ევრობასკეტი 2017: აგვირჩევს რომელიმე მასპინძელი?

AutoSharing Option
2015 წლიდან ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ ფიბა-მ სიახლე დანერგა - ჯგუფების მასპინძელ ოთხ ნაკრებს პარტნიორ ქვეყნებს არჩევინებს, რომლებიც მათთან ერთ ჯგუფში თამაშობენ.

ტურნირის წილისყრა 22 ნოემბერს თურქეთში გაიმართება, თუმცა მანამდე იმ ოთხი ქვეყნის ვინაობას შევიტყობთ, რომლებიც ევრობასკეტის მასპინძლების პარტნიორები იქნებიან. პირველი ასეთი ქვეყანა ცნობილია: ფინეთში ისლანდია ითამაშებს, რადგან ფინეთის კალათბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ვის აირჩევენ თურქეთი, ისრაელი და რუმინეთი? ამ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას ვესაუბრეთ.

"პარტნიორი ქვეყნების არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსებს. მასპინძლები ისეთ
გუნდებს მიიწვევენ, რომლებსაც ბევრი გულშემატკივარი ჩაჰყვება. შესაბამისად, ქვეყანა მეტ შემოსავალს ნახავს. ფინელებმა კარგად იციან, რომ ისლანდიელ ქომაგებს ჰელსინკში სტუმრობა გაუიოლდებათ. ამიტომაც აირჩიეს კუნძულელები", - გვითხრა ბოისამ.

ისრაელი და თურქეთი გეოგრაფიულად საქართველოსთან ახლოს არიან, ჩვენს ნაკრებს ამ ქვეყნებში ბევრი გულშემატკივარიც წაჰყვება, თუმცა მაინც ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ რომელიმე მასპინძელი პარტნიორად საქართველოს დაასახელებს.

"ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ვილაპარაკოთ, თუმცა ვფიქრობ, თურქეთი ან ისრაელი რუსეთს აირჩევს. ამ ქვეყანას ბევრი ქომაგი ჩაჰყვება ტურისტად.

რაც შეეხება რუმინეთს, მასთან ძალიან ახლოსაა ლიტვა. გემახსოვრებათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას საფრანგეთში ძალიან ბევრი ლიტველი იყო. მათ კალათბურთი უყვართ და ასეთი გუნდის სტუმრობა ყველა მასპინძლისთვის სასიამოვნო და შემოსავლიანია".

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი, წინამორბედის მსგავსად, ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ: ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი. ჯგუფებიდან პლეი ოფში გასული 16 ნაკრები თავს თურქეთში მოიყრის, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

სწორედ ეს სისტემა იყო ევრობასკეტი 2015-ზე, როცა ხორვატიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლეს, ხოლო პლეი ოფში გასულებმა თავი საფრანგეთში მოიყარეს. საქართველომ მაშინ ხორვატიის ჯგუფი დაძლია და მერვედფინალური შეხვედრა საფრანგეთში, ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2017-ზე შესარჩევი ჯგუფის პირველი ადგილიდან გავიდა და მომავალ წილისყრაზე, სადაც ნაკრებები სიძლიერის მიხედვით იქნებიან განთესილნი, დიდი ალბათობით, მე-4 კალათაში იქნება. მანამდე კი კიდევ 3 ქვეყანას - თურქეთს, ისრაელს და რუმინეთს ჰყავთ დასასახელებელი ის ქვეყნები, რომლებსაც პარტნიორად აირჩევენ და საკუთარ ქვეჯგუფში წილისყრამდე მოათავსებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორს სკოლაში გეოგრაფიაში 2-ნი გამოყვა?))
Walkabout
10:09 12-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული