სუპერლიგა. VI ტური: "შსს-აკადემიამ" "არმია" დაამარცხა

AutoSharing Option
"შსს-აკადემიამ" "არმია" დაამარცხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა არსებობის მანძილზე პირველად სძლია თავდაცვის სამინისტროს გუნდს. გეორგის კეცელიდისის შეგირდებმა პრინცილული მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს.

არსებობის 3-წლიან ისტორიაში ეს გახლდათ არმიელთა მე-5 მარცხი შინაურ სარბიელზე. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 2010-11 წლების სეზონში 3 მატჩი წააგო, გასულ ჩემპიონატში მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო, დღეს კი "არმიამ" სეზონის პირველი წაგება განიცადა.

საწყისი მეოთხედი შსს-ს უპირატესობით წარიმართა და კეცელიდისის გუნდის დამსახურებული გამარჯვებით - 24:17 დასრულდა.

მიუხე
დავად იმისა, რომ არმიელები 4:0 დაწინაურდნენ, აკადემიელებმა მალევე მონახეს მეტოქის ფარისკენ მისასვლელი გზები და ლიდერობას დაეპატრონენ.

ამერიკელი ლეგიონერების - ჩად პრიუიტის, დეონტა ვონისა და კირკ არჩიბექის წინამძღოლობით გეორგის კეცელიდისის გუნდი 18:10 დაწინაურდა.

პრევიტმა 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო არჩიბექმა სამწამიანი ზონიდან სამჯერ დალაშქრა არმიელთა კალათი.

მეორე მეოთხედში აკადემიელთა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია -29:19, თუმცა არმიელებმა მალევე მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება. მარკუს ფეისონისა და ბექა წივწივაძის სამიანებს უილსონის შედეგიანი გარღვევა მოჰყვა და "არმიამ" 8:0 გაქცევა მოაწყო - 27:29 პირველი ტაიმის დასრულებამდე 6:40 წუთით ადრე.

არმიელებმა გააგრძელეს შედეგიანი თამაში, ვლადიმერ ბოისამ ოქრულიანს პლუს საჯარიმო ჩააგდო, ხოლო უილსონის სამიანის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი დაწინაურდა - 35:33.

მთლიანობაში არმიელებმა 20:4 მოიგეს 7-წუთეული და ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 39:33 გალიდერდნენ. საბოლოოდ პირველი ტაიმი თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით - 43:40 დასრულდა.

მესამე მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა მეტოქის დაჯაბვნა.

ათწუთეული მცირე უპირატესობით არმიელებმა მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 56:50 დაწინაურდნენ. თამაშის განახლება იყო და აკადემიელთა ახალგაზრდა უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით სამქულიანი და ორიანი ჩააგდო, რასაც ვონმაც სამიანი მოაყოლა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "შსს-აკადემია" 58:56 დაწინაურდა.

მომდევნო წუთებში თამაში საკუთარ თავზე შსს-ელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა აიღო. დეონტა ვონმა შორიდანაც ჩააგდო, გარღვევითაც და პასებიც ჩამოარიგა.

3-წუთიან ეპიზოდში ვონმა 13 ქულა მიითვალა და შედეგად "შსს-აკადემია" დასრულებამდე 5 წუთით ადრე 68:60 დაწინაურდა. ამ სპურტს აკადემიელთა 18 წლის უკანახაზელის, რევაზ როგავას სამიანიც დაერთო და არმიელები წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ - 71:60 საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე.

დარჩენილ დროში არმიელებმი ეცადნენ, მარცხისთვის თავი აერიდებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

"შსს-აკადემია" დაცვაში გონივრულად თამაშობდა და მატჩის სადავეები ხელიდან არ გაქცევია. ტუღუშის გუნდმა ბოლო წუთებზე პრესინგს მიმართა და რამდენჯერმე ბურთიც ჩაჭრა, მაგრამ კერტის მილეიჯმა საჯარიმოები ააცილა, რითაც "შსს-აკადემიამ" გამარჯვება გაინაღდა. საბოლოო ანგარიშია 80:69.

გამარჯვებულებს 21-21 ქულით დეონტა ვონმა და კირკ არჩიბექმა ულიდერეს. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ვონმა ქულათა მონაგარს 10 პასი მოაყოლა, ხოლო არჩიბექმა - 13 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ჩად პრევიტსაც - 11 ქულა და 12 მოხსნა.

ათქულიანი ზღვარი აკადემიელთაგან მერაბ ბოქოლიშვილმაც (11) დაძლია. "არმიაში" შედეგიანობა ორნიშნა რიცხვით მხოლოდ ლამაინ უილსონმა გამოსახა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): "პირველ რიგში დიდ მადლობას გადავუხდი გუნდის ასისტენტებს არჩილ ჟღენტს, გიორგი ნიკოლაძეს, ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დავით არეშიძეს და გუნდის მენეჯერს მამუკა გოგლიძეს.

რაც შეეხება თამაშს, პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ თამაშის მოგება შეიძლებოდა. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით და ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ გუნდი ზაფხულიდან აქტიურად ვარჯიშობს, ასევე აღვნიშნავ ახალგაზრდა მოთამაშეების, ვილი ისიანის და რევაზ როგავას კარგ თამაშს".


კოტე ტუღუში (არმია): "მივულოცავ მოგებულ გუნდს, ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს. ვიცოდით, რომ შსს აკადემია ჩვენზე ბევრად უფრო კონცენტრირებული შეხვდებოდა ამ მატჩს, კარგი თამაში შედგა და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ.

რაც შეგვეხება ჩვენ, ცუდია რომ დავმარცხდით, პირველი მარცხია "არმიისთვის" რეგულარულ სეზონში, თუმცა ამისგან ტრაგედიას არ შევქმნით, წინ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის, მაქსიმალურად ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ".


ვილი ისიანი (შსს აკადემია): "ცოტას ვნერვიულობდი, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ყურადღების კონცენტრაცია შევძელით და დავამარხცეთ მეტოქე".

გიორგი შარაბიძე ( არმია): "მივულოცავ შსს აკადემიას, კარგი თამაში იყო და წარმატებებს ვუსურვებ".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული