რას მოგვიტანს ბატონი ილიასი, დღეს რთული განსასაზღვრია. იმის თქმა კი შეიძლება, რომ საქმე კარგად იწყება: კლუბში არ მუშაობს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე იზრუნებს. კონტრაქტი თებერვალში გააფორმა და საკმარისი დრო ექნება, ქართულ რესურსს ამომწურავად გაეცნოს და რაც მთავარია, თავად განაცხადა, რომ ყველა კალათბურთელს საქმეში ნახავს.
- მინდა მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას ასეთი საინტერესო წინადადებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრების გაძღოლა. თბილისში ერთი კვირის წინაც ვიყავი, რათა სიტუაციას
როცა მწვრთნელი ნაკრების თავკაცის პოსტზე ინიშნება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ექნება საქმე. მოკლე დროში კარგად გავიცანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მოხარული ვარ, რომ მათთან მუშაობა მომიწევს.
- საქართველოს ნაკრებს როგორ იცნობთ?
- ვიცი, რომ წარმატებული ნაკრები ჩავიბარე. ეს სასიამოვნოცაა და მეტად საპასუხისმგებლოც. ამ გუნდს ბოლო დროს კარგი შედეგი აქვს, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელი.
- კალათბურთის ფედერაციასთან ერთად სამომავლო მიზნები თუ დაისახეთ?
- რა თქმა უნდა. როდესაც გუნდის სათავეში მოდიხარ, უნდა იცოდე, რას ელიან შენგან და შენ რას უნდა ელოდე.
ბოლო სამი შესარჩევი საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გაიარა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და ჩვენი მთავარი ამოცანაც ევრობასკეტის საგზურის მოპოვება იქნება. მიზნის მიღწევა კი იოლი არასოდესაა, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, მაქსიმალური მონდომება და მობილიზება. წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია გუნდის შეკვრა, გუნდური სული და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გუნდის წევრები თავს ერთი ოჯახის წევრებად გრძნობდნენ.
- საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტზეც გექნებათ ნანახი. რა პოტენციალი დაინახეთ?
- ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდია, დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ არ იყოს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას არც დავთანხმდებოდი. მინდა, გავაგრძელო იმ გზით, როგორითაც გუნდი მიდის, რაც შეიძლება წინ წავიდეთ და უფრო მაღალი შედეგები ვუჩვენოთ.
- შესარჩევი ეტაპისთვის მომზადებას როდის დაიწყებთ?
- ივლისის შუაში. ერთმანეთის გასაცნობად, ჩემი სტრატეგიისა და შეხედულების კალათბურთელებამდე მისატანად დროა საჭირო. სწორედ ამიტომ დავიწყებთ მზადებას ივლისში. ნაკრები კლუბი არ არის, მოთამაშეები მთელი სეზონის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით იყვნენ, სანაკრებო ამბები თვენახევარი-ორი თვე გრძელდება და სწორედ ამ დროისთვის უნდა მოვახერხოთ ძალების მობილიზება. როცა სხვა კალათბურთელები ისვენებენ, ნაკრებში გამოძახებულები ორმაგ ოფლს ღვრიან, რადგან საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება.
მინდა აქვე თორნიკე შენგელიას კარგად ყოფნა და ოპერაციის შემდეგ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
- თქვენს სამწვრთნელო შტაბში ვინ იმუშავებს?
- დღეს ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. უნდა ვიმსჯელოთ, გავაანალიზოთ სიტუაცია და გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთ. ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- უახლოეს გეგმებში რა შედის?
- კიდევ უფრო კარგად დავაკვირდები საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებს, შევაფასებ მათ პოტენციალს. ასევე კარგად გავიცნობ ლეგიონერებს, რომლებიც არა მხოლოდ უმაღლესი რანგის კლუბებში თამაშობენ... საიმისოდ, რომ შემადგენლობის შერჩევისას სწორი გადაწყვეტილება მივიღო, კალათბურთელებთანაც და სიტუაციასთანაც ახლოს უნდა ვიყო.
- იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც იგორ კოკოშკოვის ფორმაციის ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ...
- საქართველოს ეროვნულ გუნდში ყველას ექნება მოხვედრის შანსი. სწორედ ამიტომ ვიწყებთ შეკრებას ადრე. თუმცა, როგორც ვთქვი, სამწვრთნელო შტაბს მანამდეც სერიოზული მუშაობის ჩატარება მოგვიწევს.
- ნიკა ცქიტიშვილის თამაშს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა. თუმცა ახლა არ მინდა გვარების დასახელება. საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მაღალი შედეგი ვუჩვენო, რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.
- რით უნდა გამოირჩეოდეს ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი?
- კალათბურთი ყველგან ერთია, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ახალს ვერაფერს მოვიგონებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევიან. დაცვა, მოხსნა, ნაკლები შეცდომა - აი, წარმატების რეცეპტი. შეიძლება, ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, მეორეც აგიცდეს, მესამეც, მაგრამ თუ დაცვაში სწორად დგახარ, წარმატების შანსი მაინც გაქვს. ხოლო თუ დაცვა ჩავარდა, შედეგიც არ გექნება.
ისე არავინ გაიგოს, თითქოს, შეტევაზე უარს ვამბობდე, უბრალოდ, მარტივი ლოგიკაა - კარგი დაცვის შემდეგ კიდევ უფრო კარგი შეტევის წამოწყება შეიძლება.
- საქართველოს ნაკრებში თითქმის ყოველ წელს თამაშობს ერთი ნატურალიზებული. თქვენ რა აზრის ბრძანდებით უცხოელის მოწვევაზე?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი ადგილობრივი კალათბურთელები ჰყავს. თუმცა ნატურალიზებულის დამატებაც ნორმალური ამბავია. ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთაგან ბევრს ჰყავდა შემადგენლობაში ამერიკელი ლეგიონერი. შევაფასებთ სიტუაციას და შემდეგ გადავწყვეტთ, დაგვჭირდება თუ არა. თუ დაგვჭირდება, აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელიც საკმარისად დაგვეხმარება.
- საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს დაესწარით. რა შთაბეჭდილება დატოვა სუპერლიგამ და ქართველმა კალათბურთელებმა?
- არ მინდა გუნდებზე, დონეზე ლაპარაკი. ერთი მატჩით ვერ განსჯი. კალათბურთელებს კი დავაკვირდი და რამდენიმე მართლაც მომეწონა. სწორედ ამიტომ ჩამოვედი, რომ მოთამაშეები ადგილზე შევარჩიო. როცა მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ფედერაცია ორგანიზებულია, საკალათბურთო ლიგაც განვითარდება, მოთამაშეებიც, მწვრთნელებიც და რაღაცა კარგი აუცილებლად მოხდება.
კალათბურთი მუდმივად წინ მიდის. აუცილებელია, ფეხი ყველამ აუწყოს. მოთამაშის მთავარი ბარიერი მეტოქე გუნდის კალათბურთელი კი არა, საკუთარი თავია. თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავ, მეტოქესაც იოლად გაუმკლავდები.
- დაბოლოს, რას ეტყვით ქართველ ხალხს?
- მადლობა ჩემი არჩევისთვის. იმედი მაქვს, ერთად წავალთ ევროპის ჩემპიონატზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები!