19 წლის ქართველის 19 ქულა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "პეპინსტერში" მოთამაშე თორნიკე შენგელიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 19 წლის ქართველის 19 ქულის წყალობით "პეპინსტერმა" სტუმრად "გენტი" დაამარცხა, ხოლო თავად შენგელიამ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ევრო-2011-ზე საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
***
ახლა უფრო კონკრეტულად. პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "პეპინსტერისთვის" რეგულარული ეტაპის ბოლოსწინა ტურში "გენტის" დამარცხება აუცილებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის რანგში "გენტი" თამაშობდა, პეპინსტერელებმა (რომელთა სასტარტო ხუთეულში შენგელიაც მოხვდა) თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და საწყისი მეოთხედი 22:9 მოიგეს. მეორე-მესამე ათწუთეულებში სტუმრები უპირატესობას ინარჩუნებდნენ,
თუმცა მეოთხე რაუნდის ბოლოს "გენტის" კალათბურთელებმა ძალები მოიკრიბეს და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. როგორც ბელგიური გაზეთები წერენ, გადამწყვეტ მომენტში შენგელიასა და ენტონი ჩადას საჯარიმოებისას ხელი არ აჰკანკალებიათ და "პეპინსტერს" 74:64 მოეგებინეს.

მარგი ქმედების კოეფიციენტიც (28) მოწმობს, რომ ახალგაზრდა ქართველი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო. ამ კომპონენტში 20-ს თორნიკეს გარდა ვერც ერთი მოთამაშე ასცდა. შენგელიას გასწვრივ ოქმში ვკითხულობთ: 38 წუთი, 10-დან 3 ორქულიანი, 15-დან 13 საჯარიმო, 19 ქულა, 11 მოხსნა (ყველა დაცვაში), 2 ჩაჭრა, 1 ფოლი, 3 შეცდომა. მასზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ორმაგ დუბლს გამორჩა რაშუან ფრიმენი - 16 ქულა, 15 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო.


***
ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში 6 გუნდი გადის. ხუთს ეს საკითხი დადებითად აქვს გადაჭრილი. დარჩენილია ერთი ადგილი, რომლისთვისაც "პეპინსტერი"' და "ლუვენი" იბრძვიან. პირველს 11 მოგება (20 მარცხი) აქვს და მე-7 ადგიზეა, ხოლო "ლუვენი" 12 გამარჯვებით მეექვსეა.

რეგულარული ეტაპის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური, რომელშიც ერთმანეთის წინაშე სწორედ კონკურენტები წარდგებიან - "პეპინსტერი" "ლუვენს" უმასპინძლებს. მატჩი 14 მაისს გაიმართება. მეტოქის ჩამოსაცილებლად და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად "პეპინსტერს" 2 და მეტი ქულით გამარჯვება სჭირდება.

***
ამასობაში ბელგიურ პრესაში გავრცელდა იქაური ლიგის ხელმძღვანელის ნაუბარი - "პეპინსტერი" ლიცენზირებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს (იგულისხმება ფინანსური გარანტიები) და შესაძლოა, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება არ მივცეთო. "პეპინსტერის" ხელმძღვანელობას საპირისპიროს დასამტკიცებლად და გარანტიების წარსადგენად 5 დღე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი იქნება მსგავს ინტერვიუებს თუ უფრო მეტს ჩაწერთ სხვადასხვა სპორტსმენებთან. კარგია რომ მუდმივად სიახლეებს გვთავაზობთ
მკითხველი
15:10 02-11-2018
0
ძალიან კარგი ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელია თორნიკე შენგელია, მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სათანადო ორგანოებმა, იგი თავის სიტყვას კალათბურთში კიდევ ბევრჯერ იტყვის
manana
13:16 13-05-2011
0

სიახლეები პოპულარული