქვს: ჯერ შედარებით სუსტ "დინამოს" ეთამაშა, მომავალ შაბათს "ქუთაისს" უმასპინძლებს, ხოლო უშუალოდ ევროჩელენჯის წინ, შსს-ს დაუპირისპირდება. კალენდარი ისეა შედგენილი, რომ არმიელები ჯერ მოითელნონ, შემდეგ კი ძლიერ მეტოქეებთან მოსინჯონ შესაძლებლობები. აქვე გეტყვით, რომ მომავალ შაბათს ძალოვნებს ქუთაისში უნდა ეთამაშათ, მაგრამ მეტოქესთანა და სუპერლიგის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მატჩი თბილისში გაიმართება.

შაბათს "არმია" კარგად მოითელა - ახალგაზრდულ "დინამოს" იოლად გაუმკლავდა, მითუმეტეს, რომ დავით თორთლაძის გუნდს აკლდა ორი ახალწვეული ნოელ დეივი (უკანახაზელი) და ტრევის ჯორჯი (ცენტრი).

რაც შეეხება "არმიის" ახალწვეულებს. იმდენად დიდი იყო სხვაობა ანგარიშში, რომ ძნელია მათ შესაძლებლობებზე გადაჭრით მსჯელობა. სანდიატა გეინსს პირველი ტაიმის შემდეგ აღარ უთამაშია.

- ფეხი გადაუბრუნდა, ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა მეორე ნახევარში მისი მოედანზე შეყვანისგან თავი შევიკავე, - გვითხრა "არმიის" მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.

მეორე ტაიმში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა იოაკიმ შელბომმა, რომელმაც საწყის 20 წუთში იმდენი იშრომა, რომ გუნდის ბომბარდირობა არავის დაუთმო - 16 ქულა.

ჯერემი რიჩარდსონს "დინამოს" სნაიპერის, დუდა სანაძის (19 ქულა) შეკავება ევალებოდა...

პუერტო რიკოელი გილერმო დიასი მაღალი სისწრაფით არ გამოირჩეოდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით მატჩში საუკეთესო იყო - 20.

გამოგიტყდებით, ყველაზე მეტად უილ ტომასი მომეწონა, რომელსაც კოტე ტუღუშის 10-ნომრიანი მაისური ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ბედი დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, მაინც გულიანად ირჯებოდა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩა - 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 3 საჯარიმო.

22 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
შსს-სტუ 94:88
31:18, 28:18, 13:26, 22:26
შსს: წივწივაძე (17ქ), კრეპსი (27ქ), თენიეშვილი (13ქ), დვალიშვილი (11ქ), იმნაძე (8ქ); ლაფანაშვილი (9ქ), ნიკოლაძე (3ქ), ლონდარიძე (2ქ), ტუჯანი (2ქ), ბოქოლიშვილი (2ქ).
სტუ: ტეტელაშვილი (4ქ), ვ. ბერუაშვილი (17ქ), ანთაძე (3ქ), ჩაჩიბაია (19ქ), კობიძე (11ქ); თევზაძე (2ქ), მაჩალაძე (7ქ), ხანიაშვილი (18ქ), დეკანოიძე, ძიძიგური (7ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე

59:36-ის შემდეგ...
მესამე მატჩის მიმოხილვაც ლეგიონერით უნდა დავიწყოთ. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკიდან ახლად ჩამოსული გოფრი მაქემონი, რომელიც შსს-ს განაცხადშია, თუმცა შაბათის მატჩს სამოქალაქო ფორმით მიადევნა თვალი. გოფრი შსს-ს მომდევნო ტურიდან დაეხმარება. ამ გუნდის პირველმა უცხოელმა, რობო კრეპსმა კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა ეფექტურად: 33 წუთში 27 ქულა ჩააგდო და სამართლიანად განვიხილავდით ტურის საუკეთესო კალათბურთელობის ერთ-ერთ კანდიდატად.

პირველ მეოთხედში სტუ-ს არ აღმოაჩნდა ძალა შსს-ს შეტევათა მოსაგერიებლად, შესაბამისად, დიდი შესვენების წინ გამანადგურებელი სხვაობა დაფიქსირდა: 59:36. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიტყვა "გამანადგურებელის" ნაადრევად გამოყენება, ან საწყის 20 წუთში შეხვედრის ბედის გადაწყვეტაზე ლაპარაკი გაუმართლებელია...

სტუ-მ იმდენი მოახერხა, რომ საფინალო სირენამდე წუთით ადრე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ასეთი სხვაობის 60-წამში გაბათილების არაერთი შემთხვევა გვინახავს, თუმცა ამჯერად სენსაცია არ მოხდა და შსს-მ 94:88 იმარჯვა.

მატჩის ვიცე-ბომბარდირი გახდა ტატო ჩაჩიბაია, რომელმაც წინა ტურში საკუთარი მაჩვენებელი ორით გააუმჯობესა - 19 ქულა.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ქუთაისი 2 2 0 206/134 4
2. სოხუმი 2 2 0 196/132 4
3. შსს 2 2 0 195/165 4
4. სტუ 2 1 1 192/169 3
5. თსუ 2 1 1 145/137 3
6. არმია 1 1 0 90/53 2
7. ოლიმპი 1 1 0 69/68 2
8. ბათუმი 2 0 2 145/178 2
9. სამედიცინო 2 0 2 145/192 2
10. დინამო 2 0 2 126/198 2
11. რუსთავი 2 0 2 123/206 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული