ბალტიის ლიგაზე გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი "ნევეჟისთან" 55:81 დათმო. ეს შეხვედრა ლიტველებისთვის პლეი ოფში მოხვედრის საკითხს წყვეტდა, "როკისთვის" - არაფერს. ესტონელები წაგების შემთხვევაშიც მესამე ადგილზე დარჩებოდნენ. ასეთი განწყობა თამაშზეც აისახა და გაიმარჯვა იმან, ვისაც მოგება მეტად სჭირდებოდა.
ლიტვაში ტარტუელებს არ გაჰყოლიათ გიორგი ცინცაძე. როგორც აღმოჩნდა, სპორტსმენს ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა: ვაჟი შეეძინა, რასაც გულითადად ვულოცავთ.
რადგან ვთქვით - "როკმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარაო, აქვე განმარტებაა საჭირო: პლეი ოფში ექვსი ბალტიური გუნდი გავიდა, რომლებსაც ორი "ვეშაპი"
დაემატა, "ჟალგირისი" და "რიტასი". რადგან ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზე აღმოჩნდა, მეოთხედფინალში ორი გრანდი ასცდა, თუმცა ნახევარფინალში მოსახვედრად მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდება - ლატვიის "ვენტსპილსს" გადაეყარა. სერია ორ მოგებამდეა და პირველი მატჩი ლატვიაში 11 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის: "ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგაზე საუკეთესო შედეგი ორი წლის წინათ უჩვენა - მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ "როკერთა" ღირსებას ცინცაძესთან ერთად ვიქტორ სანიკიძე იცავდა.
.