11:6, 15:20, 14:22, 19:14
კარდინალი/ორბი: სხირტლაძე (2ქ), ფაღავა (2ქ), გოგალაძე (6ქ), ლოლიშვილი, გუგეშაშვილი (12ქ, 12მ), ნადარაია (1ქ), ალიევი (13ქ), ვაჭარაძე (3ქ, 4პ), მჭედლიშვილი (6ქ, 7მ, 2დ), ბობილევი (14ქ, 20მ, 2დ).
აკადემია: პეტრიაშვილი (6ქ), მგალობლიშვილი (20ქ, 4პ), ცინცაძე (11ქ, 11მ, 7პ, 6ჩ), მასხულია (2ქ, 9მ), ნონიკაშვილი (7ქ, 7მ), შაბაშვილი (12ქ, 11მ), კობახიძე (4ქ).
თბილისის სპორტის სასახლემ 16-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა.
"აკადემიამ" "კარდინალი-ორბი" 62:59 დაამარცხა და სერიაში 2:1 იმარჯვა. ამ გუნდების პირველი ფინალური შეხვედრა აკადემიელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა -
"კარდინალი-ორბმა" მეორეშიც 59 ჩააგდო, ხოლო მეტოქეს 38-ზე მეტი ქულის მოგროვების უფლება არ მისცა და ანგარიში გაათანაბრა. მესამე დაპირისპირებაში, როგორც გითხარით, კარდინალებმა კვლავ 59 ქულა მოაგროვეს, მაგრამ დამარცხდნენ და ჩემპიონობა "აკადემიას" დარჩა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე აკადემია 7-ქულიან უპირატესობას ფლობდა - 58:51, თუმცა "კარდინალის" კალათბურთელებმა სირენამდე 16 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (59:60).
საბოლოო წერტილი საბა მგალობლიშვილმა და ნიკა შაბაშვილმა საჯარიმოებით დასვეს - 62:59.
"კარდინალის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი დიმიტრი ბობილევმა (14 ქულა, 20 მოხსნა) და გიორგი გუგეშაშვილმა (12 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულეს, ხოლო "აკადემიას" 20 ქულა საბა მგალობლიშვილმა მოუტანა.
ორმაგი დუბლი ნიკა ცინცაძისა და ნიკა შაბაშვილის ანგარიშზეა. პირველმა 11 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა, ხოლო ჭაბაშვილმა - 12 ქულა და 11 მოხსნა.
ნამატჩევს
ირაკლი ტომარაძე ("აკადემიის" მწვრთნელი):
"სერიის წინა მატჩში დიდი სხვაობით დავმარცხდით, მაგრამ ბიჭებმა შეძლეს რეაბილიტაცია და გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვფიქრობ, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს იყო".
ზვიად დიდბარიძე ("კარდინალი-ორბის" მწვრთნელი):
"აკადემიამ" აშკარად დაიმსახურა ეს გამარჯვება, ჩვენზე გაცილებით მობილიზებულად იასპარეზა. ვეცდებით, სამომავლოდ გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები".
ნიკა ცინცაძე ("აკადემია"):
"ამ მიზნის მიღწევისთვის მთელი წელი ვმუშაობდით და დიდი შრომა გავწიეთ. დასახულ მიზანს მივაღწიეთ, რაც მწვრთნელებისა და მთლიანად გუნდის დამსახურებაა".
გიორგი გუგეშაშვილი ("კარდინალი-ორბი"):
"აკადემიამ" ძალიან კარგად ჩაატარა თამაში. ჩვენ კი გვქონდა გარკვეული შეცდომები, რამაც მარცხი განაპირობა".
კადეტთა ოქრო აკადემიისაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"