"კანტუმ" სერია A-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც წააგო. ეს დასაწერად იოლია, სინამდვილეში კი მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სიენას "მონტეპასკი" გვარიანად ანერვიულეს. მათ მეორე პერიოდში "ფორმულა 1-ის სისწრაფე" განავითარეს, ბურთი შეტევისას კარგად დაატრიალეს, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს და 41:35 დაწინაურდნენ. "კანტუ" გაცილებით დიდ უპირატესობას მოიპოვებდა მეტოქედ "მონტეპასკის" ნაცვლად იტალიის ჩემპიონატის რომელიმე სხვა გუნდი რომ ჰყოლოდა. სიენელებსაც არანაკლებ აწყობილი გუნდი ჰყავთ, შემთხვევითი როდია მათი მწვრთნელი სიმონე პიანიჯანი იტალიის ნაკრების თავკაცად რომ მუშაობს.
დიდი შესვენების შემდეგ "მონტეპასკიმ" თამაშის ტემპის დაგდება მოახერხა, შესაძლოა, კანტუელები
ცოტა დაიღალნენ კიდეც. ასეა თუ ისე, შედარებით მშვიდ თამაშში უპირატესობა კლასით მაღალმა მასპინძლებმა მოიპოვეს - სიენელები მაღალი სიზუსტით ისროდნენ. შედეგად მესამე პერიოდში 10-ქულიან სხვაობას მიაღწიეს, ბოლო რაუნდში უპირატესობა უფრო განავრცეს.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთი ითამაშა. მას მეტი დრო ერგებოდა, სამი ფოლი პირველივე ტაიმში რომ არ მიეღო. მანუმ 9 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მარკო სეკიჩს "კანტუს" ბომბარდირობისთვის 12 ქულაც ეყო. ყველაზე მეტი კი "მონტეპასკის" ლიტველმა მეფარემ კშიშტოფ ლავრინოვიჩმა ჩააგდო - 16.
სერიის მესამე მატჩი კანტუში 15 ივნისს გაიმართება.