კალათბურთი, როგორც ჭადრაკი - სუპერლიგის V ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეხუთე ტური მოვლენებით იმდენად დაიტვირთა, რომ სპორტის სამინისტროში კლუბების ხელმძღვანელები დაიბარეს და ძირეულ ცვლილებებზე იმსჯელეს. ლაპარაკი უმალ იქცა საქმედ - გადაწყდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზება სუპერლიგის ნაცვლად კალათბურთის ფედერაციას დაეკისრება, ხოლო უახლოეს ტურებისთვის უცხოეთიდან მსაჯებს ჩამოიყვანენ.

არბიტრების მოწვევაზე ადრეც არაერთხელ თქმულა, თუმცა ამისთვის საჭირო იყო გარკვეული თანხა, რაც აქამდე ფედერაციას არ აღმოაჩნდა. ამ საქმეში ახლა მას სპორტის სამინისტრო დაეხმარება. ლეგიონერი მსაჯების მოწვევა ჯერ ერთი იმიტომაა საჭირო, რომ ყველა მატჩს სამი არბიტრი უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში კი მათი რაოდენობა არასაკმარისია. შარშან პლეი
ოფში ორ-ორი მსაჯი იყო, თან ზოგიერთი ზედიზედ ორ შეხვედრას სჯიდა. არბიტრების საზღვარგარეთიდან მოწვევაზე პირველ რიგში, სწორედ სუპერლიგის ხელმძღვანელობა ლაპარაკობდა. თუმცა მიმდინარე ჩემპიონატის მეხუთე ტურამდე ეს საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა.

მეორე სიახლე ჩემპიონატის ორგანიზების ფედერაციისთვის გადაცემაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სუპერლიგა სწორედ ფედერაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ასე რომ, ამ მხრივ დიდი რეფორმა წლეულს ვერ განხორციელდება. თუმცა ეს დიდი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ - მომავალი სეზონიდან შეიქმნება "კალათბურთის პროფესიული ლიგა". თუ ყველა ნიუანსი სათანადოდ დაიგეგმა, ლიგის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჩვენი მხრიდან უმადურობა იქნებოდა იმის არაღნიშვნა, რომ სწორედ სუპერლიგის ახლანდელი ხელმძღვანელობის ხელში გაიმართა ჩემპიონატი სტრუქტურულადაც და ტექნოლოგიურადაც. მოწესრიგდა უამრავი ნიუანსი, რამაც ჩემპიონატის ორგანიზებულად ჩატარებას შეუწყო ხელი. ყველაზე მთავარი კი სამი ასაკობრივი პირველობის (16, 18 და 20-წლამდელთა) სისტემური აწყობაა - მანამდე ეს ჩემპიონატები ხან ერთ თვეში მთავრდებოდა, ხან სულაც არ ტარდებოდა.

დიდია და ბარბაქაძე
დროა მეხუთე ტურსაც მივხედოთ, რომელშიც ცენტრალური მატჩი "ოლიმპსა" და "ქუთაისს" შორის გაიმართა. შედარებით ადრე შეკრებილმა და გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე ქუთათურებმა სამი კაცის დაკლების (ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო) მიუხედავად ბოლო წუთებზე "ოლიმპის" გატეხვა მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში გიგი ბარბაქაძემ მატჩის ბედი ორი სამქულიანით გადაწყვიტა და ამიტომაც მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. მისი თანაგუნდელი რევაზ დიდია კი მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით შეხვედრაში საუკეთესო იყო (17). დიდიას სხვადასხვა პოზიციაზე უწევდა თამაში და ჩვენც გადავწყვიტეთ, მისთვის სიმბოლურ ნაკრებში ცენტრის ფუნქციები დაგვეკისრებინა.
ლაშა გამყრელიძე მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს, რაც "ოლიმპისთვის" დიდი დანაკლისი არმოჩნდა.

კარტერი
თბილისის "დინამომ" მეოთხე ტურში "სამედიცინოსთან" ოვერტაიმში წააგო, მეხუთეში კი შედარებით ძლიერი შემადგენლობის შსს-ს სძლია. ეს უმთავრესად კეიონ კარტერის დამსახურება იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო და 15-დან 10 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა. მარგი ქმედების მაჩვენებლით იგი ტურში საუკეთესო იყო (32) და ჟურნალისტებმა MVP-ად ზედიზედ მეორედ დავასახელეთ.

შსს-ს ახალი მწვრთნელი გაუძღვა - არჩილ ჟღენტი, რომელმაც დავით უსტიაშვილი შეცვალა. მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდიდან კაპიტანი ბექა წივწივაძე წავიდა.

ჩიკვილაძე
ბექა ჩიკვილაძე უფრო ხშირად მსროლელად თამაშობს, მაგრამ გამთამაშებლობაც კარგად შეუძლია და ამიტომაც შევიყვანეთ სიმბოლურში პლეიმეიქერის რანგში. ბექა ძალიან მონდომებულია და ეს ზოგჯერ სროლის სიზუსტეს ვნებს, რუსთავში კი გამოცდილი მონადირესავით ისროდა: 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო. მის გასწვრივ ოქმში სამი ერთნაირი რიცხვი დაფიქსირდა: 26 წუთი, 26 ქულა, 26 მქკ.

ბერიშვილი
"არმია"-თსუ-ს მატჩისას მოედანი თითქოს ჭადრაკის დაფასავით იყო დახაზული, გუნდებმა კალათბურთის ნაცვლად ჭადრაკი ითამაშეს: თეთრებმა (არმიელებმა) დაიწყეს და მოიგეს. დასაწყისში დიდი საჭადრაკო შებრძოლების შემდეგ დაფაზე ხუთ-ხუთი ფიგურა დარჩა. თეთრებმა ნელ-ნელა დახოცეს შავები და ვიდრე მოედანზე ხუთი ფიგურის წინააღმდეგ მხოლოდ მეფე (მიხეილ ფანჩულიძე) არ დარჩა, შავები არ დანებდნენ.

საკალათბურთო ენაზე გადაგითარგმნით: შაბათს, "არმია"-თსუ-ს დაპირისპირების მეორე პერიოდში კალათბურთელთა შორის შელაპარაკებისას მოედანზე ყველა სათადარიგო შევიდა და მსაჯმა დავით ბერეკაშვილმა ისინი თამაშიდან გააძევა და გასახდელისკენ მიუთითა. მატჩი გააგრძელა იმ ხუთეულმა, რომელიც შელაპარაკებისას მოედანზე იყო.

თსუ-ს ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო ნელ-ნელა გამოაკლდნენ სოსო შერმადინი, შალვა კოხრეიძე, თორნიკე ნინიაშვილი და დავით ბერიშვილი. მეოთხე პერიოდის მეორე წუთზე მოედანზე მიხეილ ფანჩულიძეღა დარჩა ხუთი არმიელის წინააღმდეგ. მსაჯმა ჩასტვინა და თამაში დაასრულა, რადგან ფიბა-ს წესებით - თუ ამა თუ იმ გუნდს მოედანზე ერთი კალათბურთელი რჩება, მატჩი სრულდება და მოგება მის მოწინააღმდეგეს ეთვლება.

სუპერლიგა. V ტური
ოლიმპი-ქუთაისი 64:75
დინამო-შსს 94:89
არმია-თსუ 73:71
ბათუმი-სოხუმი 64:88
რუსთავი-სამედიცინო 73:100

რეკორდები
ქულა
40 - ლევან ფაცაცია (სოხუმი)
2-ქულ 14/18; 3-ქულ 2/5; საჯ 6/6
11.11.11 ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
18 - ზვიად ანთაძე (სტუ)
(მეტოქ: 5; საკუთ: 13)
04.11.11 ბათუმი-სტუ

18 - კეიონ კარტერი (დინამო)
(მეტოქ: 7; საკუთ: 11)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი

ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

სიმბოლური ხუთეული "ლელოს" ვერსიით
№4 კეიონ კარტერი (დინამო), №5 რეზო დიდია (ქუთაისი), №2 ლევან ფაცაცია (სოხუმი), №3 გიგი ბარბაქაძე (ქუთაისი), №1 ბექა ჩიკვილაძე (სამედიცინო).
მწვრთნელი: მახაზ კოხრეიძე (ქუთაისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული