შაბათს დიდი შანსი იყო ქართული დუელი გვენახა - მარკოიშვილის "კანტუს" მერაბ ბოქოლიშვილის "აველინო" დაუპირისპირდა. მწვრთნელმა მერაბი განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ თამაშში არ ჩართო.
მანუჩარი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და იტალიელი ჟურნალისტებიც აღნიშნავენ, რომ "კანტუს" დიდი იმპულსი შესძინა. პირველი პერიოდის დასრულებას ერთი წუთი უკლდა, როცა მანუჩარმა 4 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით
მარკოიშვილმა 17 წუთში 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და ამდენივე პასი მიითვალა. მისი თამაში გამოცემა "ბასკეტნეტმა" 6.5 ბალით შეაფასა. "კანტუს" გუნდურ თამაშზე ისიც მიუთითებს, რომ 10-ქულიან ბარიერს 6 კალათბურთელი ასცდა. გრინმა და ლეუნენმა ყველაზე მეტი - 16-16 ქულა ჩააგდეს.
"აველინოს" რიგებში პირველ ტაიმში უშეცდომო იყო ბელგიის ნაკრების უკანახაზელი დიმიტრი ლაუერსი (რომელსაც ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად იცნობს, თებერვლის დასაწყისში ინტერვიუ შემოგთავაზეთ) - 3-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. თუმცა მეორე ტაიმში სიზუსტემ მასაც უმტყუნა: სულ 8-დან 4 სამიანი ჩააგდო და 14 ქულას გამორჩა. საინტერესოა, რომ "კანტუს" მაისურით მოთამაშე კიდევ ერთმა ბელგიელმა ჯონათან ტაბუმაც 14 ქულა მიითვალა. ასე რომ, ბელგიის ნაკრებთან ქართველ უკანახაზელებს დიდი ყურადღება მართებთ...
"აველინოს" მწვრთნელმა ფრანჩესკო ვიტუჩიმ მოკლედ თქვა - კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სადღეისოდ "კანტუსთან" კონკურენცია არ შეგვიძლია. მასპინძელთა თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ კი, აღნიშნა:
- ჩვენს უშუალო კონკურენტ "აველინოს" ორივე მატჩი მოვუგეთ. მისია შესრულებულია. ახლა სხვა მეტოქეებზე უნდა ვიფიქროთ.
შაბათის მატჩის შემდეგ "კანტუ" სატურნირო ცხრილში მესამედან მეორე ადგილზე ავიდა.
.