თსუ-ს 6 რეკორდი სუპერლიგაში

AutoSharing Option
შაბათ-კვირას თბილისში დიდი ნალექიანობა იყო, თითქმის გადაუღებლად თოვდა. დადო სპორტის სასახლეშიც... ოღონდ თოვლი არა - თსუ-მ რეკორდები დადო. სტუდენტებმა ერთბაშად 6 რეკორდი დაამყარეს.

"მწვანეთა" მატჩში "ქუთაისმა" გაიმარჯვა...

"სამედიცინომ" მიმდინარე სეზონში მეორედაც სძლია "ენერჯის"...

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერის, ლაშა ფარღალავას გარეშე (ავად იყო) მოთამაშე "სოხუმმა" გააზრებული კალათბურთით ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია "არმიას", რომელშიც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა სერგო ათუაშვილმა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ პარასკევს, დუდა სანაძის 31 ქულის წყალობით "ბათუმმა" "აგრარული" შინ ხელმოცარული გაუშვა.


26 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-თსუ 95:149
18:25, 25:41, 25:40,
27:40
დინამო: ეძგვერაძე (14ქ, 6პ), ივანეიშვილი (9ქ), თვაური (12ქ, 5პ, 6მ), გულდედავა (11ქ, 5პ), თავამაშვილი (32ქ), პატარაია (7ქ, 3პ, 4ჩ), გლუნჩაძე, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (3ქ), ჩაველაშვილი (7ქ, 7მ)
თსუ: გაფრინდაშვილი (6ქ, 7პ, 5მ, 3ჩ), ზ. მაისურაძე (2ქ), მ. ბერიშვილი (27ქ, 12მ, 3პ, 6ჩ), ხიზანიშვილი (18ქ), ლონდარიძე (24ქ, 20მ, 3პ, 5ჩ, 4დ), ფანჩულიძე (27ქ, 4ჩ), კოხრეიძე (6პ, 3ჩ), კორკოტაძე (8ქ, 3ჩ), ჩიტაშვილი (26ქ, 6ჩ), დეკანოიძე (7ქ), ჩქარეული (4ქ)
მსაჯები: ხ. გაბედავა, დ. არეშიძე
კომისარი: რ. ხომერიკი

როგორც ყოველთვის, შაბათსაც თსუ-ს მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა შეგირდებს მიზნად გამარჯვება დაუსახა. თუმცა წინასწარ ცხადი იყო, რომ თსუ "დინამოს" მოუგებდა. ამიტომ, მწვრთნელმა სტუდენტებს ერთი ამოცანაც მისცა, რომლის ამოხსნის შემდეგ, სუპერლიგის 6 რეკორდი მივიღეთ.

თსუ-ს თავიდანვე ეტყობოდა, რომ სეზონში ყველაზე მეტი ქულის ჩაგდებას ესწრაფვოდა - დინამოელებს მათსავე მოედანზე დაუწესა პრესინგი და 44-ჯერ დააკარგვინა ბურთი (44 შეცდომა სუპერლიგის ანტირეკორდია). თავის მხრივ, მაშინ, როცა დინამოელები პრესინგის ძლევდნენ, ბურთი მეტოქის ფარქვეშ მყოფ თემურ თავამაიშვილამდე აღწევდა და კარიერაში საუკეთესო შედეგიც აჩვენა - 32 ქულა.

თსუ-მ მიზანს მიაღწია: 149 ქულა ჩააგდო და მიმდინარე ჩემპიონატში შსს-ს რეკორდი (121 ქულა) გააუმჯობესა. საოცარია, მაგრამ ფაქტია: სტუდენტებმა 96 ორქულიანი ისროლეს და 54 ჩააგდეს (ესეც მეორე და მესამე რეკორდი). მეოთხე: 29 პასი. მეხუთე: 34 ჩაჭრა. მანამდე ყველაზე მეტი, 19 ჩაჭრა "ენერჯის" ანგარიშზე იყო.

დაგვრჩა მეექვსე რეკორდი, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა: ილია ლონდარიძემ 10 საკუთარ ფარზე მოხსნა, 10 მეტოქისაზე და 20 მოხსნით სეზონის რეკორდი ერთით გააუმჯობესა.


26 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე
სოხუმი-არმია 71:82
14:21, 18:16, 14:23, 25:22
სოხუმი: ჰარისი (17ქ, 3პ), ჩლაიძე (15ქ), კვენეტაძე (8ქ, 7მ), ანთაძე (11ქ), რ. დამუსი (4ქ), შანიძე (2ქ), სორდია (10ქ), კანკია, კოპალიანი, კ. დამუსი (4ქ, 10მ).
არმია: ტუღუში (18ქ, 8მ, 7პ), ბოისა (10ქ, 9მ, 3პ), პირველაშვილი (2ქ), შარაბიძე (10ქ), ათუაშვილი (23ქ, 10მ, 2დ), ბაქრაძე (6ქ), ბაბიაშვილი (3ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი, ბ. ბერიშვილი (10ქ, 5მ, 5პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მალაჩაძე
კომისარი: მ. რატიშვილი

"არმიას" დაარსების დღიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ რეგულარულ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს. გუნდის შემადგენლობა კარგადაა დაბალანსებული, უკანა ხაზში საიმედოობით გამოირჩევიან გამოცდილები ბუბა ბერიშვილი, კოტე ტუღუში და ანატოლი ბოისა. ახალგაზრდა გამთამაშებელი გივი ბაქრაძე მოედანზე გამოსვლით "არმიას" თამაშს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.

გამოცდილი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი ხშირად თამაშობს სამი დაბალით. წინა ხაზშიც ასარჩევადაა საქმე: ვახტანგ მინაშვილი, გიორგი შარაბიძე, რეზო ათანელიშვილი, სერგო ათუაშვილი... თუ მსუბუქი ფორვარდი დასჭირდა, გიორგი პირველაშვილი ჰყავს.

ასეთი გამოცდილი, დაბალნსებული და, რაც მთავარია, სტაბილური გუნდი კარგი ინდიკატორია სუპერლიგის სხვა კლუბების რაელური ძალისა. შორს წასვლა არ გვინდა: ერთი ტურით ადრე სტუ-მ "არმიას" წინააღმდეგ მატჩში დაცვაში დამაჯერებელი თამაშით ორი რამ დაგვანახა: სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს (ზურაბ ტომარაძე) და მეორე - სტუ-ში ნიჭიერი შემადგენლობაა შეკრებილი.

კარგ მწვრთნელებს მეორე წრეში ერთი კონკურენტი გამოუჩნდათ: "სოხუმის" თავკაცად ლატვიის ნაკრების მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი დაინიშნა. "არმიასთან" შაბათის მატჩში "სოხუმს" უკვე დაეტყო ლატვიელის ხელი: შეტევაში სხვადასხვა სქემით მოქმედებს (მანამდე გუნდი მხოლოდ ინდივიდუალური თამაშით აღწევდა შედეგს), ხოლო დაცვაში "არმიას" არაფრით ჩამორჩებოდა. ერთი ეგაა, პირველ ტაიმში სოხუმელებმა იოლად ჩასაგდები არაერთი ბურთი გააცუდეს, საპასუხოდ კი გამოცდილი არმიელებისგან ქულებს საკუთარ კალათში იღებდნენ.

და მთავარი - ბაგაცკისი ბოლომდე ენდო მანამდე თითქმის უცნობ ახალგაზრდა ირაკლი ჩლაიძეს, რომელიც იუჯინ ჰარისთან ერთად "სოხუმის" მთავარი მექულე იყო.

ნამატჩევს "არმიას" ლიდერმა კოტე ტუღუშმა (18 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი) აღნიშნა:

- რეგულარული ჩემპიონატის დასასრულამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ყველა გუნდი ფორმას კრეფს. ამასთან, სუპერლიგაში ბევრი კარგი კლუბია და ყოველ ტურში სერიოზული ბრძოლა გვიწევს. საინტერესო მატჩი გამოვიდა დღესაც - "სოხუმს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდს მისი ხელი აშკარად ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი, ლაშა ფარღალავა აკლდათ, სოხუმელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.


26 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე
სტუ-ქუთაისი 66:95
13:18, 26:25, 13:28, 14:24
სტუ: ჩიკვილაძე (18ქ, 10მ, 4პ), ვ. ბერუაშვილი (3ჩ), გასიტაშვილი, ჯანგველაძე (15ქ, 6მ) ი. კობიძე, ჭოხონელიძე, ლომოური (10ქ), მაჩალაძე (6ქ, 8მ), თევზაძე (2ქ, 3პ), ლაშქარაძე (5ქ), ძიძიგური (4ქ), ახალკაცი (6ქ).
ქუთაისი: კვიმსაძე (23ქ, 9პ, 6მ, 6ჩ), დიდია (13ქ, 7მ, 6პ, 5ჩ), ცეკვავა (9ქ, 5მ, 2დ), გ. ბარბაქაძე (18ქ, 10მ, 5პ, 3ჩ), ბოლქვაძე (5ქ), კვერნაძე, ბაბუნაშვილი (3ქ), ტუკვაძე, ლომინაშვილი (18ქ), კოღუაშვილი (4ქ), ბ. კობიძე, კუჭავა (2ქ).
კომისარი: მ. რატიშვილი
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

სუპერლიგაში ორი თეთრ-მწვანე გუნდია: სტუ და "ქუთაისი". 26 თებერვალს სწორედ მწვანეთა დუელი შედგა. მე-14 ტურში "არმიასთან" ღირსეული ბრძოლის შემდეგ იმედი, რომ სტუდენტები ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტთანაც საინტერესო თამაშს უჩვენებდნენ და ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა შედგებოდა. თუმცა, ვარაუდი მხოლოდ პირველ პერიოდს ეყო, მესამე მეოთხედის დასაწყისში ქუთათურები პერიმეტრიდანაც ზუსტად ისროდნენ, ახლო მანძილიდანაც და დაცვაშიც მყარად იდგნენ - სტუ-ს 5 წუთში 1 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინეს.

შედარებით გამოცდილი კალათბურთელების საქმე კარგად განაგრძეს ახალგაზრდებმა და "ქუთაისმა" მე-9 გამარჯვება გაიფორმა. "შედარებით" გამოცდილებში ვიგულისხმეთ რეზო დიდია, ბუბა კვიმსაძე, გიგი ბარბაქაძე და გოგა ცეკვავა (გადახედეთ მათ მონაგარს), რომლებმაც 30-ზე მეტი წუთი ითამაშეს. დანარჩენებს 20 წუთზე მეტი არ რგებიათ. ასევე უნდა გამოვყოთ ახალგაზრდა ავთანდილ ლომინაშვილი - 20 წუთში 18 ქულა ჩააგდო.


26 თებერვალი, თბილისი, სპორტის სასახლე
სამედიცინო-ენერჯი 88:58
24:22, 15:9, 26:6, 23:21
სამედიცინო: თავართქილაძე (8ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), ჭოჭუა (19ქ, 6მ, 2დ), ჩაჩიბაია (5ქ, 6მ), ბექაური (11ქ, 8მ, 4დ), დვალიშვილი (25ქ, 13მ, 4პ), გულისაბედაშვილი (7ქ), ს. ლეჟავა (5ქ, 3პ), ნინიაშვილი (8ქ), კედია.
ენერჯი: მაჭავარიანი (7ქ), აბაიშვილი (13ქ, 3ჩ), ხმელიძე (8ქ), გუგავა (4ქ, 5მ), ლამუ (12ქ, 11მ, 3დ), თვარაძე (5ქ), არაბული (7ქ, 3პ), აბულაძე (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: თ. ქიქოძე

სატურნირო თვალსაზრისით "ენერჯისთან" მოგებას "სამედიცინოსთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა: წაგების შემთხვევაში "მედიკოსები" ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე ჩავიდოდნენ, ხოლო მოგებამ ისინი საუკეთესო რვაეულში შეიყვანა. პლეი ოფში სწორედ 8 გუნდი გადის.

"სამედიცინომ" რუსთაველებს ფარქვეშ აჯობა, რაც აკაკი დვალიშვილისა და ბექა ბექაურის დამსახურება იყო. ბექამ 4 დაფარება (2 განსაკუთრებულად ეფექტური გამოვიდა), 9 მოხსნა და 11 ქულა მიითვალა. აკაკი მატჩის ბომბარდირიც გახდა და საუკეთესო მომხსნელიც - 25 ქულა, 13 მოხსნა. ნუგზარ კანდელაკის გუნდში ვიცე-სნაიპერობა მიხეილ ჭოჭუამ იკისრა - 19 ქულა.

შეგახსენებთ: "სამედიცინოს" მთავარი მექულეები ჭოჭუა და დვალიშვილი რუსთაველები არიან.


გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 13 12 1 1145/885 25
2. თსუ 14 11 3 1277/1117 25
3. შსს 13 10 3 1162/972 23
4. ქუთაისი 13 9 4 1068/934 22
5. სოხუმი 14 8 6 1092/1062 22
6. ენერჯი 14 7 7 969/1019 21
7. სამედიცინო 14 4 10 1032/1059 18
8. ბათუმი 13 5 8 1017/1067 18
9. სტუ 14 4 10 1117/1208 18
10. აგრარული 14 4 10 991/1153 18
11. დინამო 14 1 13 980/1374 15


ტურის მოთამაშეები
სერგო ათუაშვილი (არმია)
33 წუთი, 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება.

სერგოს მიმდინარე სუპერლიგაში "სოხუმთან" დაპირისპირებამდე მხოლოდ 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, აქედან ყველაზე მეტი "ენერჯისთან" ითამაშა - 13 წუთი.
მე-15 ტურში ლევან მოსეშვილი ათუაშვილს ბოლომდე ენდო და 222 სმ სიმაღლის ცენტრმაც გაუმართლა. მან 12-დან 9 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

დუდა სანაძე (ბათუმი)
39 წუთი, 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.
"ბათუმმა" შინ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო - პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "აგრარული" 78:73 დაამარცხა. ზღვისპირელთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა დუდა სანაძეს, რომელმაც ბომბარდირობა გამოცდილი ლაშა კეშელავასგან გადაიბარა და 31 ქულა ჩააგდო. საყურადღებოა, რომ დუდამ 20 საჯარიმო ისროლა და 16 გამოიყენა (73.7 პროცენტი).


ბაგაცკისი, 1+1
მე-14 ტურში "სოხუმს" აინარს ბაგაცკისი გაუძღვა, თუმცა იგი ოფიციალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი არ იყო. 26 თებერვალს (მე-15 ტურში) "არმიასთან" მატჩში სოხუმელები კონტრაქტიანმა ბაგაცკისმა დამოძღვრა. ხელშეკრულების დეტალებზე "სოხუმის" ვიცე-პრეზიდენტი თემურ ჩილაჩავა მოგვითხრობს:

- აინარს ბაგაცკისთან 1+1 ტიპის კონტრაქტი გავაფორმეთ. იგი სეზონის ბოლომდე "სოხუმში" იმუშავებს და თუ მომავალი სეზონისთვის ისეთი შეთავეზება ექნება, რომ გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, კონტრაქტი წასვლის უფლებას აძლევს. ხელშეკრულების სეზონის დასრულების შემდეგ გაწყვეტის უფლება ჩვენც გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება სუპერლიგაში დაკავებულ ადგილზე.

ბაგაცკისმა "არმიასთან" მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ბევრი ვიშრომეთ. კალათბურთელებმა დავალებები მეტ-ნაკლებად კარგად შეასრულეს, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა იოლად ჩასაგდები ბურთები კალათში არ ეშვებოდა. ეს უიღბლობის ბრალია. მუშაობას ვაგრძელებთ და დღითი დღე უნდა გავუმჯობესდეთ. ლაშა ფარღალავა რომ დაგვემატება გუნდის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოში მუშაობა საინტერესოა და ვიმედოვნებ ჩემი კარიერა წარმატებული გამოდგება.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული