პეტრას ბალოჩკა: სოხუმი ჩემთვის უცხო არ არის

AutoSharing Option
გასულ შაბათს სპორტის სასახლის ტრიბუნებზე, "სოხუმის" გულშემატკივართა შორის ლიტველი კალათბურთელი იჯდა - პეტრას ბალოჩკა ლაშა ფარღალავას მეგობარია და საქართველოში სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა. შაბათს გაურკვეველი იყო ბალოჩკას მომავალი. იგი ბრაზილიაში წასვლაზე ფიქრობდა, სადაც ცოლ-შვილი ჰყავს... თუმცა არც "სოხუმთან" კონტრაქტის გაფორმებას გამორიცხავდა.

გუშინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ ახალი ამბავი გვითხრა:

- ბალოჩკა "სოხუმში" ითამაშებს. ლიტვიდან მის გათავისუფლების ფურცელს ველით, იმედი გავქვს, შაბათამდე ჩამოვა და პეტრასი სტუ-სთან მატჩში დაგვეხმარება.

ახლა თავად ბალოჩკას მოვუსმინოთ, რომელიც ლაშა ფარღალავასთან ერთად "სოხუმამდე" ფლორიდულ "პენსაკოლაში" და
"ჰავაიში" თამაშობდა. ამერიკიდან ისინი ლიტვაში ჩავიდნენ, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულან და კარიერის საქართველოში გაგრძელება გადაწყვიტეს.

- თქვენი ქვეყნის შესახებ ლაშაც მიყვებოდა და მანამდეც ბევრი რამ ვიცოდი: მამაჩემი ვილნიუსის "სტატიბაში" თამაშობდა, საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი და აქაურ ამბებს ყოველთვის დადებითი ემოციებით იხსენებს. მეც ძალიან მსურდა თქვენი ქვეყნის გაცნობა. ახალი ჩამოსული ვარ და მხოლოდ დედაქალაქის დათვალიერება მოვასწარი. მოვიხიბლე ძველი თბილისით. მართლაც თბილი ქვეყანა გქონიათ: ლიტვაში ყინვა -30 გრადუსამდე ადიოდა, აქ კი მზე დამხვდა...

- მინდა, ლაშა ფარღალავაზე გკითხო.
- ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი და იქაურებთან საერთო ენის გამონახვა მიჭირდა. გუნდში ლაშა რომ მოვიდა, ერთმანეთს პირველივე დღიდან უსიტყვოდ გავუგეთ და კარგ მეგობრებად ჩამოვყალიბდით. "პენსაკოლას" შემდეგ სხვადასხვა კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გავატარეთ, თუმცა მაშინაც ერთმანეთს ხშირად ვაკითხავდით. რაც შეეხება კალათბურთელ ფარღალავას, იგი კარგი მოთამაშეა. მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ, რაშიც მალე დარწმუნდებით.

- "პენსაკოლასთან" ერთად იუნიორთა შორის ფლორიდის ჩემპიონი გახდი.
- კარგი გუნდი გვყავდა. სწორედ წარმატებული თამაშის გამო მიგვიწვიეს მე და ლაშა "ჰავაის" კოლეჯში, რომელიც NCAA-ს წარმომადგენელია.

- ფარღალავას სეზონის ბოლოს მწვრთნელთან პრობლემები ჰქონდა.
- ლაშას ხელი აწუხებდა, მწვრთნელი კი ამას არაფრად აგდებდა და თამაშს აიძულებდა. სხვათა შორის, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი - ექიმებმა გამსინჯეს და საზარდულის მყესი დაზიანებული აღმომაჩნდა. მწვრთნელმა მაინც მათამაშა... "ჰავაის" დამრიგებელს მიაჩნდა, რომ კალათბურთელს ტრავმა არ უნდა მოსვლოდა. პირველი სეზონის შემდეგ ფარღალავამ "ჰავაი" დატოვა, "მონტანაში" გადავიდა. არადა, რამდენჯერ ვუთხარი, დარჩი, ერთი სეზონიც კუნძულზე ჩავატაროთ და მერე ერთად წავიდეთ-მეთქი. სხვათა შორის, "ჰავაიმ" წარმატებას ვერც მეორე სეზონში მიაღწია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მწვრთნელი იყო. 2010-11 წლების სეზონის წინ ის სპეციალისტი გადააყენეს და გუნდმა კოლეჯების ლიგა შესანიშნავად დაიწყო - ხუთი მატჩიდან ყველა მოგებული აქვს.

- 2010-11 წლების სეზონის წინ ორივე ლიტვაში ჩახვედით.
- ლაშა "პალანგაში" თამაშობდა, თუმცა გუნდი ერთ თვეში დატოვა, რადგან "პალანგას" სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. მე "რიტასში" გადავედი, მაგრამ მალე რამდენიმე გამოცდილი მეფარე ჩამოიყვანეს და "პერლასში" გამანათხოვრეს. იქ ძალიან ცოტას მათამაშებდნენ. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდოდათ. საბოლოოდ გუნდის უფროსობას დაველაპარაკე და წამოვედი.

- მივადექით "სოხუმს".
- ეს კლუბი ჩემთვის უცხო არ არის, კალათბურთელთა უმეტესობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძმები დამუსები "პენსაკოლას" კოლეჯში გავიცანი. ჰავაიდან დასვენებისას მონტანაში რომ ჩავედი, სწორედ იქ გავიცანი მაიკ მაქქერი. ქართველ კალათბურთელებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ძალიან მაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატში თამაში.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული