ტუღუში ბარსელონაშია და ელის...

AutoSharing Option
გუშინ შევიტყვეთ მეტად სასიამოვნო ამბავი - საქართველოს 2010-11 წლების სეზონის ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე მინიმუმ 6 მატჩის ჩატარება მოუწევს (სამის შინ, სამის სტუმრად).

თუ გუნდი საუკეთესო ორეულში მოხვდა და მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა, კიდევ ექვსი მატჩი უნდა ითამაშოს... ცხადია, შეჯიბრების ორგანიზატორთა მიერ "არმიის" ჯგუფში განთესვამ ძალოვანთა კლუბის ხელმძღვანელობაც გაახარა. აი, რა გვითხრა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა, რომელიც უკვე ბარსელონაშია:

- ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპიდან დაწყება ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდი წარმატებაცაა, რადგან შეჯიბრების ორგანიზატორებმა ოთხ ძლიერ რუსულ კლუბზე წინ დაგვაყენეს. ცხადია, მხოლოდ განთესვა საქმეს არ შველის, ჩვენც ამით არ დავკმაყოფილდებით, ვეცდებით წარმატებით გამოვიდეთ პირველ ეტაპზე და ბრძოლა მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გავაგრძელოთ. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.

მწვრთნელი ტუღუში და "არმიის" პრეზიდენტი იოსებ გაბრიჩიძე ბარსელონაში ჩასვლამდე სლოვენიას სტუმრობდნენ, სადაც კოტეს ძველი ნაცნობები ჰყავს. იგი 2000-2002 წლებში "სლოვანის" ღირსებას იცავდა. საინტერესოა, რა იყო ქართველთა სლოვენიაში ვიზიტის მიზანი.

- იქ არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომელთა მიზანი ძირითადად გუნდის შემადგენლობის სათანადო რესურსით შევსება იყო. ჯერ კონკრეტულად არაფერი გარკვეულა და ამიტომ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ერთი უნდა აღინიშნოს - ლოვენიაში ვიზიტი მეტად სასარგებლო გამოდგა. ხვალ (7 ივლისს) გაირკვევა "არმიის" მეტოქეთა ვინაობა და შემადგენლობის გაძლიერებაზეც მას მერე ვიმუშავებთ აქტიურად.

გუშინვე შევიტყვეთ, რომ "სოხუმის" მხრიდან ევროჩელენჯის წილისყრას დაესწრება გუნდის ლატვიელი თავკაცი აინარს ბაგაცკისი, რომეიც ესპანურ ბარსელონაში რიგიდან ჩავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული