მწვრთნელს შეუძლია როგორც აგაყვავოს, ისე დაგღუპოს

AutoSharing Option
მკითხველს მოეხსენება, რომ ნიკა ცქიტიშვილმა ბასკურ "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი მარტში გაწყვიტა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ინდივიდუალურად ემზადება.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ნიკას სპორტის სასახლეში შევხვდით და ინტერვიუ ჩავწერეთ. ვისაუბრეთ როგორც "ლაგუნ აროზე", ასევე საქართველოს ნაკრებსა და მის მეტოქეებზე.

- სკიტასა და "ლაგუნ აროსთვის" სეზონი მეტად არათანაბარი გამოდგა...
- ჩემპიონატი შესანიშნავად დავიწყეთ. "ლაგუნ აროს" ესპანეთის პირველობაზე მსგავსი სტარტი აქამდე არ ჰქონია. მეც სასტარტო ხუთეულში ვიყავი და ბოლო წუთებზე გადამწყვეტი ტყორცნების შესრულებაც მიწევდა. თუმცა, მიუხევადად იმისა, რომ გუნდი წარმატებით თამაშობდა,
მწვრთნელმა რატომღაც სათამაშო დრო შემიმცირა.

- რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?
- ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, პაბლო ლასომ ერთი-ორი მატჩის არასათანადო დონეზე ჩატარება ვერ მაპატია. მადრიდის "რეალთან" 17 წუთში თავი ვერ გამოვიჩინე (იმ დღეს სიცხე მქონდა), ხოლო "ვალენსიასთან" 9 წუთში ქულა ვერ ჩავაგდე. ამ ორი შეხვედრის მერე მწვრთნელი სხვა თვალით მიყურებდა. შანსს სხვებს აძლევდა, მიუხედავად იმისა, დაუშვებდნენ შეცდომებს თუ - არა. მე კი არაფერს მპატიობდა. არადა, სეზონის დასაწყისშიც მქონდა შეცდომები, მაგრამ მაშინ მწვრთნელი მენდობოდა და გუნდისთვის დიდი სარგებელი მომქონდა.

- იანვარში იყო ორი მატჩი, რომლებშიც საერთოდ არ გითამაშია. მას მერე შენი კომენტარები გამოქვეყნდა ესპანურ პრესაში.
- არ მინდოდა ამ საკითხზე საჯაროდ მელაპარაკა. საბოლოოდ მდგომარეობა თითქოს გამოსწორდა: მწვრთნელმა პაბლო ლასომ რადენიმე კალათბურთელი დაგვიბარა და გვითხრა - რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ისეთივე თვითრწმენა დაგიბრუნდეთ, როგორიც სეზონის დასაწყისშიო. ვთხოვე დამშვიდებულიყო, ყოველი აცილებული ტყორცნის შემდეგ არ შევეცვალე და ვუთხარი - ყველა მატჩს თანაბრად მაღალ დონეზე რომ ვატარებდე, ახლა NBA-ში ვიქნებოდი-მეთქი. ვფიქრობ, ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია როგორც აგაყვაოს, ასევე - დაგღუპოს.

- ლასოსთან საქმიანი ლაპარაკის შემდეგ სათამაშო დროც გაგეზარდა და შედეგიანობამაც იმატა...
- "კახასოლთან" 20 წუთში 12 ქულა ჩავაგდე, ხოლო "მენორკასთან" 16 წუთში ასევე 12 ქულას მოვუყარე თავი და რაც მთავარია: ბოლო წამებზე ჩაგდებული საჯარიმოების წყალობით მეტოქე დავამარცხეთ. მეგონა, ყველაფერი გამოსწორდა-მეთქი, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ისევ 6 წუთი მერგო... მწვრთნელმა ჩემი ხასიათი ახსენა. არადა ნამდვილად ბევრს ვმუშაობდი, ვცდილობდი და ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ალბათ იმას, 6 თვის კუთვნილი ხელფასი რომ მოვითხოვე...

- იტალიური "ტერამოს" ამბავი მახსენდება: სეზონის დასაწყისში გუნდის ლიდერი იყავი, სეზონის ბოლოს კი თამაში თითქმის არ გიწევდა...
- გუნდში რომ მიწვევენ, თავიდან ყველას დიდი მოლოდინი აქვს... შეიძლება ამანაც დამღუპა. თუნდაც NBA-ში გადასვლის ამბავი ავიღოთ: ყველა ნოვიცკისა და გასოლს მადარებდა. თუმცა, არ ითვალისწინებდნენ, რომ ნიჭიერება ბევრს არ წყვეტს, თუ ევროპაში თამაშის სათანადო გამოცდილება არ გაქვს. მაგალითად, მანუ ჯინობილი გამოდგება, რომელიც ამერიკაში მას მერე წავიდა, რაც ევროპაში უმაღლესი დონის კალათბურთი ითამაშა.

- თვლი, რომ NBA-ში ნაადრევად წახვედი?
- ასე იყო, მაგრამ ძნელია უარის თქმა ისეთ შეთავაზებაზე, როგორიც "დენვერისგან" მივიღე. ასეთ დროს ნებისმიერ კალათბურთელს თვითდაჯერება შეემატება და ირწმუნებს, რომ შეძლებს იმედების გამართლებას. "დენვერში" ჩემი 8-10 ქულა ისე არ ფასობდა, როგორც დრაფტის მეორე რაუნდში არჩეული რომელიმე კალათბურთელისა. მათგან ყველაფერი უკვირდათ, ჩემგან კი მაშინვე შედეგს ელოდნენ. არადა, მუშაობა მჭირდებოდა...

- დავუბრუნდეთ "ლაგუნ აროს". გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები როგორ ხვდებოდნენ მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
- გუნდს კარგი ქომაგი ჰყავდა. თამაშისას გვამხნევებდნენ და არაერთხელ შეუძახიათ, ცქიტიშვილი შეიყვანეთო... კლუბის ხელმძღვანელობასთან კი იდეალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. თუმცა მწვრთნელის უნდობლობის გამო "ლაგუნ აროს" დატოვება მაინც მომიწია.

- არასაკალათბურთო თემაზე გკითხავ: თუ აღმოაჩინე რამე მსგავსება ქართველებსა და ბასკებს შორის...
- ყველა ამბობს, ჩვენი წინაპრები აქ კავკასიიდან მოვიდნენო, მაგრამ არავინ იცის, როდის დასახლდნენ ბასკეთში. ენის მსგავსებებზე ვერაფერს ვიტყვი, სამაგიეროდ, ბასკური კერძები ჰგავს ქართულს - ძალიან უყვართ ცხარე საკვები.

- საქართველოს ნაკრების ყველა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ესპანეთში მოიყარა თავი. მათთან სანაკრებო თემაზე, ალბათ, შენც საუბრობდი.
- ყველას აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი. შარშან შემონდ უილიამსს შევხვდი, ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლაო. ტაირონ ელისს წლეულს რამდენჯერმე შევხვდი. მანაც მითხრა - თუ დამიძახებენ, ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარო. მას გუნდის მოტივირება კარგად ეხერხება, მშვენიერი მსროლელი და დაცვაში შეუვალია. ტორინ გრინს მეორე ნომრადაც შეუძლია თამაში და გამთამაშებლადაც. ისიც მზადაა და ქუინტონ ჰოსლიმაც მითხრა - ამ ზაფხულს ჩამოვდივარო...

- საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან ერთი, დომენ ლორბეკი "აგუნ აროში" თამაშობს.
- ენდი პანკოსა და ჯიმი ბარონთან ერთად ლორბეკი გუნდის ლიდერია, კარგ ფორმაშია. ის და მისი ძმა ერაზემი გასულ წელს სლოვენიის ნაკრებს ვერ დაეხმარნენ, დომენს ფეხი აწუხებდა. თუმცა, ევრო-2011-ზე თამაშს აპირებენ. ჩემი აზრით, სლოვენია არათუ ჩვენს ჯგუფში, ევროპის ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

- "ბილბაოს" ბელგიელი ფორვადრის აქსელ ერველეს წინააღმდეგ არაერთხელ მოგიწია თამაში...
- იგი მაღალი დონის ფორვარდია. ყველაფერი შეუძლია, მრავალმხრივი კალათბურთელია.

- NBA-ში თამაშისას რუს ანდრეი კირილენკოსთან კარგი ურთიერთობა გქონდა.
- ანდრეი დადებითი პიროვნებაა. რაც ამერიკიდან წამოვედი, ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, მაგრამ მენეჯერს ჩემთან მოკითხვას ყოველთვის აბარებს ხოლმე. ევრობასკეტზე რუსეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და საინტერესო იქნება კირილენკოსთან კიდევ ერთხელ შეხვედრა.

- სეზონის ბოლომდე ინდივიდუალურად ივარჯიშებ?
- ასეა. ახალ კლუბზე ზაფხულიდან ვიზრუნებ, რადგან სადღეისოდ ყველა გუნდი ჩემპიონატშია ჩართული და სამომავლო გეგმები ჯერ არ შეუდგენია. ვფიქრობ, მომავალი კლუბის ვინაობას ზაფხულის მეორე ნახევარში გავარკვევ. თუმცა, მენეჯერმა მომწერა - კარგი ამბები მაქვსო...

- კერძოდ?
- არ დაუკონკრეტებია. მეც მაინტერესებს.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული