ბექას თანაგუნდელებმა "სამედიცინოსთან" გაორმაგებული ენერგიით ითამაშეს და სეზონის პირველი გამარჯვება "გამოადნეს". სტუ-ს მიერ შედარებით უკეთესი შემადგენლობის "სამედიცინოს" ძლევას სიტყვა სენსაციაც შეეფარდება, ისევე, როგორც "ენერჯის" თბილისურ გამარჯვებას შსს-სთან. მატჩი საინტერესო, დაძაბული გამოდგა და პერიპეტიებმა მაყურებელიც ბოლომდე ჩაითრია. აქამდე მსგავსი შეხვედრები მხოლოდ ფინალებში, აქა-იქ ნახევარფინალში გვინახავს.
ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩიკვილაძის გვერდით
მათია, მათი აღარაა
აგრარული-თსუ 73:101
22:21, 12:27, 15:21, 24:32
აგრარული: ტეტელაშვილი (2ქ, 7პ), ბააკაშვილი (1ქ, 3პ), ნანიტაშვილი (3ქ), სიგუა (4ქ, 6პ, 3ჩ), ჩაჩანიძე (20ქ, 3ჩ), ხანიაშვილი (10ქ), გემაზაშვილი (5ქ), ჯავახიშვილი (12ქ), მუმლაძე (16ქ).
თსუ: ხიზანიშვილი (11ქ), ფანჩულიძე (17ქ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (1ქ, 10პ, 8მ), მარხვაშვილი (2ქ), ლონდარიძე (7ქ, 13მ), კორკოტაძე (6ქ), ყველაშვილი, მათიაშვილი (24ქ, 16მ, 2დ, 5ფ), ჩიტაშვილი (12ქ, 4ჩ), დეკანოიძე (11ქ), ზ. მაისურაძე (7ქ, 5მ), ჩქარეული (3ქ).
მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა
კომისარი: რ. გელოვანი
გასულ სეზონში რიჩარდ მათიაშვილი "აგრარულის" ღირსებას იცავდა. ახალი სეზონის დასაწყისში მან თსუ-ს მიაშურა და ყოფილ გუნდთან მატჩში ყოველგვარი მორიდების გარეშე 24 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. სწორედ რიჩარდის ფარქვეშ დამაჯერებელი თამაში გახდა თსუ-ს წარმატების გასაღებთაგანი. სტუდენტებმა "აგრარებს" მოხსნებში 59:29 მოუგეს. ფარქვეშ ასეთი უპირატესობა ანგარიშზე როგორ აისახებოდა, ამის წარმოდგენა საჭირო არ არის, უბრალოდ ოქმს გადახედეთ.
სამუელი
შსს-ენერჯი 60:61
20:16, 12:13, 23:14, 5:18
შსს: ლაფანაშვილი (7ქ), ბ. ლეჟავა (2ქ, 3პ), ნიკოლაძე (8ქ, 4ჩ, 3პ), ი. ბერიშვილი (2ქ), კოტონი (16ქ), მარკოიშვილი (5ქ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 8მ), იმნაძე (8ქ, 6მ), შერმადინი, ტომარაძე (2ქ, 6მ), სუხიშვილი.
ენერჯი: მაჭავარიანი (2ქ), ცეკვავა (4ქ, 6მ, 6პ, 3ჩ), წივწივაძე (14ქ, 3პ), აბაიშვილი (6ქ), ტუჯანი (7ქ, 11მ, 3პ), ლამუ (22ქ, 8მ, 3ჩ, 3დ), სანაძე (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
კომისარი: მ. რატიშვილი
მერვე ტურში თსუ-სთან მარცხის შემდეგ შსს-ს კალათბურთელებს საკუთარი ქომაგის წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. საამისოდ შესაფერისი მეტოქეც ჰყავდათ: მოქმედი ჩემპიონი "ენერჯი", რომელმაც შსს-ს დუდუ დადიანის ფინალში მოუგო. რუსთაველების ძლევა სრულყოფილი რევანშიც იქნებოდა და გუნდი მომავალ შაბათს "არმიასთან" მატჩის წინ განწყობასაც გაიუმჯობესებდა. ამას თავად ძალოვნებიც კარგად აცნობიერებდნენ და "ენერჯისთან" დაპირისპირებისთვისაც განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ, მაგრამ როგორც მატჩმა გვიჩვენა, დიდმა მონდომებამ ზედმეტი ემოციები გამოიწვია.
საპირისპიროდ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ჰქონდათ რუსთაველებს, რომლებსაც შედარებით ძლიერი შემადგენლობის შსს-სთან წაგების გამო ვერავინ დაძრახავდა.
მატჩიც ისე დაიწყო, როგორც ბევრი ელოდა - განსაკუთრებული შემართებით მოთამაშე თბილისელებმა პირველი პერიოდის ბოლოსა და მეორის დასაწყისში 16:0 გაქცევა მოაწყვეს და გიორგი ნიკოლაძის სამქულიანის შემდეგ 29:16 დაწინაურდნენ. მანამდეც და მას მერეც (პირველი ტაიმის ბოლომდე) შსს-ს შეტევის მთავარ იარაღად ამერიკელი ტროი კოტონი მოგვევლინა, რომელმაც სამი სამქულიანი ჩააგდო, ამდენივე ორიანი, 1 საჯარიმო წააშველა და 16 ქულა მოაგროვა.
სწორედ 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია შსს-მ მესამე პერიოდში - 55:39. ლოგიკურად, ამის შემდეგ მასპინძლები უნდა დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. მიზეზი, ალბათ, ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ყოფილიყო. ფსიქოლოგიურ ფაქტორს თუ არა, სხვა რას უნდა მიეწეროს, ბოლო 10 წუთში შსს-ელთა გაცუდებული უამარვი მომენტი. მათ ბოლო პერიოდში თამაშიდან პირველი ქულები მერვე წუთზე ჩააგდეს (მანამდე ორი საჯარიმო ჰქონდათ რეალიზებული). ამას დაემატა "ენერჯის" უპირატესობა ფარქვეშ - ჟულივეტ ტუჯანი ატლანტივით მყარად იდგა და შესაბამისად შსს-ს ცენტრ დავით იმნაძესაც სამწამიანი ზონიდან მოშორებით მყოფს უწევდა ქულათა მარაგის შევსებაზე ზრუნვა (შსს-ს ორმა ცენტრმა სოსო შერმადინმა და ლადო სუხიშვილმა ცოტა ითამაშეს, პირველმა - 4 წუთი, ხოლო მეორემ - 7 წუთი). ტუჯანის პლუსად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ მან მეორე ტაიმი სამი ჯარიმით ითამაშა და მეოთხე შენიშვნა ბოლო პერიოდის დასასრულს მიიღო. "ენერჯიმ" მასპინძლებს მოხსნებში 42:37 აჯობა. ასეთ თანაბარ თამაშში კი თითოეულ მოხსნას დიდი ფასი აქვს.
დავუბრუნდეთ მატჩის ქრონოლოგიას. მეოთხე პერიოდის დასაწყისში შსს 12 ქულის სხვაობით იგებდა. დიდი ჩამორჩენის მიუხედავად რუსთაველებმა ჩვეულ კალაპოტში განაგრძეს თამაში და თავის შანსს დაელოდნენ. შანსი კი სამუელ ლამუს მიეცა, რომელმაც სირენამდე 4:17 წუთით ადრე სამქულიანით სხვაობა 5 ქულამდე (52:57) შეამცირა. მომდევნო სამ წუთში თბილისელი დავით ბარბაქაძის ორქულიანს ბექა წივწივაძემ, ლამუმ და დუდა სანაძემ 2-2 ქულა მიაყოლეს და 58:59. გამოცდილმა კამერუნელმა, ლამუმ კლასი და სიზუსტე სირენამდე 16 წამით ადრეც გამოამჟღავნა - მორიგი შორეული ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "ენერჯის" ორქულიანი ფორა დაუბევა (61:59).
საპასუხო შეტევაში რუსთაველები გიორგი ნიკოლაძეზე დაჯარიმდნენ, რომელმაც პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია, ფარიდან ასხლეტილ ბურთს ტუჯანი დაეუფლა და მოედნის ცენტრში მყოფ გოგა ცეკვავას გადააწოდა, რომელმაც თავის მრივ ბექა წივწივაძე მოძებნა, თუმცა მსაჯებმა მასზე გარბენი დააფიქსირეს. შსს-ს შეტევისთვის სამი წამიღა დარჩა. რადგან მასპინძლებს წუთშესვენებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ, ბურთი თამაშში საკუთარი ნახევრიდან შეიყვანეს. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში რომ შეიქმნა, ბოლო სამ წამში შსს-ელებმა მოედნის მთელს სიგრძეზე გადავლებული პასი კი დაიჭირეს, მაგრამ ნიკოლაძეს წინ ტუჯანი აღემართა და ბურთმა კალათამდე ვერ მიაღწია. შსს-ელები ჯარიმას ითხოვდნენ, თუმცა ეპიზოდი მეორე დღესაც რამდენჯერმე განმეორებით ვნახეთ და ჩვენი დაკვირვებით ჯარიმა არ უნდა დაფიქსირებულიყო.
ნამატჩევს შსს-ს უკანახაზელმა გიორგი ნიკოლაძემ აღნიშნა:
- ფაქტობრივად მოგებული მატჩი წავაგეთ. გაწბილებული ვარ. გარკვეულ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და მარცხიც ამან განაპირობა. ცოტა შეთამაშება გვაკლია, დღეს დაცვაშიც ვერ გავისარჯეთ კარგად. ასევე უნდა ითქვას, რომ ბოლო მატჩებში მოხსნებში მეტოქეები გვჯობიან. მომდევნო შაბათს სერიოზული ბრძოლა გველის და უნდა ვეცადოთ, შეცდომები გამოვასწოროთ.
ქუთაისური ნაზავი
დინამო-ქუთაისი 56:103
8:22, 25:27, 12:26, 11:28
დინამო: ივანეიშვილი (2ქ), ეძგვერაძე (13ქ, 3პ), პატარაია (4ქ), თვაური (9ქ), გლუნჩაძე (2ქ, 3ჩ), შალიკიანი (3ქ), ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (11ქ, 7მ, 2დ), თავამაიშვილი (6ქ, 7მ, 3ჩ, 2დ), გულდედავა (2ქ), წიკლაური (4ქ, 3ჩ).
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (15ქ, 7პ, 5მ), ბ. ბერიშვილი (11ქ), კვიმსაძე (17ქ, 3პ, 3ჩ), ბოლქვაძე (20ქ), ლომინაშვილი (8ქ, 14მ), გ. ბარბაქაძე (17ქ, 7მ, 3პ, 4ჩ), კოღუაშვილი (12ქ, 15მ, 4ჩ, 5ფ), ქორიძე (3ქ, 4პ), მესხი, ვ. ცაგარეიშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. სადღობელაშვილი.
კომისარი: თ. ქიქოძე.
"ქუთაისის" მწვრთნელებს ადგილობრივი ახალგაზრდების სათანადოდ დატვირთვის საშუალება "დინამოსთან" მიეცათ. მათაც იმედი არ გაუცრუეს - კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ახალგაზრდები გამოცდილებთან ერთად საინტერესო ნაზავს ქმნიან. ინდივიდუალურად არავის გამოვარჩევთ, გადახედეთ სტატისტიკას და ნახავთ გამარჯვებაში ვინ როგორი წვლილი შეიტანა.
ოცდაჩვიდმეტი
სამედიცინო-სტუ 80:90
24:27, 18:20, 19:21, 19:22
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (11ქ, 6პ, 5მ, 4ჩ, 5ფ), ჩაჩიბაია (4ქ, 7მ), ს. ლეჟავა (12ქ), თავართქილაძე (18ქ, 6მ, 3პ), ბექაური (6ქ, 7მ), ნინიაშვილი (16ქ), კეიდია (2ქ), როდუმტა (6ქ, 5მ), ჭოჭუა (5ქ, 7პ, 6მ).
სტუ: ანთაძე (11ქ, 5პ, 8მ), ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (19ქ, 4ჩ, 16მ), ჩიკვილაძე (37ქ, 11მ, 3პ), ლომოური (11ქ, 3პ), თევზაძე (1ქ), ჯანგველაძე (4ქ), ლაშქარაძე (7ქ), ახალკაცი, ძიძიგური (5მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.
მატჩის ფავორიტი "სამედიცინო" იყო. მის მეტოქეს, სტუ-ს შაბათამდე ერთი თამაშიც არ ჰქონდა მოგებული. ჟურნალისტებსაც გვეგონა, რომ სენსაცია არც ამჯერად მოხდებოდა და მეტი ინტერესისთვის გადავწყვიტეთ, წინასწარ ანგარიშები ჩამოგვეწერა. მხოლოდ ერთმა მედიელმა დააფიქსირა სტუ-ს მოგება, თან დაამატა - ტექნიკოსები ყოველ მატჩში დიდი შემართებით თამაშობენ და დროა პირველი გამარჯვებაც ჩაიწერონო.
ასე აგიხდეთ ყველაფერი - ზურაბ ტომარაძის სტუდენტებმა მატჩი მართლაც გაორმაგებული ენერგიით ჩაატარეს. პირველ ტაიმში ისინი შედარებით გამოცდილი შემადგენლობის "მედიკოსებს" თანაბრად ებრძოლნენ, რამაც სტუ-ს ახალგაზრდები დაარწმუნა, რომ "სამედიცინოს" ძლევა შეიძლებოდა. შესაბამისად, მეორე ტაიმში სტუ-ელები სათამაშოდ კი არა, საბრძოლველად გავიდნენ და...
''წარმატებას დაცვაში მედგარი გარჯით მივაღწიეთ. მართლა ძალიან გვინდოდა მოგება. პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა მომდევნო მატჩებში 1 გამარჯვებაზე არ უნდა შევჩერდეთ'', - გვითხრა ბექა ჩიკვილაძემ, რომელმაც სტუ-ს 37 ქულა შეაწია. მან მეოთხე პერიოდში ერთმანეთს ორი სამქულიანი მიაყოლა და ტექნიკოსების 16-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 79:63.
სირენამდე 41 წამით ადრე ბექა საჯარიმოს ხაზთან დადგა. იმ მომენტისთვის მის ანგარიშზე 35 ქულა იყო (სწორედ იმდენი, რამდენიც რეკორდსმენმა მიხეილ ფანჩულიძემ ბათუმში ჩააგდო). ჩიკვილაძემ ორივე საჯარიმო გამოიყენა და ფანჩულიძის რეკორდიც მოხსნა. ბექამ 10-10 ორქულიანი, სამიანი და საჯარიმო ისროლა, 8 ორქულიანი, 5 სამიანი და 6 საჯარიმო გამოიყენა.
აქვე უნდა ვახსენოთ ვასილ ბერუაშვილის დამაჯერებელი თამაში - 19 ქულა, 16 მოხსნა.
მომდევნო შაბათს წრის ცენტრალური მატჩია - შსს-"არმიას" დაუპირისპირდება.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 9 7 2 814/720 16
2. არმია 8 7 1 751/566 15
3. შსს 8 6 2 728/598 14
4. ქუთაისი 8 6 2 682/585 14
5. ენერჯი 8 6 2 614/571 14
6. სოხუმი 8 5 3 645/626 13
7. სამედიცინო 8 2 6 593/626 10
8. ბათუმი 8 2 6 609/675 10
9. აგრარული 8 2 6 564/687 10
10. დინამო 9 1 8 590/839 10
11. სტუ 8 1 7 640/737 9
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"