იანვარში სუპერლიგის ზოგიერთ გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. დავინტერესდით, რა სიტუაციაა "შსს აკადემიაში", რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე, "ოლიმპთან" ერთად, პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულა.
საინტერესოა ისიც, რომ შსს-ელებს 16, 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებშიც ჰყავთ კარგი გუნდები.
- ჩვენი პრიორიტეტი უცვლელია, - გვითხრა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ, - გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვით ვცდილობთ, ქართულ კალათბურთს რაც შეიძლება, მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა გავუზარდოთ.
სწორედ ამიტომ გვყავს სამი ასაკობრივი გუნდი და თითოეულ კალათბურთელს ყველა პირობა
- პირველი წრის შემდეგ შემადგენლობაში რა სახის ცვლილებები განხორციელდა?
- პირველი გუნდი დატოვა ბესიკ ლეჟავამ. იგი "შსს აკადემიას" კარგი თამაშით არაერთხელ დახმარებია, თუმცა ამ ეტაპზე მისი და მწვრთნელის შეხედულებები არ დაემთხვა.
გვესმის, რომ ლეჟავა ეროვნული ნაკრების კანდიდატია და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რისთვისაც სხვა გუნდში გადასვლა იქნება უმჯობესი.
20-წლამდელთა გუნდში დავიმატეთ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოცდილი ლერი კვანტალიანი. იგი აქამდე "სოხუმის" ღირსებას იცავდა. 18-წლამდელთა გუნდს კი შეემატა სოსო მაჭავარიანი, რომელიც ჭაბუკთა ნაკრების წევრია.
- "შსს აკადემია" ქორქია-საკანდელიძის მემორიალს რამდენად კარგად მომზადებული ხვდება?
- 30 დეკემბრამდე ვვარჯიშობდით, რის შემდეგაც კალათბურთელებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და წვრთნა 3 იანვარს განვაახლეთ.
ჩავატარეთ საკონტროლო მატჩი თსუ-სთან. მემორიალში ხუთშაბათიდან ჩავერთვებით და იმედი მაქვს, გუნდი შეძლებს შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას.
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ოთხივე ასაკის გუნდს. საპასუხოდ კი, ოთხივე ლიდერებს შორისაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"