გიგა კვეტენაძე - სერბეთი ან "სამედიცინო"

AutoSharing Option
ივნისში ვწერდით, რომ ორი ქართველი კალათბურთელი, გიგა კვეტენაძე და ლევან სულაბერიძე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ორთვიან კემპში მონაწილეობენ. მათთან ერთად ბალკანეთში არაერთი ქვეყნის კალათბურთელები არიან შეკრებილნი და კემპის დასრულების შემდეგ სხვადასხვა კლუბიები მათთვის საინტერესო მოთამაშეებს აიყვანენ.

მსურველები უკვე გამოუჩნდნენ გიგა კვეტენაძეს, რომელიც სერბი სპეციალისტის გორან სტეფანოვიჩის ხელმძღვანელობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. სწორედ ამ მწვრთნელმა გაუწია რეკომენდაცია გიგას რამდენიმე სერბულ კლუბში.

როგორც კალათბურთელის მამამ გელა კვეტენაძემ გვითხრა, კემპის დასრულების შემდეგ გიგა, სავარაუდოდ, სამ კლუბში გაივლის წვრთნას: უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "მეგა ვიზურაში", რომელიც გასულ სეზონში
მერვე ადგილზე გავიდა; პირველლიგელებში "სპარტაკსა" და "სტუდენტში".

თუმცა უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ კვეტენაძე მომავალ სეზონს მაინც საქართველოში დაიწყებს. იგი აქამდე "სოხუმის" ღირსებას იცავდა, მომავალი სეზონისთვის კი "სამედიცინოს" დაემატება.

გუშინ სერბეთში დავუკავშირდით მწვრთნელ გორან სტეფანოვიჩს, რომელმაც ქართველ კალათბურთელებზეც ილაპარაკა და ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო. აი, რა თქვა გიგა კვეტენაძის შესახებ:

- იგი ნიჭიერი კალათბურთელია და შეუძლია მაღალი დონის მსფუბუქ ფორვარდად ჩამოყალიბდეს. კარგი ნახტომიც აქვს, სიმაღლეც და სროლის სიზუსტითაც გამოირჩევა, თუმცა ამ კომპონენტებზე ახლაც ბევრს ვმუშაობთ. გიგას რამდენიმე კლუბში გავუწიე რეკომენდაცია, რომელთაგან უმეტესობა სერბულია, თუმცა არის ჩერნოგორიული და ბოსნიური გუნდებიც.

ბატონმა გორანმა ლევან სულაბერიძეზეც ილაპარაკა:

- იგი წინახაზელია. ბევრს მუშაობს და გიგასთან ერთად წვრთნის დასაწყისიდან დღემდე სერიოზული პროგრესი განიცადა.
სერბმა სპეციალისტმა ისიც გვითხრა, რომ კემპის მონაწილეების სატრანსფერო საკითხები აგვისტოს შუაში გაირკვევა.
გორან სტეფანოვიჩს საქართველოს ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვის შესახებაც ვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, იგი კოკოშკოვს კარგად იცნობს.

- იგორთან ერთად ბელგრადის "პარტიზანში" ვმუშაობდი. მაშინვე ეტყობოდა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში ბევრს მიაღწევდა. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები იგორ კოკოშკოვს უკავშირდება. ძალიან მაინტერესებს ევროპის ჩემპიონატზე თქვენი გუნდის ხილვა. იმედია, იქაც წარმატებით გამოხვალთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული