სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "წრის ფინალი" (როგორც ამ შეხვედრას არმიელმა კოტე ტუღუშმა უწოდა) ბევრს გადაწყვეტს. დიდი შანსია, ამ შეხვედრის გამარჯვებულმა წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულოს, რაშიც შსს-სა და "არმიას" თსუ, "ენერჯი" და "ქუთაისი" ეცილებიან.
შეიძლება, სატურნირო ცხრილში პირველ-მეორეობას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რაც ფსიქოლოგიურ ფაქტორს - შსს-საც და "არმიასაც" პირველივე წრეში სურთ
წინასწარ იმის თქმა ძნელია, "არმია" გაიმარჯვებს, თუ - შსს. ქართული კალათბურთი კი ნამდვილად მოიგებს.
მეტს აღარ განვაგრძობთ. მატჩის მონაწილე მწვრთნელების მოსაზრებებს გავეცნოთ. "არმიის" თავკაც ლევან მოსეშვილსა და შსს-ს მწვრთნელ არჩილ ჟღენტს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით. საინტერესოა, მწვრთნელები, რა მნიშვნელობას ანიჭებენ კარსმომდგარ შეხვედრას.
ლევან მოსეშვილი:
- ხვალინდელ შეხვედრას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. მძიმე მატჩი იქნება, თუმცა მისთვის მზად ვართ როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად.
არჩილ ჟღენტი:
- ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. "არმიასთანაც" ისევე გავალთ საბრძოლველად, როგორც სხვა მატჩებში. წინა ტურში გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გავუშვით, თუმცა მას მერე "არმიასთან" მატჩზე გადმოვერთეთ და ვფიქრობ, ფსიქოლოგიურადაც მომზადებულები შევხვდებით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
- ამა თუ იმ მატჩის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს ტრავმები.
ლევან მოსეშვილი:
- დავით უგრეხელიძე ტრავმირებული იყო და წინა ტურში, ბათუმში ამიტომაც არ წავიყვანეთ. მას მერე იგი თავს კარგად გრძნობს და შსს-სთანაც ითამაშებს.
არჩილ ჟღენტი:
- გამთამაშებელმა, ირაკლი ბერიშვილმა მხარი დაიზიანა და მისი თამაში გამორიცხულია. სათუოა დავით იმნაძის მოედანზე გამოსვლაც, რადგან მას მთელი კვირა მაღალი სიცხე ჰქონდა და მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა. მიკროტრავმებს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენები მწყობრში არიან.
მწვრთნელებს ერთურთის გუნდის დახასიათებაც ვთხოვეთ.
ლევან მოსეშვილი:
- შსს-ს გამორჩეული უკანახაზელები ჰყავს, ინდივიდუალურად ყველა ძლიერია, სროლა კარგად შეუძლიათ და თითოეულ მათგანს დიდი ყურადღება სჭირდება. მეფარეებში მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა, თუმცა ვინ აჯობებს, უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
არჩილ ჟღენტი:
- მეტოქე ძლიერია. მასში საქართველოს ნაკრების ორი წევრი ირიცხება, არიან ეროვნული გუნდის კანდიდატებიც. ასე რომ, რთული ბრძოლა გველის.
წინასამატჩო სიტყვა ლევან მოსეშვილის კომენტარით დავასრულოთ:
- დიდი ხანია, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სპორტის სასახლე არ გავსებულა. სუპერლიგაში "არმიის" გამოჩენამ გულშემატკივართა საგრძნობი მატება გამოიწვია. ვფიქრობ, შაბათს სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი იქნება.