სუპერლიგა. XIV ტური

AutoSharing Option
სუპერლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მეორე წრიდან ყოველი თამაშის დასრულებისთანავე პრესკონფერენცია იმართება, რაც მისასალმებელია.

ვისაც შეხვედრის სრულყოფილი განხილვა აინტერესებს, მწვრთნელებისგან ამომწურავ ინფორმაციას მატჩისშემდგომ შეხვედრებზე მიიღებს.

... გაიგებს მოსაზრებას არბიტრებზე და ისეთ ფრაზასაც კი, რომელიც სათაურში მოვიყვანეთ. ქალ-ვაჟურ ურთიერთობაზე "დინამო"-"სოხუმის" მატჩისშემდგომ კომენტარებში წაიკითხავთ, აქ კი მსაჯობაზე უნდა ვთქვათ.

"შსს-აკადემიას" ბერძენმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა აღნიშნა:
- პირველად ჩემს კარიერაში მეტოქეს საკალათბურთო კომპონენტების უმრავლესობაში ვაჯობეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. ამის მიზეზი 42 საჯარიმოა, რაც მოწინააღმდეგემ ჩვენი კალათის მიმართულებით ისროლა. გთხოვთ, დიდი ასოებით დაწეროთ - 42 საჯარიმო!
გამყრელიძე მაღალი დონის კალათბურთელია, ნიჭიერია და მნიშვნელოვნად განაპირობა შეხვედრის ბედი. აქვე იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ მან 18 საჯარიმო სტყორცნა...

მწვრთნელმა ციფრებით მსაჯების მეტოქისადმი სიმპათიაზე მიგვანიშნა. ჟურნალისტები ვეთანხმებით თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ოლიმპი"-შსს აკადემიას" შეხვედრის მსვლელობისას ოლიმპელებიც აშკარად გამოხატავდნენ არბიტრებისადმი უკმაყოფილებას (ტექნიკური შენიშვნითაც დაისაჯნენ). იცით, რისი თქმა გვინდა? - ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად მატულობს თემიდელებისადმი უკმაყოფილებაც.

ეს დადებით შედეგს არ მოიტანს, რასაც შარშანდელი მაგალითიც მოწმობს - არბიტრების სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა...

წლეულს მსგავსი ფაქტი არ უნდა დავუშვათ! ქმედითი ნაბიჯები უკვე უნდა გადაიდგას, თორემ ერთ მწვრთნელს მეორე აჰყვება, მათ კლუბების ხელმძღვანელებიც მხარს აუბამენ და... მაშინ, როცა სუპერლიგაში ამდენი ევროპული დონის კალათბურთელია და პირველობისადმი ინტერესი ერთი-ორადაა გაზრდილი, საერთაშორისო სარბიელზე თავი არ უნდა შევირცხვინოთ.

უფრო კონკრეტულად: თუ საჭიროა, სამსაჯო კომიტეტმა, ფედერაციამ და კლუბების ხელმძღვანელებმა დეტალურად უნდა განიხილონ ესა თუ ის მატჩი; ასევე, თუ საჭიროა, ფედერაციამ (რომლის დაქვემდებარებაშიც სუპერლიგაა) თითი უნდა დაუქნიოს მსაჯებს; და კიდევ, თუ საჭიროა, კლუბები უნდა გააფრთხილოს მკაცრად, რომ არბიტრების თითოეული ნაბიჯი არ გაპროტესტდეს; და თუ საჭიროა... არა, ნამდვილად საჭიროა, მსაჯების საზღვარგარეთიდან მოწვევა.

იანვრის სათასო ბატალიებისა და სუპერლიგის მეთორმეტე-მეცამეტე ტურების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მსაჯების ადგილობრივი კადრებითაც გავიდოდით ფონს, მაგრამ დღეს, აშკარაა: სჯობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ჩვენს მსაჯებს ისეთები (უცხოელები) მივახმაროთ, ვისთვისაც სულ ერთი იქნება უწყებრივი ინტერესი, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუდს დაიხურავს და სამშობლოში მშვიდად გაემგზავრება.

18 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-შსს აკადემია 82:79
17:15, 19:22, 22:12, 24:30
ოლიმპი: მ. ბერიშვილი (11ქ, 8მ, 3პ), გამყრელიძე (35ქ, 5პ, 4ჩ), გულისაბედაშვილი (5ქ), მილუტინოვიჩი ჰოგერი (13ქ, 7მ), ტოდოროვიჩი (10ქ, 7მ), ტუტუსი (5ქ), ნანიტაშვილი (3ქ), თავართქილაძე.
შსს აკადემია: ბლერი (26ქ, 8მ, 6პ), ტაბსი (4ქ, 4მ), ნიკოლაძე, სმიტი (15ქ, 16მ, 4პ, 2დ), იმნაძე, ბოქოლიშვილი (6ქ), ტრეპალოვაცი (9ქ, 2დ), მუდი (8ქ, 3პ), თენიეშვილი (5ქ), ლაფანაშვილი (2ქ), ლონდარიძე (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.
კომისარი: მ. რატიშვილი.

ტაქტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "ოლიმპი"-"შსს აკადემია" იყო.

- გვაკლდა უკანახაზელი ნიკიცა სლიუკა (ჩუტყვავილა აქვს), რომლის მთავარი საქმე სამქულიანებია. ამ კომპონენტში ამიტომაც ვერ გამოვიყურებოდით სათანადოდ, - თქვა "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა. სლიუკას არყოფნაში პერიმეტრზე მთელი დატვირთვა ლაშა გამყრელიძეზე მოდიოდა.

აკადემიელთა ბერძენმა თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა ხერხს მიმართა: გამყრელიძეს მეურვე ერთი-ორი ნაბიჯის მოშორებით ედგა, შესაბამისად, როცა ლაშა პერიმეტრს უახლოვდებოდა, სამქულიანის ტყორცნისთვის ხელსაყრელი სიტუაცია ექმნებოდა. ასეთ დროს ძნელია ცდუნებას გაუძლო, პასი გასცე და დაგეგმილი კომბინაცია ბოლომდე მიიყვანო.

გამყრელიძე თავიდან ერთი-ორჯერ შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ შეუფერხებლად სტყორცნიდა: 16 ორქულიანი (7 ჩააგდო), 7 სამიანი (2 გამოიყენა) და 18 საჯარიმო ისროლა (15 ჩააგდო). საბოლოოდ 35 ქულა მოუგროვდა.

მართალია, რეალიზების პროცენტული მაჩვენებელი დაბალი ჰქონდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტის (22) მიხედვით მატჩში ყველას სჯობდა ("ევრობასკეტის" საიტის მიხედვით). ამიტომ, ჟურნალისტების საერთო გადაწყვეტილებით ლაშა ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს, სხვა ოლიმპელებს არაფერი გაუკეთებიათ. ძლიერი მეფარეებით შევსებულმა "შსს აკადემიამ" სამწამიან ზონაში გადამწყვეტი უპირატესობა რომ ვერ მოიპოვა, სწორედ ბერიშვილის, ჰოგერისა და ტოდოროვიჩის დამსახურება იყო.

ახლა რაც შეეხება "აკადემიას". თუ ოლიმპელთა მხრიდან შეტევაში ბევრი რამ გამყრელიძეზე იყო დამოკიდებული, შსს-ში იგივე ფუნქცია ლარი ბლერს ჰქონდა, რომელმაც უხერხული სიტუაციიდან არაერთი ბურთი ჩააგდო.

საბოლოოდ 26 ქულა მოაგროვა. 16 მოხსნითა და 15 ქულით გამოირჩა ტრეისი სმიტი. დებიუტანტმა ალან ტრეპალოვაცმა გულიანი თამაშით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა პირველ რიგში მის მაგალითზე უნდა ითქვას: "შსს აკადემიას" შეთამაშება სჭირდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამი კალათბურთელი და მთავარი მწვრთნელი გუნდს მეორე წრიდან დაემატნენ.

კეცელიდისს ჩამოსვლისას რომ ვკითხეთ: რამდენი დრო დაგჭირდებათ გუნდის ასაწყობადო, გვიპასუხა - პლეი ოფებამდე ეს სრულყოფილად ვერ მოხერხდებაო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მესამე მატჩი ჩაატარა და ლოგიკურია, რომ ბერძენი მწვრთნელის სქემების დახვეწას კალათბურთელები ჯერ ვერ მოასწრებდნენ.

ნამატჩევს
გია კაზანჯიანი
(ოლიმპის მწვრთნელი):
- რთული იყო ამ მატჩისთვის მომზადება, რადგან განახლებული შსს-ს თამაში მეორე წრეში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ. გუნდი მთლიანად შეცვლილია, ჰყავს ახალი მწვრთნელი, ახალი მოთამაშეები... გავიმარჯვეთ დაცვაში კარგი თამაშის წყალობით. ჩვენმა გუნდისთავმა, ლაშა გამყრელიძემ აჩვენა, რომ დღესდღეობით საუკეთესო გამთამაშებელია.

ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი):
- სხვადასხვა მიზეზთა გამო გვაკლდენენ მოთამაშეები და ამიტომაც მოედანზე დიდხანს ვიდექი. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს კარგი გარჯისთვის, ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენს ფან-კლუბს და მოწინააღმდეგეს, რომელმაც სანახაობრივი მატჩი აჩვენა.

დავით იმნაძე (შსს აკადემია):
- განახლებული გუნდი ვართ, ახალი მწვრთნელით, ახალი მოთამაშეებით და იმედია მომავალში ბევრად უკეთეს თამაშს ვუჩვენებთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვქომაგობდნენ.

* * *
დინამო-სოხუმი 83:69
17:18, 20:19, 25:22, 21:10
დინამო: ს. ლეჟავა (2ქ, 3პ), სანაძე (22ქ, 3პ), ალხანაიძე, წივწივაძე (15ქ, 5მ, 4პ), ზეჩევიჩი (10ქ, 5მ), ოლუიჩი (8ქ, 15მ, 3პ, 4დ), კარტერი (26ქ, 15მ, 5პ).
სოხუმი: ფარღალავა (12ქ, 3პ, 5მ), გაფრინდაშვილი (5პ, 5მ), ფაცაცია (22ქ, 13მ), ჯგერენაია (3ქ), ქადარია (6ქ, 6მ), ათუაშვილი (15ქ, 11მ, 2დ), ჩლაიძე (11ქ), ჩაჩიბაია.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.
კომისარი: რ. ხომერიკი.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დინამოსა" და "სოხუმის" მატჩი თანაბრად დაიწყო და ასევე გაგრძელდა. მესამე პერიოდში, როცა დინამოელთა 33 ნომერი კარტერი საჯარიმოს ხაზთან დადგა ტაბლოზე წყვილ-წყვილი რიცხვები ეწერა: 44:44 (მესამე პერიოდის დასრულებამდე 5:55 წუთი რჩებოდა). საკითხავი იყო, რომელი გუნდი გაძლებდა ბოლომდე, რადგან დინამოელებიცა და სოხუმელებიც 6-7 კალათბურთელით თამაშობდნენ.

მეოთხე პერიოდში "სოხუმის" უკანახაზელი ლაშა ფარღალავა ჩვეულად ენერგიულად ვერ გამოიყურებოდა, რადგან წინა დღეებში მაღალი სიცხეები ჰქონდა. თუმცა "დინამომ" იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა მეოთხე პერიოდი, რომ ფარღალავა სათანადო კონიციებშიც რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, შედეგზე ვერ იმოქმედებდა.

26 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა კარტერმა, ოლუიჩმა ბურთი 15-ჯერ მოხსნა, სანაძემ 22 ქულას მოუყარა თავი, ხოლო წივწივაძემ 15 ქულა ჩააგდო.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მწვრთნელი):
- ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მათმა გამოცდილმა მწვრთელმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და სხვა სტილის თამაში დაგვიპირისპირა. თუმცა, უმთავრესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):
- ბევრი მოთამაშე გვაკლდა, იყო ტრამვებიც, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. თუმცა წაგებას კალათბურთელებს არ ვაბრალებ.

მოგება მოთამაშეების ბრალია, წაგება - მწვრთნელის. ორივე გუნდმა იბრძოლა, მაგრამ კალათბურთი ქალ-ვაჟის სასიყვარულო ურთიერთობა არ არის, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. "დინამომ" მეტად მოინდომა და გაიმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობა

ად გუნდი თ მ წ სხ ქ
1 არმია 12 12 0 1059/767 24
2 ოლიმპი 12 10 2 984/874 22
3 ქუთაისი 13 9 4 1076/978 22
4 სოხუმი 13 8 5 1062/998 21
5 შსს აკადემია 13 8 5 1203/1033 21
6 დინამო 13 6 7 1067/1117 19
7 სტუ 13 5 8 1026/1123 18
8 სამედიცინო 13 5 8 1076/1123 18
9 თსუ 12 5 7 983/1021 17
10 ბათუმი-რსუ 13 1 12 937/1174 14
11 რუსთავი 13 1 12 893/1158 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული