"თუ ვინმე თვლის, რომ ეს რიცხვი თარსია, ასეც იფიქროს. თარსი მეტოქეთათვის იყოს, რადგან 13 ზურგზე მაწერია და ისინი უკეთესად ხედავენ", - გვითხრა ვიქტორმა.
ჰოდა, იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში სანიკიძე "მონტეგრანაროსთვის" ორმაგად თარსი იყო - "ვირტუსის" მე-13 ნომერმა 13 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა მიამატა. ვიქტორი პირველ ტაიმში თანაგუნდელებზე თამაშობდა (მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო), გადამწყვეტ მომენტში კი ჩვეულად ითამა... უფრო სწორად, ჩვეულად იფრინა და "ვირტუსს" მე-12 მატჩი მოაგებინა. იტალიურ "ბასკეტნეტში" მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური ჰქონდა
იქვე ქართველი ფორვარდის გარჯა 7 ბალითაა შეფასებული (ყველაზე მაღალი მატჩში): "სანიკიძე ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო, 13 ქულა ჩააგდო, ხოლო მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 22-ს უწია. ვიქტორი რიგ ეპიზოდში გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებდა, რათა სწრაფად წარემართა თავისი გუნდის შეტევები. სანიკიძემ "მონტეგრანაროს" ინიციატივის აღების საშუალება არ მისცა და თანაგუნდელებს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა."
უფრო კონკრეტულად: სანიკიძემ მეორე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა, მესამე პერიოდში 9 ქულა ჩააგდო და მეოთხე რაუნდის წინ "ვირტუსი" 54:50 დააწინაურა. მატჩის ბოლოს მასპინძლებმა სხვაობა ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო წამებზე ორქულიანი ააცილეს, რომელიც სანიკიძემ მოხსნა და ორი ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა. საბოლოო წერტილი მისი ორი ზუსტი საჯარიმო გამოდგა - 75:72.
21 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 12 მოგება აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. 15 გამარჯვებით მეორეა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", რომელზეც გუშინდელ ნომერში მოგითხრეთ.
მომდევნო ტურტში, 20 მარტს "კანტუ" "კასერტას" უმასპინძლებს, "ვირტუსი" - "ვარეზეს". მანამდე 13 მარტს იტალიის ვარსკვლავთა მატჩია, რომელშიც სანიკიძე ჩატენვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
.
საწყენად თუ არ დაგრჩებათ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით არასწორია გამოთქმა "13 ქულა ჩააგდო". ჩაგდებით ბურთს აგდებენ, ხოლო ქულასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას "მოიპოვა, დააგროვა, მოუყარა თავი და ა.შ."