"ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები დაღვინებული გუნდი იქნება"

AutoSharing Option
ევროპის 2017 წლის შესარჩევის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო მისსავე მოედანზე 90:84 დაამარცხა. გიორგი ცინცაძის ვიდეოინტერვიუში შემოჭრილმა ზაზა ფაჩულიამ ორ მეგობარს მონტენეგროდან ასე მიმართა: "მანუ, თოკო, გელით გაისად ევრობასკეტზე!"

თორნიკე შენგელიამ შესარჩევი კი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო ბოლო შეხვედრა გამოტოვა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ასევე ტრავმის მიზეზით შარშან ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ექიმებმა მანუს ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. ნოემბერში, ბელგიაში მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და იქვე უთხრეს - რეაბილიტაციისთვის ხუთი თვე დაგჭირდებაო.

- მას მერე ხუთი თვე კი გავიდა, მაგრამ ჯერ კონტაქტური ვარჯიში არ
დამიწყია. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამავე სეზონში შევძლებდი მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ ევროპაში ყველა ჩემპიონატი ფინიშის ხაზზეა. ამიტომ, გადავწყვიტე, მეტი დრო დამეთმო აღდგენისთვის, რომ ნაკრების შეკრებას ყოველმხრივ ჯანმრთელი შევხვდე.

- რეაბილიტაცია რა ეტაპზეა?
- დასკვნით ფაზაში. რადგან ერთი წელი გამიცდა, არ მითამაშია, ამიტომ ვარჯიშებს ეტაპობრივად ვუმატებ. ჯერ ინდივიდუალურად ვემზადები, ერთი კვირა ტრენაჟორებზე, მეორე კვირა - ბურთით. აქამდე ასე მონაცვლეობით ვვარჯიშობდი. ფიზმომზადებაში ირაკლი შიოშვილთან ვმუშაობდი, ბურთით - ნაკრების მწვრთნელებთან ტიხომირ ბუიანთან და მილოშ გლიგორიევიჩთან.

ამ კვირაში ოჯახთან ერთად რაჭაში გამოვემგზავრე, ცოტას დავისვენებ, რაჭა ხომ მშვენიერი ადგილია განტვირთვისთვის, თუმცა რეაბილიტაციის პროცესს არც აქ ვწყვეტ.

- თბილისში ვიზიტისას მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ვარჯიშზე გეწვია...
- აინტერესებდა ჩემთან შეხვედრა, ჩემი ვარჯიშის ხილვა, ჩემი შეხედულება ნაკრებზე. სურდა გაეგო, რეაბილიტაცია როგორ მიმდინარეობდა და რა სტადიაშია. უნდა ჰქონდეს თუ არა ჩემი იმედი ევრობასკეტზე. საინტერესო შეხვედრა იყო.

- მენეჯერი ახალ კლუბზე ხომ არ მუშაობს?
- საამისოდ ჯერ მზად არ ვარ. ამიტომ აგენტს ვთხოვე, თავი შეეკავებინა გუნდების წარმომადგენლებთან საუბრისგან. როდესაც დავინახავ სად ვარ, რამდენად მზად ვარ, კლუბზე შემდეგ ვიმუშავებ. ამ ზაფხულს კარგად მოვემზადები, მინდა ევროპის ჩემპიონატზე სრული დატვირთვით ვითამაშო და გუნდისგან არანაირი ზეწოლა არ მქონდეს - ვარჯიშები დავიწყეთ, მალე ჩამოდიო.

- სანაკრებო ისტორიის რა ეტაპი იქნება ევრობასკეტი 2017?
- ზუსტ პასუხს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებთ. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაღვინებული გუნდი გვყავს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია წარმატებაზე ფიქრი. ნაკრების რამდენიმე კალათბურთელს კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა მე და ვიქტორ სანიკიძეს ბევრი გაგვიცდა. როდესაც მთელი სეზონი ვერ თამაშობ, კონდიციების აღსადგენად დრო გჭირდება.

ევრობასკეტზე მედლებისთვის საბრძოლველად ჩავდივართო, ახლა ამის თქმა არ შეიძლება, ჩვენი პროგრამა მაქსიმუმიც და მინიმუმიც ჯგუფიდან გასვლა იქნება. სწორედ ამის შემდეგ უნდა დავისახოთ ახალი მიზანი - პლეი ოფში თითოეული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება...

საქმეს ისიც ართულებს, რომ ისრაელის ჯგუფში თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი, ვინ პირველზე გავა, ვინ - მეოთხეზე და ვინ ვერ გადალახავს ბარიერს, დღეს ძალიან რთულია ლაპარაკი. ბევრი რამ ნაკრებების შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული - საკითხავია, რომელ გუნდს რომელი ლიდერი ეყოლება და ვინ ვერ შეძლებს თამაშს...

- მომავლის თემაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც განხორციელდება ცვლილებები. ნოემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩავერთვებით.
- ახლა რთულია ნაკრების ევრობასკეტისშემდგომ სიტუაციაზე ილაპარაკო და მთელი გუნდის აზრი ჩამოაყალიბო. გუნდში 12 კალათბურთელია, ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. მომისმენია მსჯელობა თაობათა ცვლის პროცესზე, მაგრამ არა მგონია, ეს მტკივნეულად მოხდეს, ნაკრების შემადგენლობა ერთიანად არ შეიცვლება.

ბევრი რამ ევრობასკეტზე იქნება დამოკიდებული. ჯერ ისრაელზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ტვინის ერთ უჯრედში მაინც ტივტივებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი, რადგან იგი თითქმის გადაბმულია ევროპის ჩემპიონატთან - დაახლოებით თვენახევრის შემდეგ დაიწყება.

- ისრაელში არაერთი საევროლიგო მატჩი გაქვს ჩატარებული. როგორ გახსენდება "მაკაბის" არენაზე თამაში, სადაც 31 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრა გვაქვს...
- გახსნით თამაშში ლიტვას დავუპირისპირდებით. არა მგონია, ადგილობრივებმა ჩვენთან მატჩში ლიტველებს უქომაგონ. მასპინძლებთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ვფიქრობ, ქართველებს სხვა მეტოქეებზე მეტი გულშემატკივარი გვეყოლება. საქართველოდანაც ჩამოვლენ და ისრაელშიც ბევრი ქართველი-ებრაელია. საინტერესო იქნება მათთან შეხვდრა. ძალებს არ დავიშურებთ, რომ ერთად გავიხაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მინიმუმ ერთი სამიანების სტაბილური მსროლელი გვჭირდება და მედლებიც მოვა
nini
09:45 14-06-2017
0
საქართველოს ნაკრებს, სამქულიანების სტაბილური მსროლელი რომ ჰყავდეს,ევროპის აბსოლიტურ ყველა ნაკრებთან შეიძლება მოგება. ეს მონტენეგროსთანაც დამტკიცდა, გასვლით თამაშში, ჩვენს ფერადკანიანს რომ წაუიდა სამიანები, ყველამ ვნახეთ ძლიერი მონტენეგრო როგორ დავამარცხეთ, მითუმეტეს თბილისში გვქონდა წაგებული! სხვა არაფერი არ უნდა საქართველოს ნაკრებს, ერთად ერთი სამიანების სტაბილური მსროლელი. მარკოიშვილი ნუ მიწყენს მაგრამ , არ არის ეგ სტაბილური მსროლელი.
გოგა
13:16 12-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული