"კანტუმ" "ვარეზე" ჩააკნატუნა

AutoSharing Option
გუშინ ღამით დაიწყო იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფი. შთამბეჭდავად ითამაშეს "კანტუმა" და "დინამომ". პირველმა შინ "ვარეზეს" 78:53 მოუგო, მეორემ სტუმრად "მილანს" სძლია - 71:70.

საშუალება მქონდა "კანტუ"-"ვარეზეს" დაპირისპირებისთვის პირდაპირ ეთერში მიმედევნებინა თვალი. ნამდვილად არ მეგონა, თუ მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი მეტოქეს ასეთ დღეს დააწევდა. თუმცა, როგორც ჩანს, "კანტუს" თავკაცი ანდრეა ტრინჩიერი იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად შემთხვევით არ დაუსახელებიათ. მისი გუნდი შვეიცარიული საათის გამართული მექანიზმივით მუშაობს... თუმცა, სისწრაფეში საათსაც უსწრებს.

"კანტუ" იმდენად გააზრებულად თამაშობდა შეტევაში, რომ ვარეზელები დაცვაში შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ.
ხოლო ვიდრე სტუმრები იერიშზე გადავიდოდნენ, კანტუელებს მტკიცე დაცვა გამზადებული ჰქონდათ.

მანუჩარმა გუნდი სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერა, 22 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14-14 ქულა მიითვალეს მაძარინომ და მიკოვმა. "ვარეზეს" რიგებში 10 ქულას მხოლოდ სტიპჩევიჩი ასცდა (14).

თვალშისაცემია კანტუელთა შორეული ტყორცნების რეალიზების მაჩვენებელი - 12-დან 8 სამიანი (66.7%). მასპინძლებმა მეტოქეს მოხსნებშიც გვარიანად აჯობეს - 41:29.

მეოთხედფინალური სერიის (სამ მოგებამდეა) მეორე მატჩი ისევ კანტუში 20 მაისს გაიმართება. დღეს კი ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" "მონტეპასკის" ეწვევა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის "აველინო" "ბენეტონს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული