"ოლიმპმა" მორიგი გამარჯვება ბათუმში მოიპოვა

AutoSharing Option
ბათუმში დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მე-8 ტურის რიგით მეორე მატჩი, სადაც ადგილობრივმა "ბათუმმა" "ოლიმპს" უმასპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო და 85:103 დამარცხდა.

ოლიმპელებმა უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარშივე მოიპოვეს და ტაიმში 56:45 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში "ოლიმპმა" მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და წინ 86:62 გაიქცა. დასკვნით მეოთხედში კი "ზღვისპირელები" მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ და მორიგი მარცხი განიცადეს.

"ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო ივი ჰოგერი აღმოჩნდა, რომელმაც 32 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე ჰოგერის თანაგუნდელმა მიხეილ ბერიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 15
ქულა და 11 მოხსნაა. ბათუმის მხრიდან კი 28 ქულით ლაშა კეშელავა გამოირჩა.

მატჩის შემდგომ "ბათუმისა" და "ოლიმპის" მწვრთნელების მიერ შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი):
"ძალიან სანახაობრივი და ლამაზი მატჩი გამოვიდა. იოლი შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. მატჩის პირველ ნახევარში "ბათუმმა" ძალიან კარგად იასპარეზა" თუმცა მესამე მეოთხედში წინ 17:0 გავიქეცით, რამაც მეტოქე საბოლოოდ გაგვატეხინა.

დასკვნით მეოთხედში სათადარიგო შემადგენლობით ვიასპარეზეთ და შესაბამისად თამაშის საშუალება ყველა მოთამაშეს მიეცა. სრულად არ დაგვიტვირთავს გიორგი გამყრელიძე, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა. მეორე ნახევარში კი საერთოდ არ უთამაშია. იმედია, გამყრელიძე შემდეგ ტურში სრული დატვირთვით შემოგვიერთდება.

მნიშვნელოვანი მატჩი გველის "დინამოსთან", რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენი მთავარი ოპონენტია.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ვებრძოლეთ მეტოქეს, თუმცა შემდეგ ვერაფერს გავხდით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შემადგენლობა და რესურსი არ გვაძლევს სათანადო წინაარმდეგობის გაწევის საშუალებას.

"ოლიმპი" ამ მატჩში ფავორიტი იყო და გაიმარჯვა კიდეც. რაც შეეხება ტრავმებს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლევან ელიაძეს, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

www.superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული