საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ეჰ, რეფერი, რეფერი....
კალათბურთი კონტაქტური სპორტია. როდესაც თანაბარი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსაჯობას. სპორტის ამ აწოწილ სახეობაში ბევრია ისეთი მომენტი, როდესაც მსაჯი წამიერად დგება დილემის წინაშე, ბურთი ერთ გუნდს გადასცეს თუ მეორეს მიანიჭოს უპირატესობა. ასე მოიქცევა თუ ისე, ტრიბუნიდან მომზირალი გულშემატკივრისთვის რთული იქნება მსაჯის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ლაპარაკი.

ჰოდა, ასეთ დროს არბიტრი, როგორც წესი, მასპინძლის მხარეს იჭერს, რომ ქომაგთა გინება არ დაიმსახუროს. საქართველო-მონტენეგროს მატჩისას კი, არბიტრების შემყურეთ, თავი მონტენეგროში გვეგონა - ჯერ ზაზა ფაჩულიას მისცეს სადავო მეხუთე ფოლი, შემდეგ გიორგი შერმადინს
დაატოვებინეს (ხუთი ჯარიმის გამო) მოედანი.

არადა, ისინი მონტენეგროელები რომ ყოფილიყვნენ და მატჩი პოდგორიცაში გამართულიყო, დიდი ალბათობით, არ დააჯარიმებდნენ.

სწორედ ზაზას და გიორგის არყოფნა დაეტყო გუნდს ბოლო წამებზე, როდესაც მეტოქემ ბურთი ჩვენს ფარზე რამდენიმეჯერ მოხსნა. თუმცა, თუ მსაჯებს ჩვენი წაგება ჰქონდათ ჩაფიქრებული, ვერც ფაჩულია და შერმადინი გვიშველიდნენ.

რატომ ვმსჯელობთ არბიტრების მოქმედებაზე ასე თამამად? მიზეზი მარტივია: სწორედ იმ დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა...

ზუსტად 3 წლის წინ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სლოვენიასთან ბოლო წამებზე 68:74 დამარცხდა. ვისაც ის მატჩი ახსოვს, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვით, ბოლო წამებზე არბიტრებმა მხოლოდ სლოვენიის სასარგებლოდ უსტვინეს. სწორედ ისე, როგორც გუშინ, სპორტის სასახლეში.

სამიანები
მსაჯის ერთი დასტვენა ან ერთი არდასტვენა როდესაც წყვეტს თამაშის ბედს, ბევრი გამართლებაზე ლაპარაკობს. მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა ნამატჩევს აღნიშნა:

"არ ვთვლი, რომ გაგვიმართლა, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. მეორე პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი სხვაობა მოიპოვა, მალევე მოვახერხეთ ჩამორჩენის გაბათილება. სწორედ ამ ეპიზოდმა იქონია დიდი გავლენა მატჩის შედეგზე.

ისევე, როგორც ჩვენ, საქართველოსაც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ასეთი გუნდების მატჩში ძალიან ბევრს წყვეტს მცირე ნიუანსები".

მაინც რა ნიუანსებმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი? როდესაც მეტოქე 13 სამქულიანს ჩააგდებს, შენ - 3-ს, ლოგიკურად მოგებაც მას უნდა დარჩეს... საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მოვუსმინოთ:

"საქართველოს ნაკრები მოედანზე სათანადოდ კონცენტრირებული გავიდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში კონცენტრაცია დავკარგეთ, განსაკუთრებით, შეტევაში.

იყო შეცდომები, რომლებმაც თამაშის ბედზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ბევრი იოლად ჩასაგდები ბურთი ვერ მოვათავსეთ კალათში, მონტენეგრომ კი რთული სროლები გამოიყენა.

ჩაგვიგდეს 13 სამქულიანი. ეს ძალიან ბევრია. დაცვაში ამ კომპონენტზე ვმუშაობდით, თუმცა მონტენეგროელმა კალათბურთელებმა ბევრი სამიანი ძალიან შორიდან სტყორცნეს, 9-10 მეტრიდან... და ჩააგდეს... ასე მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის გუნდები აკეთებენ".

Sportall.Ge

ფარი
მონტენეგრომ 13 სამქულიანის პარალელურად, 12 ორქულიანი გამოიყენა, 42 ორიანი ისროლა და 33 სამიანი. ეს სტატისტიკა პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მეტოქეს შორეული ტყორცნების სტრატეგია ჰქონდა არჩეული.

საკითხავი ის არის, რატომ აირჩია ბოგდან ტანიევიჩმა ასეთი ტაქტიკა. მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ ბალკანელებს "ორლანდო მეჯიქის" მეფარე ნიკოლა ვუჩევიჩი ჩამოჰყვათ, სამწამიან ზონაში მაინც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ (ბოლო ათწამეულს თუ არ ჩავთვლით).

თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს მოხსნებში 48:37 აჯობა, ხოლო სამწამიანი ზონიდან თითქმის ორჯერ მეტი ბურთი ჩაუგდო - 40:24. ამ მხრივ აღსანიშნავია ზაზა ფაჩულიას თამაში, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.

როდესაც ფარქვეშიდან ქულების მოგროვება გიჭირს, პერიმეტრზე აკეთებ აქცენტს. მონტენეგროს კი, სლოვაკეთისგან განსხვავებით, მაღალი დონის შემსრულებლები აღმოაჩნდა და მიზანსაც მიაღწია.

გულშემატკივარი
2010 წლის შემდეგ (საქართველო-ბელგია) სპორტის სასახლე პირთამდე მეორედ გუშინ გაივსო. თვით მონტენეგროელებიც მოხიბლულნი დარჩნენ ქართული ქომაგობით:

"საქართველოში 50 წლის წინ მაქვს ნათამაშები. მაშინ "დინამოში" ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ასპარეზობდნენ. ყველაზე მეტად გავსებული დარბაზი და მხურვალე ქომაგობა მახსოვს.

ვიცოდი, რომ ქართველებს კალათბურთი ძალიან გიყვართ, მდიდარი ტრადიციები გაქვთ და დღესაც ბოლომდე გაივსებოდა დარბაზი. მშვენიერი სანახაობა იყო და ვფიქრობთ, ჩვენც კარგი კალათბურთი ვუჩვენეთ", - აღნიშნა ჩერნოგორიელთა დამრიგებელმა ბოგდან ტანიევიჩმა.

ჩვენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კი თითოეულ ქომაგს მხურვალე მადლობა გადაუხადა.

წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა თვალწინ გიდგას რამდენიმე ეპიზოდი, რომლის საჩვენოდ დასრულების შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის მოგება. გულშემატკივარი დარბაზიდან გულდაწყვეტილი კი წავიდა, მაგრამ არა გულნაკლული - კალათბურთელებმა იბრძოლეს, მაღალი კლასის კალათბურთი უჩვენეს და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებამდე ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდათ.

დაბოლოს
საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან რომ მოეგო, ერთი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე იქნებოდა. თუმცა არც ამ წაგებით დასრულებულა ყველაფერი, შანსი ისევ არის. თანაც დიდი შანსი... თუნდაც შვიდიდან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაა საკმაოდ რეალური.

"წავაგეთ ბრძოლა. ომი გრძელდება. ჩვენი ცხოვრებაც ომია, არც ერთ საქმეში არ შეიძლება დანებება, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ბოლომდე უნდა მიიყვანო.

მჯერა ჩემი კალათბურთელების, ვიცი მათი მებრძოლი ხასიათის შესახებ და დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ერთად მივაღწევთ მიზანს, რომელიც შესარჩევის დაწყებამდე დავისახეთ - ევრობასკეტი 2017", - გვაიმედებს ილიას ზუროსი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ტური
A ჯგუფი
ბელგია-ისლანდია 80:65
შვეიცარია-კვიპროსი 76:80

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 3 3 0 232:183 6
2. ისლანდია 3 2 1 228:216 5
3. კვიპროსი 3 1 2 190:216 4
4. შვეიცარია 3 0 3 220:255 3

B ჯგუფი
გერმანია-ჰოლანდია 71:75
ავსტრია-დანია 86:66

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. გერმანია 3 2 1 233:208 5
2. ავსტრია 3 2 1 220:199 5
3. ჰოლანდია 3 2 1 237:218 5
4. დანია 3 0 3 212:277 3

C ჯგუფი
შვედეთი-რუსეთი 73:85

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 2 2 0 168:127 4
2. ბოსნია 2 1 1 128:154 3
3.შვედეთი 2 0 2 144:159 2

D ჯგუფი
პოლონეთი-ესტონეთი 78:64
ბელორუსი-პორტუგალია 72:62

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 3 3 0 258:200 6
2. ესტონეთი 3 2 1 221:208 5
3. ბელორუსი 3 1 2 213:240 4
4. პორტუგალია 3 0 3 187:231 3

E ჯგუფი
სლოვენია-უკრაინა 81:77
ბულგარეთი-კოსოვო 105:84

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 3 3 0 280:223 6
2. უკრაინა 3 2 1 226:216 5
3. ბულგარეთი 3 1 2 252:246 4
4. კოსოვო 3 0 3 215:288 3

F ჯგუფი
საქართველო-ჩერნოგორია 74:76
სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6
2. საქართველო 3 2 1 254:186 5
3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4
4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3

G ჯგუფი
მაკედონია-უნგრეთი 66:76
დიდი ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 95:72

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნგრეთი 3 3 0 261:207 6
2. დ. ბრიტანეთი 3 2 1 268:247 5
3. მაკედონია 3 1 2 234:247 4
4. ლუქსემბურგი 3 0 3 211:273 3

მეორეადგილოსანთა ცხრილი
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 2 1 1 168:139 3
2. ესტონეთი 2 1 1 145:140 3
3. უკრაინა 2 1 1 156:153 3
4. ავსტრია 2 1 1 134:133 3
5. დ. ბრიტანეთი 2 1 1 173:175 3
6. ისლანდია 2 1 1 140:144 3
7. ბოსნია 2 1 1 128:154 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მე ასე უყურებ ამ საქმეს, ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს, მეტი არასდროს არავისთვის არაფერი მოგვითხოვია, მთავარია თავის ქვეყნისთვის დაიხარჯნონ ბოლომდე... პატივს ვცემ ამ ნაკრებს და მიყვარს კალათბურთის ყურება ჩვენები როცა თამაშობენ.
PARFIUMER
08 სექტემბერი 2016 22:22
0
სხვა საქმეა როგორ ვითამაშეთ... ფაქტი კი ერთია თამაშის ბედი გადაწყვიტა მსაჯმა. ამას რად უნდა ამდენი მსჯელობა ხალხო

gia
08 სექტემბერი 2016 15:38
0
4 მოგებით ევრობასკეთზე გასვლის შანსი არაა?????
nika
08 სექტემბერი 2016 15:19
0
დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისათვის...იმედია რევანშს ავიღებთ...ეხ რას იზამ მსაჯების უპასუპისმგებლობა, სიბრმავე და მგონია მთავარი მაინც სკამია...მოკლე სკამი და მხოლოდ და მხოლოდ მოკლე სკამი...
beso
08 სექტემბერი 2016 14:55
0
ყველაფერს წერთ, გარდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტისა... გაიხსენეთ საოცრად დაიწყო თამაში შენგელიამ, რომელიც ძალიან მალე დააჯინა ზუროსმა და მტელი 6 წუთი არ შეუშვა მოედანზე, სწორედ მაშინ შემოაბრუნეს თამაში სტუმრებმა.
ერთიც, ცინცაძეს საერთოდ როგორ უნდა ასროლინო, ეს რა უბედურებაა...
სანაძეს მეტი დრო უნდა მიეცეს, სროლა მაინც შეუძლია !
მაგი
08 სექტემბერი 2016 14:18
0
შეიძლება მსაჯმა შეცდომები მართლაც დაუშვა, მაგრამ ამას ჩვენი შეცდომებიც დაემატა და მარტო მსაჯზე დაბრალება გაუმართლებელი იქნება. როდესაც მოწინააღმდეგე შენზე უკეთესად ესვრის და ამას ისიც ემატება, რომ მუდმივად ვჯარიმდებით შეტევაში, სრულიად ლოგიკური გამოდის ჩვენი მარცხი. ეს კიდევ პირველი შემთხვევა არ არის
გგგ
08 სექტემბერი 2016 13:52
0
რომა
რაღაც საკითხებში გეთანხმები,
მაგრამ მაინც ,,მცირე სკამის,, პრობლემააა!

იყო ზედმეტი სიჩქარეც,რის შედეგადაც ბურთს ვკარგავდით (!)
- საჭიროა ნაკლები ემოციები -

და ახალ თაობას - სერიოზული ყურადღება (!)

glaxuna
08 სექტემბერი 2016 13:52
0
ვისაც კალათბურთი ესმის, ის ალბათ დაინახავდა ჩვენი გუნდის თამაშში ახალ შტრიხებს, თუ რა ლამაზად ათამაშებან ჩვენები კომბინაციას, როცა ერთი კალათბურთელი ფარისკენ იწყებს მოძრაობას და გამთამაშებელი ბურთს შეაყოლებს ხოლმე, დაითვალეთ რამდენი ასეთი ბურთი ჩავუგდეთ მონტენეგროს? რაღაც მგონია ბოლომდე არ დააფასეს მონტენეგრო და ეს ფაცი ფუცი და ციცნაძის ზედმეტობები ზუსტად ამისი ბრალი მგონია,ცინცაძეს მგონი ისევ ალბანეთთან ეგონა თამაში. ხომ ნახეთ ბიჭებო, რომ მონტენეგრო საკმაოდ კარგი გუნდია, ახლა სრული მობილიზაცია და რევანში თქვენზეა, მონტენეგრო არა მგონია ასეთი მობილიზებული დაგვხვდეს, როგორც თბილისში... მოვიგებთ!!!
bavaria
08 სექტემბერი 2016 13:47
0
ბრავო მსაჯებს,მაგრად იმუშავეს ბოლო წუთებზე.
ჩვენებს შეეძლოთ მოგება,მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენჯერ ჩააგდეს ბოლო წამებზე გადამწყვეტი ბურთი ჩვენებმა? მე აღარ მახსოვს,მოკლე სკამის გამო ძალიან იღლებიან და ბოლო სროლაზე სიზუსტე ღალატობთ,მით უმეტეს,რომ მაღალი დონის სტაბილური სნაიპერი არ გვყავს.ჩვენს კალათში კი ასეთი სროლა ხშირად ვარდება.
პირველ მეოთხედში სწრაფი თამაშის ტაქტიკა იუგებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ჩვენები წინ გაიჭრნენ,მაგრამ მოწინააღმდეგემ თანდათან დაალაგა დაცვა ჩაკეტა სივრცეები და ჩვენი დაღლის ფონზე დაიწყო ანგარიშის შემცირება,მათჰყავთ ორი ხუთეული ჩვენ კი 7-8 კაცით გავდივართ იოლას,ამიტომ იყო ,რომ ჩვენი სროლის სიზუსტე კლებულობდა მათი კი პერიმეტრიდან მატულობდა.ცინცაძემ შესანიშნავად დაიწყო,მაგრამ ინტენსიური ბრძოლის პირობებში ყველაზე ადრე დაიღალა და ამდენი უზუსტობებიც ვფიქრობ ამის ბრალია.
წინა სეზონში თურქულ არხებზე ვახერხებდი შენგელიას ლაბორალის თამაშების ნახვას.გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა,მაგრამ ბევრი მოსაგები თამაში წააგო ბოლო წუთებზე უკანა ხაზელების ჩვენზე უფრო სულელური შეცდომების გამო,უბრალოდ იღლებოდნენ და საღ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებდნენ.
სოსო
08 სექტემბერი 2016 13:20
0
glaxuna,ჩემო კარგო,შემთხვევით არ ხდება,რომ ყოველთვის ჩვენ გამოვდივართ დამარცხებულები,ვითომ ყოველთვის მსაჯების ბრალია ყველაფერი და თანაც ბავშვური შეცდომებს მხოლოდ ჩვენ უშვებთ,არა ჩემო კარგო სამწუხაროდ ეს ასე არაა,აქ სხვარამეშია საქმე და მე ეს ყველაფერი ჩემი კომპენტეციის ფარგლებში ავხსენი,არ მისმენთ,არ იზიარებთ ჩემს შეხედულებებს,კი ბატონო თქვენი ნებაა,მაგრამ განმეორებით მატჩში ჩერნოგორიაში იგივე განმეორდება და თანაც უარესი,მე ეს არ მინდა,რომ ასე მოხდეს,მაგრამ სიმართლე მწარეა და უნდა ვაღიაროთ,გეთანხმები 6-ი კალათბურთელის გარდა ყველა ტურისტია,მაგრამ მწვრთნელმა ისე უნდა გადაანაწილო შესაძლებლობები,რომ გამოინახოს ძალა მატჩის მოსაგებად,ეს არი ს მწვრთნელის მოვალეობა,აბა ჯეიმსები თუ გყავს გუნდში მაშინ რაპრობლემაა,სხვათაშორის არც მონტენეგროს ჰყავდა ჯეიმსები,მაგრამ მოგვიგო,რაც შეეხება ჭიდაობას და კალათბურთს,კი ბატონო ჭიდაობა სხვა რამაა,ის ინდივიდუალური სპორტის სახეობაა და კალათბურთი გუნდური და სხვა,მაგრამ მე მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ,ყველას და ყველაფერს უნდა გადაახტე,თუ იქნება საჭირო მსაჟებსაც უნდა მოუგო და ფიბასა-ც და სხვებსაც,მაგრამ სახლში მონტენეგროს უნდა მოუგო,ამაში მეორე აზრი არარსებობს,ეს გუნდი ხომ არ არის ესპანეთი,საფრანგეთი,საბერძნეთი,სერბეთი და სხვა გაცილებით ძლიერი ნაკრებები,მხლოდ და მხოლოდ მონტენეგროა და სხვა არაფერი,თუმცაღა იმ გუნდებსაც თანასწორად უნდა ეთამაშო და ზოგიერთებს უნდა მოუგო კიდევაც,რომელებიც მე ჩამოვთვალე,ასეთია ცხოვრება,დიდი ბრძოლის გარეშე არაფერი არ მოდის.ჩვენს ქვეყანას კალათბურთში კარგი თაობა ჰყავს,აგერ უკვე რამდენი წელია გვანებივრებენ კარი მატჩებით და მინდა,რომ ეს ბიჭები გამოყენებული იყვნენ მაქსიმალურად,კარგი გაგებით ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შედეგის მისაღწევად.მერწმუნეთ მთავარი მაინც ტაბლოა,შედეგი.
roma
08 სექტემბერი 2016 12:56
0

სიახლეები პოპულარული