სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი: აფრინდნენ

AutoSharing Option
ვიდეო
სუპერლიგის ვარსკვლავთა წლევანდელი მატჩი წინა წლების იმავე ღონისძიებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, როგორც სანახაობრივი მხრით, ასევე მასშტაბებით. "ოლ სტარი-2012-ის" ორგანიზებისთვის მოიწვიეს ცნობილი რეჟისორი ლაშა ონიანი. შოუ გაალამაზა სოფო ხალვაშმა თავისი ბენდით. მაყურებელს საინტერესო სანახაობა შესთავაზა ტანმოვარჯიშეთა ეროვნულმა ნაკრებმა...

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც "საქართველოსა" და "მსოფლიოს" საკალათბურთო მატჩი იყო. საოცარია, მაგრამ ფაქტია: ზუსტად სამი წლის წინათ სუპერლიგაში 3 უცხოელი თამაშობდა. მათ შორის, ორი დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და ლეგიონერად თითქმის აღარც ითვლება. წლეულს კი არაერთი მაღალი დონის კალათბურთელი ჩამოვიდა, რომელთაგან ზოგიერთს
"ოლ სტარებში" თამაშის გამოცდილებაც აქვს და იცის, რისთვის ტარდება ასეთი ღონისძიება.

"ორივე გუნდმა ლამაზი კალათბურთი უჩვენა. ვეცადეთ, დარბაზში შეკრებილი უამრავი გულშემატკივარი კმაყოფილი დაგვეტოვებინა. მგონი, გამოგვივიდა. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს", - აღნიშნა ნამატჩევს ლარი ბლერმა, რომელმაც ქართველთა კალათში 31 ქულა ჩააგდო და ბოლოს MVP-ის ჯილდოც მიიღო.

1962 წელს ჩემპიონთა თასის მოგების 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, დიდი ყურადღება დაეთმოთ ვეტერან დინამოელებს. გურამ მინაშვილი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი და ლევან მოსეშვილი ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ. ღირსების ორდენის მფლობელთა კოჰორტას (რომელშიცაა გურამ მინაშვილი) შეუერთდა ვაჟა გვანცელაძე; ხოლო სპორტის რაინდის წოდებები მიიღეს ილარიონ ხაზარაძემ, ამირან სხიერელმა, ლევან მოსეშვილმა და ნიკოლოზ დერიუგინმა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს.

29 აპრილი. თბილისი, სპორტის სასახლე
ადგილობრივები-ლეგიონერები 125:137
35:31, 36:37, 17:39, 37:30
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

ადგილობრივები წთ ქ მ პ შ ჩ დ ფ
ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი) 2 0 1 1 0 0 0 0
გიორგი ცინცაძე (ოლიმპი) 19 17 3 3 2 4 0 0
დუდა სანაძე (დინამო) 23 18 5 8 0 1 0 1
გიგი ბარბაქაძე (ქუთაისი) 23 29 6 1 1 0 0 0
რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი) 19 9 4 3 4 0 0 1
დავით საყვარელიძე (არმია) 23 18 3 2 2 2 0 0
აკაკი დვალიშვილი (სამედიცინო) 10 2 3 1 1 0 0 0
ლაშა ფარღალავა (სოხუმი) 17 5 5 9 1 3 0 0
ლევან ფაცაცია (სოხუმი) 14 6 4 1 2 0 0 0
მერაბ ბოქოლიშვილი (შსს აკადემია) 16 9 3 0 2 1 0 0
ბექა ჩიკვილაძე (თსუ) 14 4 2 4 2 0 0 0
ბექა ბექაური (შსს აკადემია) 20 8 9 1 0 0 0 0

ლეგიონერები წთ ქ მ პ შ ჩ დ ფ
ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია) 16 0 1 7 2 0 0 0
ლარი ბლერი (შსს აკადემია) 23 31 8 9 2 2 1 0
ჯერემი რიჩარდსონი (არმია) 14 11 3 3 2 1 0 0
უილიამ ტომასი (არმია) 17 12 6 3 0 0 2 0
იოაკიმ შელბომი (არმია) 19 13 6 3 0 0 1 0
ენტონი მუდი (შსს აკადემია) 20 16 3 4 3 1 0 0
ნემანია ილიჩი (სამედიცინო) 7 3 2 0 1 0 0 0
ნიკიცა სლიუკა (ოლიმპი) 18 8 5 2 2 1 0 1
ჯასტინ ტაბსი (შსს აკადემია) 19 18 0 2 0 2 0 0
ივო ჰოგერი (ოლიმპი) 14 4 2 0 2 0 0 0
მილან ოლუიჩი (დინამო) 17 6 10 3 0 1 3 2
ქიენ კარტერი (დინამო) 15 15 2 0 2 2 0 0

შენიშვნა: წთ - წუთი, ქ - ქულა, მ - მოხსნა, პ - პასი, შ - შეცდომა, ჩ - ჩაჭრა, დ - დაფარება, ფ - ფოლი.

სამქულიანები
ნებისმიერ "ოლ სტარს" დამატებით ხიბლს სძენს შეჯიბრი სამქულიანებში. წინა წლებში შორეულ ტყორცნებში ერთმანეთს გამოცდილი ქართველი კალათბურთელები ეჯიბრებოდნენ. ამჯერად კი გამოცდილ უცხოელებს ახალგაზრდა ქართველები დაუპირისპირდნენ. კონკურსის მონაწილეები სუპერლიგის რეგულარული ეტაპის მაჩვენებლების მიხედვით გამოვლინდნენ.

შეჯიბრების პირველ ტურში ერთმანეთს სამქულიანი დისტანციიდან "დაეჭიდნენ" ნიკიცა სლიუკა (ოლიმპი), ვახტანგ ჩქარეული (თსუ), გიგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ლარი ბლერი (შსს აკადემია), ბენ ვუდსაიდი (არმია) და მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი). ფინალის საგზური ვუდსაიდმა და სლიუკამ მოიპოვეს. გადამწყვეტ პაექრობაში კი "ოლიმპის" ლეგიონერმა ნიკიცამ იმარჯვა და სნაიპერისთვის განკუთვნილი ჯილდოც დაიმსახურა.

ჩატენვები
ბოლო მომენტში შეიცვალა ჩატენვების კონკურსის ორი მონაწილე. გიგი ბარბაქაძისა და ბექა ახალაიას ნაცვლად შეჯიბრებაში ჩაერთვნენ გრიგოლ შვანგირაძე (სამედიცინო) და დავით ხიზანიშვილი (თსუ). მათ სერიოზული წინააღმდეგობა უნდა დაეძლიათ - ილიცა მილუტინოვიჩისა (ოლიმპი) და ჯასტინ ტაბსისა (შსს აკადემია).

ფინალში ერთმანეთს ორი ლეგიონერი შეხვდა, თუმცა ფავორიტი ჯასტინ ტაბსი გახლდათ, რომელიც ჩემპიონატის თამაშებისასაც ეფექტურად ჩატენვის შანსს ხელიდან არ უშვებს.

როგორ გაიმარჯვა ჯასტინმა, ამაზე თხრობას აზრი არ აქვს - ფოტოები უკეთ მეტყველებს... მხოლოდ ერთს დავძენთ: გამარჯვების შემდეგ ტაბსმა "შსს აკადემიის" ფორმა გაიხადა და თეთრ მაისურზე ეწერა - "მე მიყვარს შსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული