სუპერლიგა 2012-13. XVII:თსუ-მ პლეი ოფს გახედა

AutoSharing Option
8 მარტს ქუთაისში დაწყებული მეორე წრის მეექტვსე ტური 9 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. პირველ მატჩში თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის გუნდმა "ბათუმი" 86:66 დაამარცხა.

ამ მატჩის მთავარი ინტრიგა საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლა იყო. ეს გუნდები აუტსაუდერებად ითვლებიან, რომლებიც პლეი ოფის ბოლო საგზურებისთვის იბრძვიან.

"ბათუმის" დამარცხებით თსუ-მ თითქმის გაინაღდა საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი, ბათუმს კი პლეი ოფის საგზურისთვის ჭიდილი "სოხუმთან" მოუწევს.

რაც შეეხება თავად მატჩს, მისი პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. 3 წამყვანი მოთამაშის გარეშე მყოფი ბათუმელები პირველ ნახევარში და მესამე პერიოდის
დასაწყისში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლომდე საბრძოლველად ძალა აღარ ეყოთ.

ზღვისპირელებს განაცხადში მხოლოდ 7 მოთამაშე ჰყავდათ, რადგან დავით ნანიტაშვილს ტრავმა აწუხებდა, ხოლო ნიკა რამიშვილი და ვანო მაისურაძე დისკვალიფიცირებულნი იყვნენ.

მესამე პერიოდში თსუ-ს წევრებმა ერთ ეპიზოდში ზედიზედ 3 ტექნიკური ჯარიმა მიიღეს, ლაშა კეშელავამაც 6-ივე საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა მაინც მოახერხეს ლიდერობის მოპოვება და ბოლო მეოთხედში მეტოქე საბოლოოდ გატეხეს.

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 17 მოხსნით კოტდივუარელმა ლეგიონერმა სერჟ ასელაინმა ულიდერა.

18 ქულა და 7 პასი მოაგროვა გივი ბაქრაძემ, ვახტანგ ჩქარეულმა და დავით ხიზანიშვილმა პირად ანგარიშზე 13-13 ქულა ჩაიწერეს. ბათუმელთა შორის 19 ქულით გიორგი ყველაშვილი გამოირჩა, 16 ქულა ჰქონდა ლაშა კეშელავას, ავთანდილ ელიაშვილმა კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

მომდევნო, ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "შსს-აკადემია" და "არმია" დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორდი დოლბაია (თსუ, მენეჯერი): "პირველ რიგში, მადლობა ბათუმის გუნდს კარგი თამაშისთვის. პირველ მეოთხედში შედარებით გაგვიჭირდა თამაში, მაგრამ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, ძალიან პრინციპული თამაში იყო და შესაძლოა ითქვას, რომ უკვე 8 საუკეთესო გუნდში ვართ".

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. კარგი მწვრთნელი ჰყავს, პერსპექტიული გუნდია და ვულოცავ პლეი ოფში გასვლას, ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის და დაიმსახურეს კიდეც გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში".

გივიკო ბაქრაძე (თსუ): "ძალიან სასიხარულოა უშუალო კონკურენტთან მოგება, მათ 3 ძირითადი მოთამაშე არ ჰყავდათ და მაინც კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს".

მანუჩარ ნინუა (ბათუმი): "მივულოცავ გულით, 3 მოთამაშე გვაკლდა, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოს ძალა არ გვეყო, ვეცდებით რომ მომავალ თამაშებში გავიმარჯვოთ".

თსუ - ბათუმი 86:66

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული