შსს და არმია ივსება

AutoSharing Option
პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის კლუბებმა საკუთარი შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეს და ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაძლიერებაზეც იზრუნა. დღეს რასაც დავწერთ, ზოგი ტრანსფერი გადაწყვეტილია, ზოგი ჯერაც მოლაპარაკების სტადიაშია და ამიტომ ვამბობთ: გადადის, აფორმებს და ა.შ...

წრის ჩემპიონი "არმიაა", რომელსაც წინა ხაზში პრობლემა არ შექმნია, არც უკანახაზელები ჩამოუვარდებიან ვინმეს, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და გივი ბაქრაძე ღირსეულად უმკლავდებოდნენ მეტოქეებს, თუმცა მწვრთნელმა, ლევან მოსეშვილმა საჭიროდ ჩათვალა "ქუთაისის" უკანახაზელის ბუბა ბერიშვილის დამატება. იგი ქუთათურთა ლიდერი იყო და "არმიას" დიდად წაადგება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბერიშვილის
წასვლით "ქუთაისი" სერიოზულად დასუსტდება. იმედი დავიტოვოთ, რომ იმერლები ბუბას შემცვლელს მალე იპოვნიან. შეიძლება მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძეს თემურ ბაბუნაშვილის იმედი აქვს, რომელსაც რუსეთის ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი და პირველ წრეში ტრავმის გამო არასრულად იტვირთებოდა.

აქვე უნდა დავამატოთ: "არმია" გუშინ სლოვენიაში გაემგზავრა და თან ბუბა ბერიშვილი იახლა. გუნდი ამჟამად ლაშკოშია. ამ ქალაქის გუნდ "პივოვარნაში" (ამჟამად "ზლატოროგი") არმიელთა ცენტრი დავით უგრეხელიძე თამაშობდა.

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა რუსთავის "ენერჯი", რომელიც იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყო, მეორე წრის წინ დასუსტდა - გუნდი დატოვა უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ, რომელმაც შსს-ს მიაშურა. ჯერჯერობით საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი ჟულივეტ ტუჯანის საკითხი. მასაც შსს ეპატიჟება. აქვე იმედი დავიტოვოთ, რომ "ენერჯი" ამ ორი კალათბურთელის შემცვლელებზე სათანადოდ იზრუნებს და ფავორიტიდან აუტსაიდერად არ იქცევა.

ახლა იანვრის მთავარ ტრანსფერზე: შსს-ს ხელმძღვანელობამ თავისთან იხმო საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთელი დავით უსტიაშვილი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში "ბათუმს" ხელმძღვანელობდა. მანამდე რუსთავის "ენერჯის" სამჯერ მოაგებინა ჩემპიონობა.

დავით უსტიაშვილი და არჩილ ჟღენტი შსს-ში მწვრთნელთა დუეტს შექმნიან.

დეკემბრის ბოლო დღეებში განხორციელდა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი: მიხეილ ბერიშვილი "არმიადან" თსუ-ში გადავიდა. იგი უკვე სტუდენტებთან ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინათ მიშა სწორედ თსუ-ს ღირსებას იცავდა. შემდეგ "ვითაში" თამაშობდა, საიდანაც "აგრარულში" გადავიდა, ხოლო გასულ სეზონში ესპანური "არიდანეს" ღირსებას იცავდა. მიშა სეზონის დასაწყისში "არმიაში" ჩაირიცხა, თუმცა სათამაშო დრო მეტად შეზღუდული ჰქონდა და მისივე კარიერისთვის ისეთი კლუბის მოძიება იყო აუცილებელი, სადაც სათანადო დრო გამოუჩნდებოდა. თავის მხრივ, თსუ-ს ტანმაღალი ფორვარდი ნამდვილად სჭირდებოდა. მიშა გუნდს პერიმეტრიდანაც დაეხმარება და მოხსნებშიც.

რამდენიმე სიტყვა "სოხუმზეც" უნდა ვთქვათ. გუნდი შეკრებისთვის ანტალიაში აპირებს წასვლას. სოხუმელებს გამოაკლდათ ლიტველი პეტრას ბალოჩკა, რომელმაც საფრანგეთის ქვედა ლიგის გუნდს მიაშურა - სეზონის დასკვნით მონაკვეთს კლუბ "ლიევენში" გაატარებს.

სავარაუდოდ, გუნდში აღარ ითამაშებს ამერიკელი მაიკ მაქქერი.

იანვარში კიდევ არაერთი შიდა ტრანსფერი განხორციელდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ახალ ლეგიონერებსაც ვიხილავთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"







.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული