ჩემპიონატი გაცოცხლდა - 6 ათასი გულშემატკივარი!

AutoSharing Option
2003 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი დაღმართზე დაეშვა - "ბასკო" და "დინამო" ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს ლეგიონერებმა და გულშემატკივარმაც საგრძნობლად იკლო. თუმცა ამ სეზონში ახალშექმნილმა "არმიამ", გაძლიერებულმა შსს-მ და გამოფხიზლებულმა სტუდენტურმა კლუბებმა ჩემპიონატი გამოაცოცხლეს.

გუშინ, ტურის ცენტრალურ მატჩში ("არმია"-თსუ) 6 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, ერთი მხრიდან არმიელთა შეძახილები ისმოდა, მეორე მხრიდან სტუდენტების ყიჟინა. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ 25 იანვარს სპორტის სასახლის არენა, სავარაუდოდ ბოლომდე გაივსება. ამ დღეს ერთმანეთს შსს და "არმია" "დაეჭიდებიან".

გულშემატკივრის კალათბურთზე დაბრუნება კი პირდაპირ მიგვითითებს ჩემპიონატის გაცოცხლებაზე. სავსე
ტრიბუნების წინაშე კალათბურთელებიც მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, მობილიზებასაც უკეთესად ახერხებენ, დაძაბულობაც მატულობს, სანახაობაც... მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონატის დონეც საგრძნობლად აიწევს და, მეტიც, ევროტურირებზეც თავს არ შევირცხვენთ.

შესავალში ასეთი შთაბეჭდილებების ფრქვევა ტურის ცენტრალურმა მატჩმა განაპირობა, რომელზეც ქვემოთ გესაუბრებით.

ჟურნალისტებმა ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ ერთ აზრზე ვერ შევჯერდით - ტურის საუკეთესო კალათბურთელად ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდა. ერთი ამბობდა, ფეხმტკივანმა ლაშა ფარღალავამ მოედანზე შესვლის შემდეგ "სოხუმის" მინუს 18, პლუს 14-ად აქცია და საუკეთესოობას იმსახურებსო. მეორის თქმით, ტურის კალათბურთელი ზვიად ბაბიაშვილი იყო, რომელმაც მესამე პერიოდში არმიელთა აღმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა. ხოლო მესამე კოტე ტუღუშის კანდიდატურას ემხრობოდა, რომელმაც ბოლო წუთებზე უშეცდომოდ ისროლა და ა.შ...

რადგან ტურის ცენტრალური მატჩი "არმია"-თსუ იყო, საუკეთესოებიც ამ შეხვედრიდან დავასახელეთ - ბაბიაშვილი და ტუღუში.


სოხუმი-ბათუმი 90:76
14:20, 16:20, 33:21, 27:15
სოხუმი: ფარღალავა (24ქ, 5მ, 3პ), შანიძე (27ქ, 7მ), სორდია (6ქ), კანკია (3ქ, 6პ, 4ჩ), კოპალიანი (3პ), მაქქერი (8ქ, 9მ), კ. დამუსი (10ქ, 13მ), რ. დამუსი (12ქ, 8მ, 2დ), კვარაცხელია.
ბათუმი: რამიშვილი (3ქ), ვ. მაისურაძე (15ქ), თენიეშვილი (10ქ, 2დ), მიქელაძე (10ქ, 5პ), ნინუა (5ქ), სიხარულიძე, ჩხატარაშვილი, კეშელავა (20ქ, 7მ), ჩხაიძე (3ქ), ელიაშვილი (7ქ, 6მ, 4პ), ელიაძე (3ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ხ. გაბედავა.
კომისარი: რ. ხომერიკი.

ფარღალავა
ბათუმელთა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა "სოხუმთან" მატჩისთვის შეგირდები შესანიშნავად განაწყო და ლაშა კეშელავას ზუსტი თამაშის წყალობით პირველ ტაიმში 19-ქულიან უპირატესობას მიაღწია. არ ჩანდა გზა, რომლითაც სოხუმელები თამაშის შემოტრიალებას შეძლებდნენ. ნამატჩევს "სოხუმის" მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ გვითხრა.
- არ მსურდა მოედანზე ლაშა ფარღალავას გამოყვანა, რომელსაც მუხლი აწუხებს, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც ჩავრთე თამაშში და... და გზაც გამოჩნდა. ფარღალავას შეჩერება ბათუმელებმა ვერ მოახერხეს და 19-ქულიანი უპირატესობა ხელში შეადნათ. "სოხუმმა" 90:76 მოიგო.


არმია-თსუ 69:65
18:20, 18:18, 13:19, 20:8
არმია: ბაქრაძე (4ქ), ბაბიაშვილი (17ქ, 9მ, 3ჩ), ბოისა (3ქ, 3პ, 2დ), მინაშვილი (4ქ), მ. ბერიშვილი, ტუღუში (17ქ, 16მ, 4პ), პირველაშვილი (2ქ), ათანელიშვილი (8ქ, 5მ), უგრეხელიძე (4ქ, 8მ, 5ფ), ათუაშვილი, საყვარელიძე (10ქ, 6მ, 4პ).
თსუ: ხიზანიშვილი, ფანჩულიძე (26ქ), გაფრინდაშვილი (2ქ, 11პ, 4ჩ), მარხვაშვილი (8ქ), ლონდარიძე (11ქ, 7მ, 3ჩ, 5ფ), კორკოტაძე (6ქ), ჩიტაშვილი, ყველაშვილი (4ქ, 5მ, 5ფ), მათიაშვილი (8ქ, 7მ, 5ფ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.

ფანჩულიძე
შესავალში ტურის საუკეთესო კალათბურთელებად ზვიად ბაბიაშვილი და კოტე ტუღუში დავასახელეთ. "არმია"-თსუ-ს შეხვედრის მსვლელობისას, მაშინ, როცა სტუდენტები 8 ქულით დაწინაურდნენ ტურის კალათბურთელობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა სტუდენტმა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც საბოლოოდ 26 ქულა ჩააგდო. თუმცა მან მხოლოდ 4 წუთი დაისვენა და ბოლო წუთებისთვის ჩვეული ენერგიულობით ვეღარ გამოირჩა.

საინტერესო გამოდგა მატჩის ბოლო მეოთხედი, რომლის ქრონოლოგიასაც მომდევნო აბზაცში შემოგთავაზებთ.

ბოლო მეოთხედში ლევან მოსეშვილის გუნდმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტა და თსუ-ელებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ ბურთის ჩაგდება. თავის მხრივ, დაცვაში სტუდენტებიც მყარად იდგნენ და არმიელებმა მხოლოდ საფინალო სირენამდე 4:26 წუთით ადრე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ამ დროისთვის თსუ ტანმაღლების, რიჩარდ მათიაშვილისა და გიორგი ყველაშვილის გარეშე თამაშობდა (5-5 ჯარიმა), შესაბამისად, აქცენტი შორიდან ტყორცნებზე ჰქონდა: სირენამდე 3:30 წუთი რჩებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ზურაბ კორკოტაძემ სამქულიანით სტუდენტები 62:59 დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში უფრო დაიძაბა და თსუ-მ მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო. ...ასეთი დაძაბული სიტუაცია არმიელთა ლიდერის ტუღუშისთვის უცხო არ არის. მან სირენამდე 55 წამით ადრე მოედნის მთელს სიგრძეზე ზუსტი პასი გადააწოდა რეზო ათანელიშვილს, რომელმაც "არმია" 65:63 დააწინაურა. თსუ-ელები არ ნებდებოდნენ, თავისუფლად ტყორცნის საშუალებას არავის აძლევდნენ, არც ტუღუშს, რომელზეც სირენამდე 16 წამით ფარქვეშ დაჯარიმდნენ... იგი საჯარიმოს ხაზთან მივიდა და ორი ტყორცნისას ხელი არ აჰკანკალებია – 67:63. საპასუხო შეტევისას კორკოტაძემ ორქულიანი გამოიყენა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის საბოლოო წერტილი მაინც ტუღუშმა დასვა, კვლავ ორი საჯარიმო ჩააგდო (69:65) და "არმიას" სეზონში მეოთხედ მოაგებინა.

სამედიცინო-დინამო 90:73
20:16, 12:20, 32:22, 26:15.
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (14ქ, 4პ, 4ჩ), ჩაჩიბაია (9ქ, 8მ), ს. ლეჟავა (3ქ), თავართქილაძე (13ქ, 7მ), ბექაური (14ქ, 13მ, 3პ, 3დ), ნინიაშვილი (17ქ, 8მ, 2დ), კეიდია (9ქ), როდუმტა (2ქ), ჭოჭუა (9ქ, 8მ).
დინამო: ივანეიშვილი (9ქ, 6მ), ეძგვერაძე (11ქ, 3პ), პატარაია (5ქ), თვაური (2ქ), გლუნჩაძე (2ქ), ალხანაიძე (14ქ), თავამაიშვილი (8ქ, 5მ), გულდედავა (3ქ), ჩაველაშვილი (9ქ), კუჭავა (7ქ, 5მ, 4პ), წიკლაური (3ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, მ. ანდღულაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე.

ორი მატჩის ერთი სცენარისტი
"სამედიცინო"-"დინამოს" და "სოხუმი"-"ბათუმის" დაპირისპირებები ერთმანეთს ისე ჰგავდა, თითქოს ერთი სცენარისტი ჰყოლოდა. "მედიკოსებმა" სოხუმელთა მსგავსად თამაშის შემოტრიალება მეორე ტაიმში მოახერხეს.

შევადაროთ ორივე მატჩის მეორე და მესამე პერიოდების ანგარიშები: მესამე ათწუთეული "სოხუმმა" 33:21 მოიგო, ხოლო "სამედიცინომ" - 32:22. მეოთხე პერიოდში სოხუმელებმა 27:15 იმარჯვეს, "მედიკოსებმა" - 26:15. გამარჯვებულებმა ორივე შეხვედრაში 90-90 ქულა ჩააგდეს. "დინამოს" 3 ქულით მეტი რომ მოეგროვებინა, საფინალო ანგარიშებიც ერთმანეთს დაემთხვეოდა. "სოხუმმა" 90:76 იმარჯვა, "სამედიცინომ" - 90:73.


სტუ-შსს 83:109
21:22, 32:25, 17:25, 13:37
სტუ: ანთაძე (20ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), ჭოხონელიძე (2ქ), ვ. ბერუაშვილი (13ქ, 7მ, 5ფ), ჩიკვილაძე (17ქ, 3პ), ლომოური (8ქ), გასიტაშვილი (3პ, 3ჩ), კობიძე (6ქ, 8მ), ჯანგველაძე (11ქ, 5მ), ძიძიგური (6ქ), ჩალიგავა.
შსს: დ. ბერიშვილი (7ქ, 6პ, 5ჩ), ლაფანაშვილი (15ქ, 10მ), ბ. ლეჟავა (16ქ, 4პ), ნიკოლაძე (2ქ), კოტონი (3ქ), მარკოიშვილი (8ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე (26ქ, 19მ), იმნაძე (17ქ, 9მ), შერმადინი (7ქ), ტომარაძე (8ქ, 7მ), დეკანოიძე.
მსაჯები: კ. კუპატაძე, ვ. კიკოტი.
კომისარი: თ. ქიქოძე.

ბარბაქაძე
სეზონის დასაწყისში დავით ბარბაქაძე თსუ-დან შსს-ში გადავიდა. სტუდენტურ გუნდში დათო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო, ძალოვანთა რიგებში გადასვლის შემდეგ კი საუკეთესო მატჩი გუშინ ჩაატარა - 27 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. "ველურამ" (ბარბაქაძის მეტსახელი) მოხსნებში რიჩარდ დამუსის რეკორდი გაიმეორა, ხოლო მეტოქის ფარზე მოხსნებში საუკეთესო შედეგი უჩვენა - 11.

ახალგაზრდა ტექნიკოსებმა შსს-ს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმი 53:47 მოუგეს, თუმცა მეორე ტაიმში ძალოვნებმა იძალეს და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით მოიგეს.


ქუთაისი-აგრარული 80:67
25:6, 26:22, 13:20, 16:19
ქუთაისი: დიდია, ბ. ბერიშვილი (14ქ), კვიმსაძე (21ქ), ტუკვაძე (4ქ), ბოლქვაძე (9ქ), ლომინაშვილი (8ქ), გ. ბარბაქაძე (4ქ), კოღუაშვილი (5ქ), ქორიძე (10ქ), მესხი (5ქ).
აგრარული: ტეტელაშვილი (6ქ), ნანიტაშვილი (19ქ), კანდელაკი (2ქ), ჩაჩანიძე (13ქ), ხანიაშვილი (6ქ), გემაზაშვილი (2ქ), ჯავახიშვილი (4ქ), მუმლაძე (15ქ).

მესამე მოგება
"აგრარულსა" და "ქუთაისს" ურთიერთშეხვედრამდე 2-2 მოგება ჰქონდათ, თუმცა ქუთათურებს შედარებით გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ და წინასწარ შეიძლებდა იმის ვარაუდი, რომ გუშინ მასპინძლები გაიმარჯვებდნენ. ასეც მოხდა - მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა ჩემპიონატში მესამე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდნენ. მათ და "ენერჯის" ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით ცხრილში წინ რუსთაველები არიან.

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შსს 5 5 0 483/377 10
2. თსუ 6 4 2 519/476 10
3. სოხუმი 6 4 2 500/478 10
4. არმია 5 4 1 456/366 9
5. ენერჯი 5 3 2 387/379 8
6. ქუთაისი 5 3 2 407/387 8
7. აგრარული 6 2 4 425/486 8
8. სამედიცინო 5 2 3 364/363 7
9. ბათუმი 5 2 3 390/403 7
10. დინამო 6 1 5 408/539 7
11. სტუ 6 0 6 493/578 6


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ფოტო: superleague.ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ქუთაისი 5 ლშიუნდა შევიდეთ რრასაც მე უყურებ შეგვილია. ის 2 წაგებაც ლიდერებთან გვაქ და ერთი შსს ტან როგორაც წავაგეთ კი იცით ყველამ
vaxo
20:35 01-12-2010
0
25 დეკემბერსაა შსს არმია
tornike
13:55 01-12-2010
0

სიახლეები პოპულარული