სწავლა სიბერემდე მწვრთნელებსაც მართებთ

AutoSharing Option
მერამდენედ გვიწევს გამეორება - 2010-2011 წლების სუპერლიგა ბოლო ათწლეულში ყველაზე საინტერესოდ დაიწყო. ბევრი თანაბარი გუნდია, გულშემატკივრის რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა და, რაც მთავარია, წინა წლებისგან განსხვავებით, ჩემპიონობის გამოკვეთილი ფავორიტის წინასწარ დასახელება შეუძლებელია.

პირველი წრის დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა, სატურნირო ცხრილში თუ უშუალოდ მოედანზე სიტუაცია მეტად დაძაბულია. ამას ლოგიკურად მოსდევს ერთის გაწბილება, მეორის დიდი სიხარული, ბევრი არბიტრების მოქმედებაზეცაა გაბრაზებული. როგორც გითხარით, პირველი წრე ჯერ არ დასრულებულა,

მეორიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და საინტერესოა, რამდენადაა მზად ამისთვის სუპერლიგის ხელმძღვანელობა. გუშინ სუპერლიგის დირექტორ გიორგი
ზაბახიძეს უმაღლეს ლიგაზეც ველაპარაკეთ, ასაკობრივ ჩემპიონატზეც და კიდევ არაერთ საჭირბოროტო თემაზე. შესავალს წერტილს აქ დავუსვამთ და გიორგი ზაბახიძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- წლევანდელი ჩემპიონატი წინამორბედებისგან რომ გამოირჩევა, ამის შეხსენება აღარავის სჭირდება. ამ ფაქტს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: სეზონის დაწყებამდე საქართველოში უცხოეთში მოასპარეზე არაერთი ჩვენიანი დაბრუნდა, რომლებმაც ჩემპიონატს დამატებითი ხიბლი შესძინეს. ასევე მისასალმებელია ლეგიონერთა მატება - ჩემპიონატის 20-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი უცხოელი სწორედ დღეს თამაშობს, ამერიკელები, ლიტველი, კამერუნელები... სეზონის მეორე ნახევარში მათი რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ხაზი უნდა გავუსვათ ფინანსურ სიტუაციასაც: 11-დან 10 გუნდს წინა წლებთან შედარებით სრულყოფილი დაფინანსება აქვს. სწორედ წლეულს განხორციელდა კალათბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოსადმი შეთავაზებული პროექტი, რომლის მიხედვით სტუდენტურ კლუბებს სასწავლებლებმა 200-200 ათასი ლარი გამოუყვეს. ამ პროექტის დამტკიცებაზე დიდი გავლენა მოახდინა სანაკრებო წარმატებამ.

- ის ერთადერთი კლუბი, სადაც კალათბურთელები უხელფასოდ თამაშობენ, "დინამოა". იგი საფეხბურთო "დინამოს" ნაწილია და თუ გაქვთ ინფორმაცია, ახალი მფლობელის გამოჩენის შემდეგ რა ბედი ელის საკალათბურთო "დინამოს"?
- ჯერჯერობით "დინამოს" ირგვლივ ყველა საკითხი არ გადაწყვეტილა და არც ის ვიცით, რა ელის საკალათბურთო "დინამოს". ვფიქრობთ, მალე ყველაფერს გავიგებთ.

- 200-200 ათასს დავუბრუნდეთ. ამ თანხის მიღების შემდეგ სტუდენტურ გუნდებში მაინც არათანაბარი სიტუაციაა, ერთნი ფინალისთვის იბრძვიან, მეორენი - აუტსაიდერებად რჩებიან...
- სუპერლიგის ხელმძღვანელობას კლუბების მართვაში ჩარევის უფლება არ აქვს. მხოლოდ რჩევები შეგვიძლია მივცეთ. დღეს პრობლემად რჩება საკალათბურთო მენეჯმენტი. ზოგი სწორად ვერ წარმართავს ამ პროცესს. შეიძლება, ამა თუ იმ გუნდს ჩავარდნა ჰქონდეს და დასახულს ვერ მიაღწიოს, მაგრამ მიზანი ხომ უნდა გააჩნდეს?! არ შეიძლება მენეჯმენტს მწვრთნელი წარმართავდეს, მას თავისი საფიქრალი საკმარისად აქვს - გუნდი უნდა მოამზადოს. სამწუხაროდ, სუპერლიგაში ზოგიერთი მწვრთნელი იმ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, როგორიც დღევანდელ კალათბურთს ეკადრება. თანხა, რომელიც სტუდენტურმა გუნდებმა მიიღეს, ან სხვა კლუბებმა სპონსორებისგან მოიძიეს, შეიძლება უკეთესად გამოიყენონ და უფრო კარგად წარმოჩნდნენ. ფული სწორად რომ დაიხარჯოს, შეიძლება ორი წლის შემდეგ ახალგაზრდული გუნდებიდან სათანადო შევსება თავადაც მიიღონ და ნაკრებსაც აღუზარდონ კანდიდატები.

- ახალგაზრდულ ჩემპიონატებში დუბლშემადგენლობების გამოყვანას გულისხმობთ?
- საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამ ასაკობრივ ჩემპიონატს ატარებს (16-წლამდელებში, 18-წლამდელებში და 20-წლამდელებში). მათივე მომავლისთვის აუცილებელია, რომ სუპერლიგის ყველა გუნდს ასაკობრივ პირველობებში წარმომადგენლები ჰყავდეს და იქიდან იღებდეს შევსებას. კლუბების ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ ეს რჩევა გაითვალისწინონ. საზღვარგარეთ ყველა გუნდს თავისი მრავალწლიანი ისტორია აქვს, იმიტომ რომ აწყობილი საკალათბურთი სკოლა გააჩნია და ახალგაზრდული გუნდებიდან ყოველწლიურად 3-4 კალათბურთელს იმატებენ. საქართველოში მსგავსი სიტუაცია მხოლოდ რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმშია. ახალგაზრდულ ჩემპიონატებში სწორედ "რუსთავი" და "ქუთაისი" გამოირჩევიან. მისასალმებელია, რომ ქვემოქართლელებმა იმდენს მიაღწიეს, რომ წლეულს სუპერლიგაში სანახევროდ ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და წარმატებითაც თამაშობენ.

- დუბლშემადგენლობების შექმნა ფედერაციამ რამდენიმე წლის წინათაც მოითხოვა, მაგრამ მაშინ საკუთარი თავის შესანახი ფული არ ჰქონდათ.
- მომავალი წლიდან სუპერლიგა მოითხოვს, რომ ყველა კლუბს მინიმუმ სამი მწვრთნელი ჰყავდეს. ერთი უმცროს ასაკში, მეორე 20-წლამდელებში, რათა სუპერლიგისა და ახალგაზრდულ გუნდებს ერთი ხედვა, ერთი სტრატეგია ჩამოუყალიბდეს და ახალგაზრდა კალათბურთელებსაც პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ საქმე გაუადვილდეთ. რაც შეეხება თანხებს, სუპერლიგის წარმომადგენლებმა ბავშვთა ასაკის გუნდებზე ბიუჯეტის მაქსიმუმ 5 პროცენტი რომ დახარჯონ, ქართულ კალათბურთსაც დიდ საქმეს გაუკეთებენ და თავადაც წაადგებათ. უფრო კონკრეტულად ვიტყვი: 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების ნახევარში თანხას მშობლები იხდიან. ამას გარკვეული პრობლემები მოსდევს: როცა მშობელი ხედავს, რომ ფულს იხდის, მაგრამ მისი შვილის გუნდი მაინც აგებს, პასუხს მწვრთნელს სთხოვს. ამ დროს გუნდის თავკაცისთვის თავის დაძვრენის საუკეთესო ვარიანტია წაგების მსაჯებზე გადაბრალება. ბოლო დროს არბიტრების მიმართ არაერთი უკმაყოფილება მომისმენია, მაგრამ საქმის განხილვის ოფიციალური წერილით არავის მოუმართავს. ბოლო წერილი, რომლითაც გვთხოვეს მსაჯების საქმის განხილვა, 3 წლის წინათაა შემოტანილი.

- რადგან მსაჯები ვახსენეთ, სუპერლიგას დავუბრუნდეთ და არბიტრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვთქვათ, რომელთა მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქმულა.
- დასამალი არაფერია, პრობლემა ნამდვილად არსებობს. ზოგი გუნდი მართლაც უკმაყოფილოა. ეს პირად საუბრებშიც დაუფიქსირებიათ. შეცდომა ბევრია, მაგრამ ვინმეს მიმართ განზრახ მიკერძოების ფაქტი არ ყოფილა. თუ ასეთი რამ შევნიშნეთ, კარგად გამოვიკვლევთ, დადასტურების შემთხვევაში სასჯელი მკაცრი იქნება. სუპერლიგას სულ 9 არბიტრი ემსახურება, რომელთაგან მხოლოდ სამია ფიბა-ს კატეგორიისა. ეს ძალიან ცოტაა. შესაბამისად, მსაჯთა კოლეგიის მუშაობითაც ვერ ვიქნები კმაყოფილი. ვერ ხერხდება კადრების მოძიება და მსაჯების აღზრდა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურობაა საჭირო, რაზეც მსაჯთა კოლეგია და კალათბურთის ფედერაცია მუშაობენ - ორშაბათიდან გამოქვეყნდება ერთგვარი მოსახმობი, რათა დავაინტერესოთ ნიჭიერი კადრები. ყველას გვედრში ამოვუდგებით და განვითარებაში სათანადოდ დავეხმარებით, რათა ფიბა-ს დონემდე ავიდნენ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ.

- სუპერლიგიის გუნდების მოღონიერებასთან ერთად იმატა დაძაბული მატჩების რაოდენობამაც. რას ფიქრობთ, როგორ უმკლავდებიან მსაჯები დაკისრებულ ფუნქციას?
- 5-6 თანაბარი ძალის გუნდია, შესაბამისად ყოველ ტურში 2-3 დაძაბული მატჩია. ფიბა-ს კატეგორიის სამი არბიტრი საკმარისი ნამდვილად არ არის. მათზე დიდი დატვირთვა მოდის, რაც თავად მსაჯებისთვისაც არ არის კარგი და გუნდებისთვისაც. სწორედ ამიტომ უცხოელი არბიტრების მოწვევას ვაპირებთ.

- როდის?
- პლეი ოფებიდან. თუმცა, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ, ჯერ არ გარკვეულა.

- წლეულს არც მხარდამჭერ გოგონათა ჯგუფი გვყავს.
- შარშან მოცეკვავე გოგონათა ჯგუფს ფულს სუპერლიგა უხდიდა. გუნდებს დავანახვეთ, რომ ეს თამაშებს დამატებით ხიბლს სძენს. თუმცა, ნებისმიერ მოწესრიგებულ საკალათბურთო ქვეყანაში ყველა კლუბს ფან-კლუბის პარალელურად მხარდამჭერ გოგონათა ჯგუფი ჰყავს. სუპერლიგის გუნდების ნაწილმა კარგი ფან-კლუბი შექმნა, რაც შეეხება მხარდამჭერ გოგონებს, ამ მხრივ ერთი სიახლეა - თსუ აპირებს თავის თამაშებზე მოცეკვავე გოგონათა გამოყვანას. ეს მისასალმებელია. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ პროექტი მალე განხორციელდება. იმედია, თსუ-ელებს სხვებიც მიბაძავენ.

- ისევ ბავშვთა კალათბურთს დავუბრუნდეთ. 2015 წელს საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც 16-წლამდელები ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები 16-წლამდელთა ჩემპიონატის მოთამაშეებით უნდა დაკომპლექტდეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ტურნირის დონე ისე ამაღლდეს, რომ მასში მოასპარეზე კალათბურთელებისგან ბრძოლისუნარიანი ნაკრები ჩამოყალიბდეს?
- ოლიმპიადაზე 1999 წელს დაბადებულებს მოუწევთ თამაში. დღეს ვერ ვხედავ სწორ გეგმას, რომლითაც პატარებს ისეთი ცოდნა გადაეცემათ, რაც კადეტთა ნაკრებში კონკურენტუნარიანობას გამოიწვევს. არ შეიძლება ნაკრების მწვრთნელი დროს დაცვაში სწორად გადაადგილებაზე მუშაობაში კარგავდეს.

- ასეთი სპორტსმენი ნაკრებში არც უნდა მიიწვიოს.
- სამაგიეროდ, შეიძლება ამ მოთამაშეს სხვა პლუსები ჰქონდეს.

- მწვრთნელთა სემინარები და ლიცენზირება.
- ფიბა-ს პროგრამით არაერთი სემინარი გამართულა და ამ სეზონშიც ჩავატარებთ. ზოგი მწვრთნელი მართლაც დაინტერესებულა, ზოგს პირდაპირ უთქვამს - ამან მე რა უნდა მასწავლოსო. არადა, დღევანდელი კალათბურთი სწრაფად ვითარდება და ყოველდღიურად ახალ-ახალი ცოდნის მიღებაა საჭირო. "მართვეს" სკოლაში გავიზარდე და კარგად ვიცი, კალათბურთელებს ვინ რა კრიტერიუმებით აფასებდა (არა მხოლოდ "მართვეში"), როგორ მუშაობდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ბავშვთა კალათბურთში მდგომარეობა არასახარბიელოა.


ფოტო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული