"ოლიმპია" ტოპ-ოთხეულში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგაზე ბოლო ორი ტური აღმაფრენით ჩაატარა და ტოპ-ოთხეულის (რეგულარული ეტაპიდან სწორედ ოთხი გადის) საგზურის მაძიებელი ორი გუნდი გზიდან ჩამოიცილა: ჯერ ჩერნოგორიაში "ბუდუჩნოსტს" სძლია, კვირას კი ხორვატიაში "ზაგრები" დაამარცხა - 89:85.

მიუხედავად იმისა, რომ შერმადინს ჩვეული ეფექტურობით არ უთამაშია, მწვრთნელი მას ბოლო წუთებზეც ენდო (მეხუთე ფოლი ბოლო წამებზე მიიღო). გიორგის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 16 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 5 მოხსნა.

"ოლიმპიას" გამოცდილმა ქართველმა ვლადიმერ ბოისამ 4 წუთი ითამაშა.

რეგულარული ეტაპის დამთავრებამდე სამი
ტურით ადრე "ოლიმპიას" 15 მოგება აქვს (8 მარცხი) და "პარტიზანთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. სლოვენიელებს ოთხეულში მოხვედრა განაღდებული აქვთ - სადღეისოდ მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფი "ზაგრები" და "ბუდუჩნოსტი" (13-13 მოგება) "ოლიმპიას" საბოლოოდ ვერ გადაასწრებენ, რადგან მათთან ლიუბლიანელებს დადებითი ბალანსი აქვთ.

"ოლიმპია" მომდევნო შეხვედრას 8 მარტს ჩეხურ "ნიმბურკთან" ჩაატარებს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული