ფერდა ზაზაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია ყურადღების ცენტრში 2010-11 წლების NBA-ს პლეი ოფებისასაც მოექცა. მისი დახმარებით "ატლანტა ჰოქსმა" მერვედფინალიდან დუაით ჰოვარდის "ორლანდო მეჯიქი" გამოაგდო, ხოლო მომდევნო ეტაპზე "ჩიკაგო ბულსთან" ღირსეულად დამარცხდა.

ზაზამ გულიანი თამაშით "ატლანტას" ჟურნალ "360"-ის თავფურცელზე მთავარი ადგილი დაიმსახურა (თუმცა მწვრთნელ ლარი დრიუს ვერ დააჯერა რომ, სასტარტო ხუთეულშიც იმსახურებდა ადგილს). ჟურნალის მე-18 გვერდზე ფაჩულიას შესახებ საინტერესო სტატიაა, რომლის ავტორი ტომ ფერდა შორიდან უვლის...

"თბილისი მე-5 საუკუნეში დაარსდა. იგი საქართველოს დედაქალაქია, უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა
ცნობილია თავისი მტკიცე ხასიათით. ამ მშვენიერ, მთაგორიან რეგიონში, რომელიც სსრ კავშირის ნაწილი იყო, დაიბადა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

საინტერესოა, როგორ იქცა საქართველოში გაზრდილი ფაჩულია ატლანტაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენად? ან როგორ გადააბიჯა თბილისის ქვებით მოკირწყლული ქუჩებიდან საკალათბურთო მოედანზე?

ამერიკელი ახალგაზრდები კოლეჯების ლიგაში თავის გამოჩენით ცდილობენ NBA-ს გუნდების ყურადღების მიპყრობას. ზაზამ სხვა გზით იარა.

- თბილისში, თურქულ სკოლაში ვსწავლობდი, როცა თურქეთის ნაკრები ჩვენს ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ ჩამოვიდა და ჩემს სასწავლებელსაც ეწვია. 14 წლისა ვიყავი, სკოლის ეზოში კალათბურთს ვთამაშობდი. თურქი მწვრთნელები დაინტერესდნენ და სასწავლებლის დირექტორს ჩემი ვინაობა გამოჰკითხეს. შემდეგ ჩემთანაც მოვიდნენ და თურქეთში სათამაშოდ გადასვლა შემომთავაზეს, - იხსენებს ზაზა.

საქმის მშობლებთან განხილვის შემდეგ ზაზამ გადაწყვიტა, რომ დრო იყო მეგობრებს გამომშვიდობებოდა და პროფესიული კარიერისთვის სერიოზულად მიეხედა, რაც ოცნების ახდენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.

- ზუსტად ერთ კვირაში, 1998 წლის თებერვალში სტამბოლში ჩავედი, - განაგრძობს ზაზა, - ჩემი მშობლები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ამიტომ, თურქეთშიც კარგად ვსწავლობდი, თუმცა ამ ქვეყანაში ჩასვლის მთავარი მიზანი კალათბურთი იყო.

3,5 მილიონიანი საქართველოდან 8-მილიონიან სტამბოლში გადასვლამ ახალგაზრდა ფაჩულიას ცნობიერებაში ერთგვარი კულტურული შოკი გამოიწვია, თუმცა სხვა გზა არ იყო, ახალ გარემოსაც უნდა შეგუებოდა, ენაც უნდა დაეხვეწა და ხალხთან ურთიერთობებიც სათანადოდ აეწყო.

მალე იგი "ულქერში" ჩაირიცხა. უფროსი ასაკის კალათბურთელებთან უწევდა გამოსვლა, იდაყვების მოშველიებითა და მეტისმეტი მონდომების წყალობით კარგად უმკლავდებოდა მათ. სათამაშო დროის მატებასთან ერთად ზაზა კვალიფიკაციასაც იმაღლებდა და სტატისტიკასაც დღითი-დღე იუმჯობესებდა. მან "ულქერის" მაისურა ადრეულ ასაკში მოირგო და სტამბოლელებს 4 წელი ემსახურა. ქართველმა "ულქერში" 73 მატჩი ჩაატარა და გუნდს პრეზიდენტის თასის მოგებაში ორჯერ დაეხმარა (2001 და 2002 წლებში).

ზაზას ყოველთვის გვერდში ედგა დედა, მარინა.

- დედაჩემიც კალათბურთელი იყო. ამიტომ, სპორტის ამ სახეობას ჩვენი ოჯახი დიდ პატივს სცემდა. მის გარდა კიდევ არაერთი ადამიანი იყო, ვინც პატარაობიდან მეხმარებოდა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც სპორტის #1 სახეობა ფეხბურთია. თუმცა, როცა სხვა თანატოლებზე ერთი თავით მაღალი ხარ და შენს გენებში კალათბურთია, ფეხბურთზე წინ სპორტის "ტანმაღალ სახეობას" დააყენებ, როგორც ეს ზაზამ გააკეთა. მაგრამ მხოლოდ მის ოჯახში როდი იყო კალათბურთი პოპულარული - საქართველოს ხომ მდიდარი საკალათბურთო ტრადიციები აქვს:

- სპორტის ეს სახეობა საქართველოში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 60-იან წლებში თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებები ჰქონდა, ხოლო სსრ კავშირის ნაკრებში არაერთი ქართველი ასპარეზობდა, რომლებიც ყოველწლიურად სხვადასხვა სიმაღლეს იპყრობდნენ, - მოკლე ისტორიული ექსკურსის ავტორიც ფაჩულიაა.

13 წლის ზაზა 2 მეტრი სიმაღლისა იყო. ამჟამად 212 სმ-ია. საინტერესოა, რა ასაკში მოიმატა ყველაზე მეტად?

- არ მქონია პერიოდი, სიმაღლეში სწრაფად მომემატებინოს. ნელ-ნელა ვიზრდებოდი, თუმცა ყოველთვის სხვა თანატოლებზე მაღალი ვიყავი. სიმაღლე გენეტიკურად მაქვს, მშობლებისგან.

ჰოდა, ტანმაღალი ქართველი NBA-ს სკაუტებმა ადრეულ ასაკში შენიშნეს. ისინი ამბობდნენ: თურქეთში თამაშობს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც გამოარჩევს თამაშის აგრესუილი სტილი, ფიზიკური სიძლიერე და ფარქვეშიდან სროლის სიზუსტე ("ულქერში" 2002-03 წლების სეზონში საშუალოდ 9.4 ქულას აგროვებდა, თამაშიდან 57.5 პროცენტიანი სიზუსტით ისროდა). სკაუტთა შეფასებებზე დაყრდნობით 2003 წლის დრაფტზე ფაჩულია "ორლანდო მეჯიქმა" 42-ე ნომრად აიყვანა. შედეგად 19 წლის ზაზა საქართველოში დაბადებული მეოთხე კალათბურთელი იყო, ვინც NBA-მდე მიაღწია (სტეფანიას, ცაკალიდისისა და ცქიტიშვილის შემდეგ).

"ორლანდოსა" და "მილუოკიში" გატარებული არცთუ ეფექტური ორი სეზონის შემდეგ ზაზა "ატლანტაში" ჩაირიცხა და პირველივე სეზონში სასტარტო ცენტრად იქცა. 2005-06 წლების სეზონში იგი საშუალოდ 11.7 ქულასა და 7.9 მოხსნას აგროვებდა (78 მატჩში). ჯორჯიის შტატში გატარებული 5 წლის განმავლობაში ზაზამ ფანებში დიდი პატივისცემა, ხოლო თანაგუნდელებში მებრძოლის რეპუტაცია დაიმსახურა. მის შეუპოვრობას არაერთხელ აღუფრთოვანებია "ატლატას" ქომაგი, ისე როგორც 2008 წლის პლეი ოფში - ფაჩულიამ ბოსტონელ კევინ გარნეტთან რომ იჩხუბა.

მომდევნო წელს, თვალჩალურჯებულმა ქართველმა "ჰოქსის" რეკორდი დაამყარა: "მაიამისთან" 12 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა და "ატლანტას" გასვლით საპლეიოფო მატჩებში 12-წლიანი წაგებათა სერია შეაწყვეტინა. მისი ბრძოლოსუნარიანობა თანაგუნდელებსაც გადაედოთ და "ატლანტამ" "მაიამის" ბარიერი დაძლია.

ზაზა მოედნის მიღმაც საინტერესოა. ცნობილია მისი მისწრაფება გემრიელი კერძებისა და მოდისადმი. ამ საკითხებში ღრმად ჩახედულობის გამო ზაზა ჟურნალ "ჰუპსის" სტილისტ-რედაქტორად მიიწვიეს. იგი რესტორნის მფლობელიცაა: დაწესებულებას, რომელიც გემრიელი კერძებითაა ცნობილი, თავიდან "ენო" ერქვა, თუმცა ზაზამ სახელი შეუცვალა - "5th Street Cafe".


ზაზა ფაჩულია
დაიბადა: 10.02.1984
სიმაღლე: 211 სმ.
წონა: 127 კგ.
კარიერა
1999-2003 ულქერი (თურქეთი)
2003-04 ორლანდო (NBA, 42 ნომერი დრაფტზე)
2004-05 მილუოკი (NBA)
2005-11 ატლანტა (NBA)
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმრავლოს საქართველოს ზაზა ფაჩულიასნაირი სასახელო, ვაჟკაცი სულის მქონე კალათბურთელები!!!
რუსი
11:17 16-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული