ზაზა ფაჩულია: ჩვენს უკან მთელი საქართველოა

AutoSharing Option
ჰოლანდიური ტურნირის მსვლელობისას იქაურმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ ჩაწერეს. აი, რა უთხრა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ნიდერლანდელებს:

- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა და ახლაც ასეა. მითუმეტეს, წლეულს ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპის ჩემპიონატზე მომიწევს. შესაბამისად, ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის სერიოზულად ვემზადები.

- რა სხვაობაა "ატლანტაში" თამაშსა ნაკრებში გამოსვლას შორის?

- სხვაობა ნამდვილად არის. ძალებს არც "ატლანტა ჰოქსში" ვიშურებ. თუმცა საქართველოს ნაკრებში სხვა ფუნქცია მაქვს - გუნდის კაპიტანი ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენს უკან მთელი საქართველოა. თითოეული
კალათბურთელი ცდილობს გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

- ივლისში იყო ლაპარაკი, თითქოს "ბეშიქთაშში" უნდა გადასულიყავი.
- ამ გუნდთან ჩემი აგენტი აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თითქოს ყველაფერზე შევთანხმდით, კონტრაქტის გაფორმებას დეტალები აკლდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. გამოგიტყდებით, მოვლენების დაჩქარება არც მიცდია, რადგან ჯერაც NBA-ს გუნდს ვეკუთვნი და ამერიკაში ვაპირებ თამაშს. ატლანტა ჩემი სახლია და კონტრაქტის მიხედვით "ჰოქსში" კიდევ ორი წელი მაქვს სათამაშო. "ბეშიქთაშში" იმ შემთხვევაში ვითამაშებდი, თუ NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდებოდა. ახლა საკლუბო საკითხებზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ვემზადები.

- თუ ამერიკაში გაფიცვა, ვთქვათ, ნოემბრამდე გაგრძელდა, ევროპაში არ ითამაშებ?
- მქონდა წინადადებები სხვადასხვა კლუბებიდან. თუმცა სადღეისოდ კონკრეტული არაფერია. თუ NBA-ში ლოკაუტი დიდი ხნით გაგრძელდა, ევროპაში სიამოვნებით დავრჩები. ადრეც ვთქვი, რომ უპირატესობას თურქულ კლუბებს მივანიჭებ. რადგან ამ ქვეყანაში არაერთი წელი ვითამაშე, ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული