მაშინ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი წლის შემდეგ, საპირისპიროს დაწერა მომიწევდა: 25 დეკემბერს ტურის ცენტრალურ მატჩზე იმდენი ხალხი მოვიდა, ტრიბუნებზე რომ ვერ დაეტია, კიბეები და გასასვლელები ჩაიკეტა. ამდენი გულშემატკივარი საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის მატჩს პირველად დაესწრო - საქმე აბსოლუტურ რეკორდთან გვაქვს. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ XX ჩემპიონატი წინამორბედებთან
თუმცა, მხოლოდ შიდა მაგალითებით მსჯელობა საკმარისი არ არის. საინტერესოა, თუნდაც რუსეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩებს რამდენი ქომაგი ესწრება: 19 დეკემბერს ორი საუკეთესო კლუბის, "ხიმკისა" და ცსკა-ს შეხვედრაზე 4500 მაყურებელი მივიდა. თუმცა, მანამდე, 15 დეკემბერს, ცსკა-ს 13 ათასი ქომაგის წინაშე მოუწია თამაში, ოღონდ ევროლიგაზე, სლოვენიაში, "ოლიმპიას" "სტოჟიცეს არენაზე". სხვათა შორის, ქართველთათვის მისაბაძი სწორედ სლოვენიაა, რაზეც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავწერთ.
25 დეკემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-შსს 97:86
33:27, 16:15, 25:17, 23:27
არმია: ტუღუში (10ქ, 3პ), ბოისა (8ქ, 6მ, 5ფ), მ. ბერიშვილი (5ქ), ბაბიაშვილი (26ქ, 7მ), ათანელიშვილი (8ქ, 5მ), ბაქრაძე (9ქ, 5პ), მინაშვილი (5ქ, 5მ), პირველაშვილი, უგრეხელიძე (10ქ, 4მ, 5ფ), საყვარელიძე (16ქ, 5მ, 3პ).
შსს: დ. ბერიშვილი (2ქ), ბ. ლეჟავა (20ქ, 3პ, 5ფ), კოტონი (14ქ), დ. ბარბაქაძე, შერმადინი (4მ), ნიკოლაძე (9ქ), ლაფანაშვილი (4მ, 5ფ), მარკოიშვილი (6ქ, 2დ, 5ფ), იმნაძე (23ქ, 9მ), ტომარაძე (12ქ), სუხიშვილი, დეკანოიძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი
ძალოვანთა მობილიზება
გლდანში ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარეს სამხედრო მანქანებმა და ყვითელმა ავტობუსებმა. როცა ასეთ გადაადგილებას ადევნებ თვალს, თავში უამრავი აზრი გაგიელვებს, თუმცა როგორც "არმიელების" ასევე შსს-ს გულშემატკივრების მობილიზების ადგილი სპორტის სასახლე იყო. ორივე გუნდის გულშემატკივარმა დარბაზი მატჩის დაწყებამდე თითქმის ერთი საათით ადრე შეავსო და სტუ-"დინამოს" დაპირისპირების ბოლო წუთებსაც მიადევნა თვალი. სწორედ ამ დროს გამახსენდა წინა დღის დიალოგი მეგობართან, რომელსაც ვუთხარი - ხვალ სპორტის სასახლე გაივსება-მეთქი. არ დამიჯერა, წინასწარ რა იციო. ეს ძნელი განსასაზღვრი არ იყო, რადგან შსს-სა და "არმიას" გულშემატკივრები სხვა მატჩებზეც უხვად მოდიოდნენ.
ქომაგებზე შესავალშიც დავწერეთ და ამ თემას გვერდი ვერც "არმია"-შსს-ს მატჩის მიმოხილვაში ავუარეთ. ეს არც არის გასაკვირი - რადგან გულშემატკივარი კალათბურთელებისთვის ისევე საჭიროა, როგორც მსაჯი! ამაში შსს-ს უკანახაზელის, ბესიკ ლეჟავას სიტყვებიდანაც დავრწმუნდებით:
- დიდი მადლობა გულშემატკივარს. დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო, ენით აღუწერელი სიამოვნებაა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში.
გულშემატკივრის მატებასთან ერთად მატულობს კალათბურთელთა პასუხისმგებლობა, კონცენტრაცია, მონდომება და რაც მთავარია, სანახაობრივი მხარე.
დროა "არმია"-შსს-ს დაპირისპირების საკალათბურთო მხარესაც მივხედოთ. ტუღუში, ბოისა, მიშა ბერიშვილი, ბაბიაშვილი, უგრეხელიძე - ასეთი იყო არმიელთა სასტარტო ხუთეული, რომელსაც დაუპირისპირდნენ: დათო ბერიშვილი, ლეჟავა, კოტონი, ბარბაქაძე და შერმადინი.
შსს-ელები უკანა ხაზში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა გადამწყვეტი ფარქვეშ "არმიის" დამაჯერებელი თამაში გამოდგა - შედარებით ტანმაღალი ხუთეულის ზუსტი თამაშის წყალობით არმიელები 2 წუთში 11:2 დაწინაურდნენ. ამ მომენტისთვის 5 ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, რომელსაც მწვრთნელი შემდეგში აღარ ენდო, სულ 7 წუთი ათამაშა.
ნამდვილად არ ჩანდა გზა, რომლითაც შსს-ელები თამაშის შემოტრიალებას შეძლებდნენ, თუმცა ეს გზა ბესიკ ლეჟავამ იპოვნა, რომელმაც ინდივიდუალური დრიბლინგებით არმიელებს მოსვენება არ მისცა. მას მარკოიშვილი და კოტონიც წაეშველნენ და პირველი მეოთხედის დასრულებამდე 34 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 27:27. თუმცა, შსს-ს მეოთხედის დარჩენილ 34 წამში ტუღუშისა და საყვარელიძის სამქულიანები გაეპარა და "არმიამ" მეოთხედი 33:27 მოიგო. საწყის პერიოდში ფარქვეშ "არმიას" უპირატესობა აშკარა იყო - 15:7. შეიძლება იმის თქმაც, რომ სწორედ ამ კომპონენტში მოპოვებული უპირატესობა გახდა "არმიის" გამარჯვების მთავარი მიზეზი (საბოლოოდ ლევან მოსეშვილის შეგირდებმა მოხსნებში 46:39 იმარჯვეს. რაც უფრო მნიშვნელოვანია - მათ შსს-ს ფარზე ბურთი 22-ჯერ მოხსნეს).
თუმცა, იყო მეორე მიზეზიც: მიუხედავად იმისა, რომ დავით იმნაძის მოედანზე გამოსვლის შემდეგ სამწამიან ზონაში შსს-ს მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მეორე ტაიმში ვერ ვიხილეთ ნაპერწკალი, რაც არჩილ ჟღენტის შეგირდებს აანთებდა და თუნდაც 10-ქულიან ჩამორჩენას აღმოაფხვრევინებდა. რამდენიმე ეპიზოდში შსს-ელებმა ძალიან კი მოინდომეს, მაგრამ შეტევაში მათ სიზუსტეს დაცვაში არასათანადო გარჯა მოსდევდა. თუ პირველ ტაიმში არმიელმა ზვიად ბაბიაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, მეორე ნახევარში 18 ქულა მიამატა და 26 ქულით ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 32 წუთი, 26 ქულა (16-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 9-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
მეოთხე პერიოდის დასაწყისში ამერიკელი ტროი კოტონის სამქულიანსა და დავით იმნაძის ორქულიანს სხვაობის 9 ქულამდე შემცირება მოჰყვა, თუმცა საპასუხო შეტევაში 19 წლის არმიელმა გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანი მიამატა და სხვაობას კვლავ სოლიდური სახე მისცა - 81:67. მალე ლევან მოსეშვილმა მოედნიდან ბაქრაძე გაიყვანა და გვერდით მჯდომმა "არმიას" გულშემატკივარმა მეგობარს გადაულაპარაკა - ეს რა გააკეთა, ბაქრაძის ყურება მინდოდაო. თითქოს ეს სიტყვები გაიგონაო, მწვრთნელმა ბაქრაძე მოედანზე დააბრუნა და არაერთი ლამაზი პასიც ვიხილეთ. საბოლოოდ, არმიელებმა 11-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და 97:86 გაიმარჯვეს.
ბაქრაძე და ბაბიაშვილი კი ვახსენეთ, მაგრამ "არმიას" ინდივიდუალისტების ხარჯზე არ მოუგია - წარმატებას გუნდური თამაშით მიაღწია. ვიცე-სნაიპერი გახდა დავით საყვარელიძე (16 ქულა), რომელიც ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ჯერ ნიუ იორკის "გლობ კოლეჯში" თამაშობდა, შემდეგ ფრანგულ "შალონში", ბოლოს კი ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში "დომინიკ კოლეჯის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. დათომ 2006 წელს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საყვარელიძის დარად, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა შსს-ს ახალგაზრდა ფორვარდმა კოკა ტომარაძემ, რომელიც ორი წლის განმავლობაში "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
მატჩის სტატისტიკასაც გადავხედოთ. "არმიამ" მეტოქეს მხოლოდ მოხსნებში როდი მოუგო: პასებში 18:9 აჯობა, ჩაჭრებში - 11:4, რეალიზებულ ორქულიანებში - 26:19...
- მოლოდინმა გაამართლა, გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი იხილა. მივულოცავ ჩვენს ქომაგს გამარჯვებას, რომელიც დიდი ოფლისღვრის ფასად გვერგო. მართალია, შსს-ს თავიდანვე გავასწარით, მაგრამ ბოლო წუთებამდე დიდი ბრძოლა იყო და მოხარული ვარ, რომ უპირატესობის შენარჩუნება მოვახერხეთ, - თქვა არმიელთა ლიდერმა კოტე ტუღუშმა.
- "არმიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. მოვიკოჭლებდით დაცვაში და გაგვიჭირდა ფარქვეშ. ვეცდებით, დღეს დაშვებული შეცდომები მომდევნო მატჩამდე გამოვასწოროთ, - თქვა ბესიკ ლეჟავამ.
ამ მოგებით "არმია" სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. პირველი წრის სატურნირო ცხრილი საბოლოო სახეს 29 დეკემბერს მიიღებს, როცა შსს "სოხუმს" "დაეჭიდება", ხოლო 24 დეკემბერს "არმია" მოქმედ ჩემპიონს, "ენერჯის" რუსთავში ეწვევა.
სტუ-დინამო 106:87
21:22, 29:16, 29:22, 27:27
სტუ: ანთაძე (13ქ, 9პ, 13მ), ჭოხონელიძე (6ქ), ვ. ბერუაშვილი (9ქ, 4ჩ, 8მ, 3პ), ჩიკვილაძე (29ქ), ლომოური (14ქ), თევზაძე (2ქ), კობიძე (10ქ, 5მ), ჯანგველაძე (13ქ), ლაშქარაძე (4ქ), ძიძიგური (6ქ), გასიტაშვილი, ჩალიგავა.
დინამო: ივანეიშვილი (7ქ 5მ), ეძგვერაძე (2ქ), პატარაია (13ქ), თვაური (8ქ, 5მ, 3პ), გლუნჩაძე (2ქ), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (19ქ, 6მ, 5პ, 5ფ), თავამაიშვილი (10ქ), გულდედავა (11ქ), ჩაველაშვილი (15ქ), კოჭავა (4პ).
მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა
კომისარი: რ. ხომერიკი
ერთი პასიცა და...
მე-9 ტურის საუკეთესომ ბექა ჩიკვილაძემ ინტერვიუში თქვა: წრის დარჩენილი ორი მატჩიც უნდა მოვიგოთო. მისი სიტყვა ჯერჯერობით სანახევროდ მართლდება - სტუ-მ შაბათს "დინამოს" აჯობა, ოთხშაბათს კი "აგრარულს" დაუპირისპირდება. სტუ-მ "დინამოსთან" მეოთხე პერიოდის წინ 19-ქულიან უპირატესობას მიაღწია და ბოლო რაუნდში მწვრთნელმა, ზურაბ ტომარაძემ სნაიპერი ჩიკვილაძე დაასვენა. არადა, საწყის 30 წუთში მას 31 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და თავისივე რეკორდის გაუმჯობესებაც შეეძლო (37 ქულა). მატჩის ოქმში ბექას 29 ქულა უწერია, არადა სპორტის სასახლის ტაბლოზეც ეწერა და რეალურადაც, მან 31 ქულა ჩააგდო. თუმცა, რადგან ყველა კომპიუტერულ მონაცემში 29 ქულა დაფიქსირდა, ჩვენ 31 რომ დავწეროთ, ყველა მონაცემი აირევა.
არანაკლებ საინტერესო იყო ზვიად ანთაძის სტატისტიკა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - 13 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი.
სოხუმი-სამედიცინო 80:77
21:17, 18:12, 12:24, 29:24
სოხუმი: ფარღალავა (13ქ, 3პ, 5მ, 3ჩ), ჰარისი (13ქ), კვეტენაძე (1ქ), შანიძე (2ქ), სორდია (2ქ), კანკია (1ქ), მაქქერი (5ქ), კ. დამუსი (4ქ, 7მ), რ. დამუსი (16ქ, 10მ), ბალოჩკა (23ქ, 11მ, 7პ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (23ქ, 3პ), ჩაჩიბაია (7ქ), ს. ლეჟავა (2ქ), თავართქილაძე (10ქ, 5მ, 4პ, 5ჩ), ბექაური (2ქ, 6მ), გაბისონია (3ქ, 5ფ), ნინიაშვილი (5ქ), კეიდია (10ქ), როდუმტა (7მ), ჭოჭუა (15ქ, 7მ, 5ფ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: რ. გელოვანი.
რიჩარდ...
შაბათს სუპერლიგაში კიდევ ერთი ლეგიონერის დებიუტი შედგა - "სოხუმის" რიგებში პირველად ითამაშა იუჯინ ჰარისმა. მან 13 ქულა ჩააგდო და საოცრებები ნამდვილად არ ჩაუდენია, თუმცა ამას არავინ ელოდა, რადგან იუჯინი საქართველოში ახალი ჩამოსულია და არც აკლიმატიზაცია გაუვლია და არც გუნდთანაა შეთამაშებული, თუმცა, მთლიანად "სოხუმს" სჭირდება შეთამაშება, რადგან გუნდი ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ნელ-ნელა ივსება: თუ ჰარისისთვის "სამედიცინოსთან" შეხვერდა სადებიუტო იყო, ლიტველი პეტრას ბალოჩკასთვის - მეორე. პირველი წრის შემდეგ სოხუმელები კიდევ აპირებენ გაძლიერებას და თუ შეკვრა მალე მოახერხეს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეყოლებათ.
"მედიკოსებთან" "სოხუმს" ლიტველი ცენტრი ბალოჩკა გაუძღვა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი კალათბურთელია: 23 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი შეასრულა. გამარჯვებაში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა რიჩარდ დამუსმა, რომელმაც ბოლო წუთებზე თანაგუნდელებს არაერთი ქულა შესძინა. სირენამდე 13 წამით ადრე რიჩარდმა ფარქვეშიდან ზუსტი სროლით "სოხუმი" 78:77 დააწინაურა. ბოლო იერიში "სამედიცინომ" წამოიწყო, თუმცა ლაშა ფარღალავამ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და საფინალო სირენასთან ერთად ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მოიპოვა. დარბაზში მყოფნი საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით - მაშინ, როცა ფარღალავა საჯარიმოებს ესროდა, "სამედიცინოს" კალათბურთელებმა მოედნიდან გასვლაც მოასწრეს და გასახდელსაც მიადგნენ.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 9 8 1 848/652 17
2. ენერჯი 9 7 2 688/637 16
3. თსუ 9 7 2 814/720 16
4. შსს 9 6 3 814/695 15
5. ქუთაისი 9 6 3 769/683 15
6. სოხუმი 9 6 3 725/703 15
7. ბათუმი 9 3 6 707/762 12
8. სამედიცინო 9 2 7 670/706 11
9. სტუ 9 2 7 746/824 11
10. აგრარული 9 2 7 630/761 11
11. დინამო 10 1 9 677/945 11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო: superleague.ge