მაშინ შეიძლება, მანუჩარის გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარი იყო, მაგრამ დღეს აშკარაა - მან სწორი ნაბიჯი გადადგა: დარჩა იმ მწვრთნელთან (ანდრეა ტრინჩიერი), რომელიც მას ბოლომდე ენდობოდა და რომელმაც ისეთი გუნდი შეკრა, "მონტეპასკის" ფინალურ სერიაში ღირსეულ წინააღმდეგობას რომ უწევს.
შეიძლება სერიის მესამე მატჩის შემდეგ სიენელთა მწვრთნელმა სიმონე პიანიჯანიმ ინანა კიდეც, რომ მარკოიშვილი თავისთან არ წაიყვანა, თუმცა ფაქტია - შეხვედრის ბოლოს მანუჩარი იყო მთავარი ფიგურა, რომელმაც "მონტეპასკის" ძლევა განაპირობა. "კანტუმ" 80:71 იმარჯვა
მატჩის საწყის 30 წუთში მანუჩარის ანგარიშზე მხოლოდ ორი ქულა იყო, მოედანზე კი 13 წუთი ჰქონდა გატარებული. ეს მწვრთნელის ჩანაფიქრი გამოდგა: რადგან მეოთხე პერიოდამდე "კანტუს" ძალიან არ გასჭირვებია, მარკოიშვილს დასვენების საშუალება მისცა, რათა ბოლო წუთებისთვის ენერგია შერჩენოდა.
ტრინჩიერის ჩანაფიქრმა გაამართლა: მანუმ მეოთხე პერიოდში 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. იტალიურ გამოცემა "ბასკეტნეტში" ვკითხულობთ: "ბოლო წუთებზე დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკ გრინი. მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ მარკოიშვილის დაფარება მატჩის საკვანძო ეპიზოდად მონათლა."
ქართველი უკანახაზელი მეოთხე პერიოდში ურუგვაელი ნიკოლას მაძარინოს ნაცვლად 35-ე წუთზე შევიდა. იმ მომენტისთვის კანტუელები 62:57-ს იგებდნენ. კშიშტოფ ლავრინოვიჩმა ორქულიანით სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მომდევნო ეპიზოდში კი ბო მაკალების იერიში მარკოიშვილმა ეფექტური დაფარებით შეაჩერა. მწვრთნელმა ზემოთ სწორედ ეს დაფარება მიიჩნია გადამწყვეტ მომენტად. ალბათ იმიტომ, რომ "კანტუს" კალათბურთელებმა მეტედ ირწმუნეს - "მონტეპასკის" შეჩერება ისევე შესაძლებელი იყო, როგორც იმ მომენტში მაკალებისა.
მომდევნო შეტევებში სიენელებს ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ და პერიმეტრიდან სცადეს ხეირის ნახვა. მოსმა და კარარეტომ სამქულიანები გამოიყენეს, თუმცა მანამდე გრინსა და მანუს 4 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული და 37-ე წუთისთვის "კანტუ" მინიმალურ უპირატესობას ინარჩუნებდა - 66:65. ჩვენი აზრით, დაფარებაზე მეტად მნიშვნელოვანი მანუჩარის შორეული გასროლა იყო: 38-ე წუთზე სამქულიანით სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა (69:65), რასაც ვლადიმირ მიკოვის სამიანი მოჰყვა და მასპინძლებმა 7-ქულიანი ფორა მოიპოვეს. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო ორ წუთში მანუმ და კომპანიამ ბოლომდე იბრძოლეს და 80:71 გამარჯვება დაიმსახურეს.
მარკოიშვილმა (18 წუთი ითამაშა) მატჩი 7 ქულით, 4-4 მოხსნა-ჩაჭრით, 1 დაფარებით და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბოლო წუთებზე შესრულებული პასი მანუსთვის სერია A-ში მეასე იყო. მასზე ექვსჯერ დაჯარიმდნენ. ქართველმა სულ ექვსჯერ ისროლა: 2-2 ორქულიანიდან და სამიანიდან თითო ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია. "კანტუს" მხრიდან ბომბარდირთა დავაში ვლადიმირ მიკოვი, ნიკოლას მაძარინო და მაიკ გრინი ჩამწკრივდნენ: პირველმა 14 ქულა ჩააგდო, მეორემ - 15, მესამემ - 16.
ისევე როგორც წინა შეხვედრებში მატჩის ბომბარდირობა "მონტეპასკის" ლიტველმა მეფარემ, კშიშტოფ ლავრინოვიჩმა არავის დაუთმო.
- დაბალანსებული მატჩი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კანტუში გამარჯვება იოლი არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა. კანტუელთა მთავარი პლუსი გადამწყვეტ მომენტში დამაჯერებელი თამაშია - სწორედ ასეთ დროს თავი კარგად ვერ დავიცავით და საკუთარ კალათში არაერთი ქულა მივიღეთ, - თქვა "მონტეპასკის" თავკაცმა სიმონე პიანიჯანიმ.
ანდრეა ტრინჩიერიმ აღნიშნა:
- ენერგია მატჩის პირველი წუთებიდან ბოლომდე კარგად გამოვიზოგეთ. შეიძლება ტიტული ვერ მოვიგოთ, მაგრამ ეს გამარჯვება არასოდეს დაგვავიწყდება - ორწლიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ ისეთ კონდიციებს, რამაც იტალიური გრანდის "მონტეპასკის" ძლევა განაპირობა. ბურთი 22-ჯერ დავკარგეთ, მაგრამ ეს შედეგზე არ აისახა, იმიტომ რომ ძალიან მოვინდომეთ. ახლა მთავარია, მომდევნო მატჩამდე ძალის აღდგენა მოვასწროთ.
"კანტუ"-"მონტეპასკის" ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 17 ივნისს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"