გიორგი მარკოიშვილი ქომაგობით კმაყოფილია

AutoSharing Option
კალათბურთელი გიორგი მარკოიშვილი საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და ზოგადად ძალიან ენერგიული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. თბილისელ გოგონებში პოპულარულია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, რაც ცოლი მოიყვანა, წესიერად იქცევა და მეუღლეს ეჭვიანობის საბაბს არ აძლევს. გიორგისთან საუბარი, რასაკვირველია, კალათბურთის თემით დავიწყეთ, მისთვის ეს სფერო ძალიან ახლობელია, რადგან მისი ძმა, მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია, ხოლო ორივე ძმა კალათბურთით მამის გავლენით დაინტერესდა.

- კალათბურთით ბავშვობიდან დავინტერესდი, საკალათბურთო ოჯახში გავიზარდე, მამაც კალათბურთელი გახლდათ. პირველად ვარჯიში ზურა სამხარაძესთან დავიწყე, ჩემი ძმა კი ცეკვაზე დაჰყავდათ. ათი წლის
ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს, მამაჩემის მანქანით მოვდიოდით და მანუჩარს ჩემი თასი ეჭირა ხელში, მამას მიუბრუნდა და უთხრა, მეც მინდა კალათბურთის თამაშიო. მამას ძალიან გაუხარდა და მეორე დღიდანვე დააწყებინა ვარჯიში. შეიძლება ითქვას, მამაჩემთან ერთად მანუჩარს მეც შთავაგონე, რომ კალათბურთს გაჰყოლოდა (იღიმება). ყველაფერში ხელს უწყობდა ისიც, რომ ჩვენი მწვრთნელი ზურა სამხარაძე ჩვენი დიდი მეგობარიც იყო. ყველაზე მეტს ჩვენგან მოითხოვდა და ხედავდა, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო. არ გვსჯიდა, მაგრამ პატარა შეცდომაზეც მიგვითითებდა. ახლა ვხვდები, მან დიდი როლი ითამაშა, რომ მეც და მანუჩარსაც კალათბურთი გვეთამაშა.

- გიორგი, როცა შენ დაიწყე კალათბურთის თამაში, აქ არც ისე პოპულარული იყო სპორტის ეს სახეობა. საქართველო უფრო მეტად საფეხბურთო ქვეყნად ითვლებოდა.
- და დღესაც ასეა. არ ვიცი, შემდეგში რა იქნება. წარმოიდგინე, რა რთული პერიოდი იყო, მხედრიონის პერიოდი, არ იყო არც შუქი, არც სითბო, არც გაზი. უამრავჯერ ფეხით წავსულვარ ვარჯიშზე, თუმცა არა მხოლოდ მე, ჩემი ძმაც და სხვებიც. თუმცა ვფიქრობ, თუ რაიმე გინდა, აუცილებლად უნდა გააკეთო და არა მხოლოდ სპორტში. ადამიანთან ურთიერთობაც ასეა, თუ არ გინდა, არ უნდა გქონდეს ურთიერთობა. ჩემი მენტალიტეტი ასეთია. რასაც აკეთებ, ყველაფერი გულით უნდა გინდოდეს და ბოლომდე დაიხარჯო.

- შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა?
- ბავშვთა ასაკში ჩემი გუნდი ყოველთვის ლიდერი იყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მეც ვიყავი, მერე იყო კადეტთა ნაკრები, ახალგაზრდული, ეროვნული ნაკრებები, რაღაც პერიოდი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვიმყოფებოდი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი უცხოური კარიერა არ აეწყო. მცირე ხნით რუსეთში ვიყავი, მოსკოვის "დინამოში", მე რომ არ ვიცოდი, ერთი ქართველი და გუნდის ხელმძღვანელობა თურმე რაღაც თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. არ მინდა, იმ ქართველის ვინაობის დასახელება. როგორც კი ის ჩაერია ჩემს კარიერაში, ჩემი საქმე უკან-უკან წავიდა. უკეთესობის იმედი სულ მქონდა და 28 წლის კი შევსრულდი უკვე.

წლევანდელი ჩემპიონატი ახალგაზრდა თაობისთვის დიდი სტიმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთწლიანი პროექტი არ უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს განვითარება. თუ მხოლოდ ერთწლიანი იქნება, ჩათვალეთ, რომ კალათბურთი და შიდა ჩემპიონატი ვერასდროს ვერ ავა მოწოდების სიმაღლეზე.

- საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რომ წლის ნაკრებ გუნდად დაასახელეს, ალბათ გაგიხარდებოდა.
- ნამდვილად მისასალმებელია. საქართველოს ნაკრებმა რთული გზა გაიარა, მისი წარმატებები თვალში საცემია, "ბე" დივიზიონში ვთამაშობდით და დიდი ხანი ვცდილობდით "ა" დივიზიონში გადასვლას. ამას მივაღწიეთ, ყველაფერს კი ის მოჰყვა, რომ თავისუფალი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ნაკრები სულ უკანა პლანზე იყო და მეორეხარისხოვანი. ყველა ქართველის გასახარად, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ და ერთი სული გვაქვს, როდის გაიმართება წილისყრა, რომ ვნახოთ, რა ჯგუფში მოვხვდებით.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, მარტო ის რად ღირს, რომ ამდენი ლეგიონერი თამაშობს, ამერიკელები, ლიტველები და სხვა.

კიდევ ბევრი ჩამოვა. მაყურებლებიც საკმაოდ კარგად ქომაგობენ და ამითაც კმაყოფილი ვარ.

- გიორგი, ჯამლეთ ხუხაშვილთან ერთად შესარჩევი ციკლის თამაშებს კომენტარს უკეთებდი. შენი მეგობრების თამაშების ობიექტურად კომენტირება არ გაგიჭირდა?
- როცა "პირველი არხიდან" დამირეკეს და ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილთან ერთად წაყვანა შემომთავაზეს, დავფიქრდი.

თავისთავად, ძალიან რთული იყო, თუმცა დავინტერესდი. კალათბურთი კარგად მესმის, გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ ამ გუნდში ვთამაშობდი, ახლა კი თამაშობს ჩემი ძმა და მეგობრები, ფაჩულია, ცქიტიშვილი, სანიკიძე... ჩემთვის ამოცანა ის იყო, რომ მაყურებლისთვის სწორად მიმეწოდებინა მოედანზე განვითარებული მოვლენები. მართალი გითხრათ, ეს ჩემთვის ახალი იყო და უფრო მეტის თქმა მინდოდა. თუმცა ჩემს კომენტატორობასთან დაკავშირებით კომპლიმენტები მივიღე.

- არადა, სულ ამბობენ, რომ სპორტსმენებს უჭირთ ლაპარაკი...
- სპორტსმენების ინტელექტი სულ დაცინვის თემაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე ვიტყოდი, რომ ქართველი კალათბურთელები გამოირჩევიან თავიანთი მჭევრმეტყველებითა და აზროვნებით. არიან ბიჭები, რომლებიც არა მხოლოდ კარგი კალათბურთელები, არამედ კარგი თბილისელებიც არიან.

- ეს რას ნიშნავს?
- იმას ნიშნავს, რომ თავისი ინტელექტით, პატრიოტიზმითა და ქალაქელობით აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც მოსაწონია არა მხოლოდ ქალაქში, არამედ პერიფერიებშიც. კოლორიტი ცოტა მოძველებული სიტყვაა, მაგრამ ნამდვილი თბილისელი ყველა საზოგადოებაში მიღებული ადამიანი უნდა იყოს თავისი საქციელით, როგორც მეზობლისთვის, ასევე თანამშრომლისა და მეგობრისთვის. კალათბურთი არისტოკრატიული სპორტია, კალათბურთელი ტალახში არ გორაობს და ჩემთვის ეს მაინც პირველი სპორტია, თუმცა სხვა სახეობებსაც პატივს ვცემ და თავადაც ვთამაშობ.

- მაგალითად, რას?
- აქტიურ და პასიურ სპორტს მივდევ, თუნდაც ბილიარდს.

- ჭადრაკს?
- ყველაზე ცუდად ჭადრაკს ვთამაშობ, მანუჩარი თამაშობს საკმაოდ კარგად.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- თავისუფალი დრო ახლა უფრო მეტი გამომიჩნდა, თუმცა უქმად არასდროს ვატარებ. ყოველთვის სადმე კარგ ადგილას, ამოჩემებულ ადგილებში დავდივარ მეგობრებთან ერთად. ადრე დღეში ორჯერ ვარჯიში მქონდა და ყველაფერს მერჩივნა, სახლში მივსულიყავი და ექვსსაათიანი ვარჯიშის შემდეგ დამეძინა.

- ჰობი რა გაქვს?
- მიყვარს სანადიროდ სიარული, მაგრამ უფრო მეტად კარგ წრესთან ერთად თევზაობა. სამი ადამიანი მაინც თუ გყავს გარშემო, რომელიც შენთვის საინტერესოა, ხუმრობა-ხუმრობასა და ამბების გახსენებაში დროც გადის და თევზსაც იჭერ.

- რამდენადაც ვიცი, ოჯახი გაქვს...
- მყავს მეუღლე, ანა გულუა და ცხრა თვის ნიკოლოზი. ძალიან მინდა, ჩემი შვილიც კალათბურთელი იყოს. ყოველ შემთხვევაში სპორტსმენი მაინც. ანი 4-5 წლის წინ გავიცანი მეგობართან, თუმცა წელიწად-ნახევარია, რაც ცოლად მოვიყვანე, მანამდე შეყვარებულები ვიყავით. ცოტა რთული ადამიანი ვარ ისედაც, გარდა ამისა, იმ პერიოდში თვეობით არ ვიყავი საქართველოში. ჩვენი სიყვარულის ამბავი ნელა ვითარდებოდა, ზოგჯერ კონფლიქტების ფონზეც, იყო ეჭვიანობაც. მერე ყველაფერმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, ცოლიც მოვიყვანე და ცხრა თვის ბავშვიც მყავს. თავიდან ოჯახური ცხოვრება ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ რაც ბავშვი ცოტა წამოიზარდა, შევეგუე. ჩვეულებრივი მამა ვარ, ნერვები მეშლება, ბავშვი რომ ტირის (იცინის).

- რომანტიკული ადამიანი ხარ?
- ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ და ალბათ ქართველი კაცები ყველაზე ნაკლებად რომანტიკულები არიან, მეც ნაკლებად ვარ. საჩუქარს გავუკეთებ მეუღლეს, მაგრამ დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი, ისე მეგობრისთვის კი მომიფიქრებია რაიმე ორიგინალური. მე ყველაფერს მარტივად ვუყურებ. აი, მაგალითად, ამ სკამს ვუყურებ და არ ვფიქრობ, რომ შავია, ასეთია და ისეთი, ჩემთვის უბრალოდ, სკამია (იცინის).

- მეუღლე ახლა აღარ ეჭვიანობს?
- არა, სხვათა შორის, თავადაც ხვდება, რომ ეჭვიანობის საბაბი არ აქვს. წესიერად ვიქცევი (იცინის). საღამოს რამდენიმე საათით ვხვდებით ერთმანეთს, ის ბანკში მუშაობს, მე ვარჯიშზე ვარ, დასვენების მთელ დღეებს ოჯახთან ერთად ვატარებ.

- კალათბურთთან დაკავშირებით რაიმე სახალისო ამბავი გაიხსენე.
- ხაზს გავუსვამ, რომ დაოჯახებამდე პერიოდის ამბავს გიყვებით (იცინის). პირველ კურსზე ვიყავი, ერთი გოგონა მეპრანჭებოდა და მეც ვეპრანჭებოდი. მახსოვს, პირველად ვითამაშე უნივერსიტეტის გუნდში უმაღლეს ლიგაში. 17 წლის ვიყავი და სხვა მოთამაშეები ბიძად მეკუთვნოდნენ, თქვენობით ველაპარაკებოდი, საოცარი გრძნობა იყო. მე და ის გოგონა ერთმანეთს ლექციებზე ვხვდებოდით. მართლა ძალიან მომწონდა, ხომ იცი, ამ ასაკში სხვანაირად უყვართ. ის გოგონა მეუბნებოდა, რომ კალათბურთზე ჭკუა ეკეტებოდა. თავად მოცეკვავე იყო და მეც ვცდილობდი, ცეკვაზე უფრო მეტი რამ შემეტყო, მაგრამ, რასაკვირველია, ზედაპირულად ვიცოდი ეს სფერო. ჩემს პირველ სერიოზულ თამაშზე დავპატიჟე. მიდის ძალიან დაძაბული თამაში, მოედანზე შემიყვანეს, გამომიყვანეს, კარგადაც ვითამაშე, რადგან ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულია, როცა მოედანზე ვიღაც კონკრეტულად მე მგულშემატკივრობს. მოკლედ, წუთშესვენება გამოაცხადეს და ის გოგონა მეძახის, გიო, გიო... გავიხედე და გადმომძახა, თამაში რომლამდეაო? თურმე გაგებაში არ ყოფილა კალათბურთის. ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს - მორჩა თამაში და მოვიგეთ. ამას კი მიხვდა, გამოვდივართ და მელოდება გარეთ. მოლოცვის მერე მეკითხება, თავიდან მოედნის ერთ ფარში რატომ აგდებდით ბურთებს და მერე მეორეში რატომო?

- გიორგი, "ბრავოზე" მინდა გკითხო, სადაც დიმა ობოლაძესთან ერთად მიიღე მონაწილეობა.
- არ ვიცი, ვინ მოიგონა, რომ ამხელა ჯოხის გადამტვრევა ადამიანზე შეიძლებოდა. კიდევ კარგი, რომ მე და დიმამ ის ჯოხები ერთმანეთს არ გადავამტვრიეთ, რადგან დავხოცავდით ერთმანეთს და კიდევ ერთხელ პატივისცემას გამოვხატავ ჩვენი სენსეის, კორნელი მაისაშვილის მიმართ, მან იცის, როგორ უნდა გადაამტვრიოს ჯოხი ადამიანს ისე, რომ არ დააშავოს, მე კი ჯერჯერობით ხელები და ფეხები მაგრად მჭირდება, დიმას მგონი, არ სჭირდებოდა (იცინის). ღია ეთერში შოუში გამოსვლა ჩემთვის ცოტა უჩვეულო იყო. მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ვაფასებ და ახლაც ასე იყო. თიკო სადუნიშვილმა მწარედ თქვა რაღაც ჩემზე, მაგრამ ის ჩემი მეგობარია, 15 წელია ერთმანეთს ვიცნობ და ვმეგობრობთ, მაგრამ ნანკასა და თიკოს სილამაზემ დაგვჯაბნა. ერთ საიდუმლოს გეტყვით, მობილური მქონდა და გადაცემის მსვლელობისას მეც მათ ვუმესიჯებდი, ისეთი ლამაზები იყვნენ (იცინის). "ბრავო" კარგი პროექტი გამოდგა და მასში მონაწილეობა სიამოვნებით მივიღე.


ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული